"მეც ვიცი ხელისუფლებაში მოკალათებული "ზონდერების" ვინაობა" - კვირის პალიტრა

"მეც ვიცი ხელისუფლებაში მოკალათებული "ზონდერების" ვინაობა"

"ხელისუფლება ირაკლი კორძაიას ისე მოექცა, როგორც თავის დროზე იქცეოდა "ნაციონალური მოძრაობა"

"ჩვენ უკვე 3 წელია ერთად არ ვცხოვრობთ - თუმცა ბავშვს ერთად ვზრდით, ვმეგობრობთ და პატივს ვცემთ ერთმანეთს. მაგრამ, ჩვენ დღეს და ხვალ ერთად არ ვცხოვრობთ და აქედან გამომდინარე ვერანაირ გავლენას ვერ ვახდენთ ერთმანეთზე - მითუმეტეს სამუშაოზე. ასე რომ მინდა ყველა ჩემს მეგობარს ვუთხრა - ის, რაც ანას პროფესიონალურად ეხება - მე არანაირად არ მეხება - მითუმეტეს დღეს." - განაცხადა ამ რამდენიმე დღის წინ თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა დოლიძის, როგორც ირკვევა, უკვე ყოფილმა ქმარმა, მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ და იქვე დასძინა: "მე ამ ხელისუფლებას ვუპირისპირდები - არ მომწონს ეს ზონდერების თავშესაფარი დღეს."

ვის გულისხმობს ზონდერებში ამას ირაკლი კაკაბაძისგან შევიტყობთ:

- მას შემდეგ რაც ჟურნალისტი ირაკლი კორძაია იძულებული გახადეს, რომ საქართელოდან წასულიყო, გადავწყვიტე, ეს განცხადება ირაკლისადმი სოლიდარობის გამოსახატად გამეკეთებინა. მოგეხსენებათ, ირაკლი პირდაპირ ამბობდა, რომ ზონდერები ისევ ხელისუფლებაში არიან და სწორედ ეს ვიგულისხმე მეც. ირაკლიმ ყველას სახელი და გვარი იცი და ძალიან სამწუხაროა, რომ შესაბამისი უწყებები ამით არ ინტერესდებიან

- შეგიძლიათ დაასახელოთ "ზონდერების" გვარები?

- მეც ვიცი ხელისუფლებაში მოკალათებული "ზონდერების" ვინაობა, მაგრამ ვინაიდან ირაკლი კორძაიამ დაიწყო ამ თემაზე ლაპარაკი, უმჯობესია, თუ ის გააკეთებს ამ განცხადებას. მე ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. სხვათა შორის, ირაკლის საქართელოდან წასვლა, მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არაა. ხელისუფლება ირაკლი კორძაიას ისე მოექცა, როგორც თავის დროზე იქცეოდა "ნაციონალური მოძრაობა". ხელისფლება იმ ნაბიჯებს დგამს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რასაც "ნაციონალური მოძრაობას" დგამდა.

- "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა ოთხმა დეპუტატმა, რა შეფასებას მისცემდით მათ ამ გადაწყვეტილებას?

- ამ პარტიის არც ერთ წევრზე არ ვფიქრობ (ან რატომ უნდა ვიფიქრო "ნაციონალებზე?!) და შესაბამისად, ვერავითარ შეფასებას ვერ მივცემ. გარშემო უამრავი საფიქრალია და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე ფიქრით დაღლა არ ვაპირებ, სადაც უნდა წასულან...

- ექსპერტები ხშირად უსვამენ ხაზს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებულ დაპირისპირებას...

- გიორგი მარგველაშვილი ჩემი მეგობარია, მაგრამ თითქმის 2 წელია მასთან ახლო ურთიერთობა არ მქონია. მხოლოდ ეპიზოდურად შევხვდით რამდენჯერმე, და მაშინაც ამ თემაზე ნამდვილად არ გვისაუბრია, თვითონ რომ ეთქვა რამე, აუცილებლად გეტყოდით.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)