"ხელისუფლებამ ძალიან უნდა იფრთხილოს" - რა ქმნის საქართველოში ევროსკეპტიციზმის გაღვივების საფრთხეს?! - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებამ ძალიან უნდა იფრთხილოს" - რა ქმნის საქართველოში ევროსკეპტიციზმის გაღვივების საფრთხეს?!

"პოლიტიკური კარიერა ოპონენტის მისამართით უწმაწური სიტყვების კორიანტელით არ უნდა იქმნდებოდეს"

"ქართველმა პოლიტიკოსებმა საზოგადოებას რიგის სამიტის მიმართ გადამეტებული მოლოდინები შეუქმნეს

რატომ ვერ მიიღო საქართველომ კონკრეტული შედეგი რიგის სამიტზე და რა  გზავნილი ჩამოიტანა მთავრობამ ევროპის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, ამასთანავ, კარგავს თუ არა ქვეყანა დასავლეთში პოზიციებს? -  ქვეყნის საგარეო კურსს ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი, ბრიუსელის დიპლომატიისა და პროტოკოლის სკოლის მრჩეველი, თეონა ლავრელაშვილი აფასებს:

- ფაქტია, რიგის სამიტზე ქართული მხარის ვიზა-ლიბერალიზიციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიღწეული წარმატება ერთხმად აღიარეს, თუმცა ისიც ღიად აღინიშნა, რომ კონკრეტული შედეგი მხოლოდ ტექნიკურ სამუშაოებზე არ არის დამოკიდებული. ეს პოლიტიკური ნების ნაწილია, რომელიც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, საქართველომ ვერ მიიღო. იმასაც ვერ გავექცევით, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა იდეურად არსებობს, თუმცა რეალობაში მისი განხორციელება საკმაოდ შორეული გახდა. ამას ჩვენი ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ან არ, ან ვერ ეგუება და მოსახლებაში გადამეტებულ მოლოდინებს ქმნის. ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ძალიან უნდა იფრთხილოს, რადგან ეს საბოლოოდ ევროსკეპტიციზმის გაღვივებამდე მიგვიყვანს.

- ანუ, გამოდის, რიგის სამიტის მიმართ გადამეტებული მოლოდინი თავად შევქმენით და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც, რომ საქართველოს მიმართ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რეალობას მოკლებულია?

- რა თქმა უნდა, საზოგადოებას შეუქმნეს გადამეტებული მოლოდინი, რომ სამიტიდან მთავრობა უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას ჩამოიტანდა, არადა, ბიუროკრატიული პროცესის გამო, ამ ვადაში ეს ტექნიკურადაც კი შეუძლებელი იყო. პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარიც მცდარია. არ ვამბობ, რომ უვიზო მიმოსვლის უფლების მოპოვება საქართველოსთვის შეუძლებელია, მაგრამ საზოგადოებასთან სხვა პოლიტიკური კომუნიკაციაა საჭირო. უნდა გავიაზროთ, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე მოთმინება, მიზანდასახულობა, შრომისმოყვრეობაა აუცილებელი და არა მოქარგული სიტყვებით ლაპარაკი, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური ქულების ჩაწერას ემსახურება. დღეს, სამწუხაროდ, ბევრ პოლიტიკოსს ისევ სჯერა ან თავს გვაჩვენებს, რომ თითქოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მხოლოდ თბილისში წყდება. რა თქმა უნდა, ტექნიკური მხარის შესრულება აუცილებელია, თუმცა ეს ერთადერთი წინაპირობა არ გახლავთ. ამ შემთხვევაში გეოპოლიტიკური ფაქტორები და დიდი სახელმწიფოების ინტერესები ერთვება. ევროკავშირი კი, როგორც "რბილი ძალა" ცდილობს ფრთხილი პოლიტიკა გაატაროს და რუსეთი არ გააღიზიანოს. ევროპამ იცის, რომ თუ მას თამაშის წესებში არ აყვება, სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუმცა მეორე მხრივ, არც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოტივაციის დაკარგვა უნდა. საქართველომ ამ გზაზე ნებისყოფა უნდა გამოიჩინოს.

- ამასობაში, ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ქვეყანა დასავლეთში პოზიციებს კარგავს. მათი ეს განცხადება უსაფუძვლოა?

- საქართველო ევროპულ გზაზე სვლას აგრძელებს, მაგრამ ოპოზიციის შეხედულება გასაზიარებელია იმ ნაწილში, რომ საქართველოს დიპლომატიას პროაქტიული მიდგომა აკლია. ეს არამხოლოდ ევროპის სამთავრობო წრეებში, არამედ სამოქალაქო საზოგადოების დონეზეც თვალსაჩინოა. მართალია, რომ საქართველომ დასავლეთის კურსს გადაუხვია ან, ქართველებს ევრაზიულ კავშირში შესვლა რეალურად სურთ? - ამ კითხვებს რიგითი მოქალაქეები კი არა, წამყვანი ევროპული პარტიების წარმომადგენლები გვისვამენ. სამწუხაროდ, ბრიუსელის გავლენიან წრეებშიც ცალსახად ამბობენ, რომ საქართველოს მათთან მეტი კომუნიკაცია სჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ დაქირავებული ლობისტები გვჭირდება, რომელთა მიზნები ფინანსურ სარგებელს არ სცდება, არამედ უშუალოდ ქართველი პროფესიონალების მუშაობა, რომ საქართველოს ინტერესები ევროპის დღის წესრიგში მუდმივად ისმოდეს.

- საზოგადოებაში რიგის სამიტმა გარკვეული ნიჰილიზმი გამოიწვია. ხომ არ გაჩნდა საფრთხე, რომ დასავლეთის ფრთხილი პოლიტიკის ფონზე, საქართველოში საგარეო კურსის შეცვლას თავად ხალხი მოითხოვს?

- ვფიქრობ, შექმნილი ნიჰილიზმი კიდევ უფრო გამძაფრდება, რადგან ევროკავშირი რუსეთის მიმრთ ფრთხილ პოლიტიკას მომავალშიც აქტურად გააგრძელებს. ამ რეალობაზე თბილისში კარგად იციან, თუმცა ყოველგვარი პოლიტიკური თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნისაგარეშე, ქართველი პოლიტიკოსები ჯიუტად აგრძელებენ არარეალური განცხადებების გავრცელებას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ევრაზიულ კავშირს ევროკავშირში შესვლას ამჯობინებს, გადაჭარბებული მოლიდინების ფონზე საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის ნიშნები უკვე შეიმჩნევა.

- მითუმეტეს, ქვეყანაში რუსული პროპაგანდაც გააქტიურდა. რას აკეთებს ამის საწინააღმდეგოდ საქართველოს ხელისუფლება?

- არაფერს, გარდა იმის აღნიშვნისა, რომ რუსეთმა საქართველოს ევროკაშირიში გაწევრიანება საფრთხედ არ უნდა აღიქვას. სიმართლე გითხრათ, ამ ვერსიას პირადად მე სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან უახლოეს და საშუალოვადიან პერსპექტივაში რუსეთი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შეცვლას არ აპირებს. მეტიც, ის გავლენის ზრდასა და ევრაზიული კავშირის გაძლიერებას მომავალში კიდევ უფრო აქტიურად შეეცდება. პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა ისიც უნდა გაიაზროს, რომ ევროპული პარტიები მთავარ პარტნიორად საქართველოს განიხილავენ და არა რომელიმე ცალკე აღებულ პოლიტიკურ ძალას. აუცილებელია პოლიტიკის გაჯანსაღებაც. საქართველოში პოლიტიკური კარიერა ოპონენტის მისამართით უწმაწური სიტყვების კორიანტელით არ უნდა იქმნდებოდეს. ეს მოსახლეობაში პოლიტიკისადმი სულ უფრო მეტ სკეპტიციზმს გამოიწვევს - სულ უფრო ნაკლები ადამიანი მივა არჩევნებზე და შედეგად მივიღებთ არა მხოლოდ დემოკრატიული ლეგიტიმაციის კრიზისს, არამედ ერთსა და იმავე სახეებს, კლანურ მმართველობებს... ვიმედოვნებ, რომ მომავალი თაობა ამ გამოწვევებს ნათლად აცნობიერებს და აუცილებლად მოხდება პოლიტიკის გაჯანსაღება, სადაც ამომავალი წერტილი იქნება ქართველი ერის კეთილდღეობა და არა ვიწრო პარტიული პრაგმატული ინტერესები.

რუსუდან შელია