"ვფიქრობ, მაგათი წასვლის ამბავი სააკაშვილისთვის უსიამოვნო სიურპრიზი იყო" - კვირის პალიტრა

"ვფიქრობ, მაგათი წასვლის ამბავი სააკაშვილისთვის უსიამოვნო სიურპრიზი იყო"

"ბოლო ორი წელია, "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის ნგრევის სურვილით შეპყრობილი ადამიანების ერთობაა"

"სააკაშვილისთვის ბერია სათაყვანებელი პოლიტიკური ფიგურაა"

კვირის მთავარი თემა, ისევ გოგა ხაჩიძის, პალიკო კუბლაშვილის, ზურაბ ჯაფარიძის და გიორგი მელაძის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებაა. რამ გამოიწვია ოთხეულის ეს გადაწყვეტილება და იცოდა, თუ არა ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა, ამაზე კომენტარი არასამთავრობო ორგანიზაცია" ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფოსათვის" ხელმძღვანელს ლალი მოროშკინას ვთხოვეთ:

- ვიდრე "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსულ ოთხეულზე ვიტყოდე რამეს, მინდა ჩამოვთვალო ის მთავარი შეცდომები, რომელიც ამ პარტიას 2012 წლის ოქტომბრის მერე ჰქონდა. პირველი შეცდომა იყო ის რომ, მათ არ აღიარეს დაშვებული შეცდომები. არ აღიარება და არ გააზრება იმისა, რასაც ისინი სჩადიოდნენ, იყო ძალიან დიდი შეცდომა. გერმანია რომ ისე მოქცეულიყო მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, როგორც "ნაციონალური მოძრაობა" ანუ არ ეღიარებინათ საკუთარი შეცდომები, დღეს ის გერმანია არ იქნებოდა რაც არის. დიახ, ტერიტორიულად ის იქნებოდა ევროპის ნაწილი, მაგრამ არა ასეთი ძლიერი და ჭეშმარიტად ევროპული ფასეულობიებით. მათ არათუ აღიარეს ის, რომ ებრაელებს გეონციდი მოუწყვეს და სხვ. დანაშაულები, არამედ დღემდე სინანულს განიცდიან ამის გამო. "ნაციონალური მოძრაობის" მეორე შეცდომა ის იყო, რომ მათ ვერ დათრგუნეს აგრესია და აგრესიული ტონი. არ შეიძლება ქვეყანას ესაუბრო ასეთი ტონით, რადგან ნებისმიერი აგრესია შობს ახალ აგრესიას. მესამე და მიუტევებელი შეცდომა იყო, ზნეობრივი სტანდარტების არ ქონა, რომლის არ ქონაც ყოველთვის უზნეობას წარმოშობს. დიდი შეცდომა იყო ისიც, რომ როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" შეიქმნა, გაერთიანება მოხდა არა იდეის, არამედ ძალიან დიდი ფულის და თან სააკაშვილის ტირანული მიდრეკილებების გარშემო. ის ოთხეული რომელიც გამოეყო პარტიას ცდილობს, სწორედ ამ შეცდომებს გაემიჯნოს. არ გეგონოთ რომ ისინი სულელები არიან, მათ კარგად აქვთ გააზრებული ეს შეცდომები, მაგრამ მათ სააკაშვილისაგან ვერ მიიღეს პასუხი, რომ შეძლებდა თუ არა პარტია შეცდომების აღიარებას. ბოლო ორი წელია, "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის ნგრევის სურვილით შეპყრობილი ადამიანების ერთობაა. მიუხედავად პარტიიდან წამოსვლისა, ეს ოთხეული მაინც იგივე იდეოლოგიის მატარებელია, შესაბამისად, მათი პორტირება ნორმალურ სამოქალაქო სივრცეში შეუძლებელია.

- ვიცი, რომ სააკაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობაში" გაწევრება არაერთხელ შემოგთავაზათ...

- როგორც სააკაშვილთან ყველაზე დაახლოებულ პირს, 2002 წელს ერთ-ერთ პირველს შემომთავაზეს პარტიაში გაწევრიანება და შემდეგ მინისტრის პორტფელიც, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან ვიცოდი საკაშვილი როგორც აპირებდა ქვეყნის მართვას. ის არ მალავდა ე.წ. სამხრეთ ოსეთში მილიტარისტულ კამპანიას რომ აპირებდა, ასევე აპირებდა ხმაურიან დაჭერებს, ცნობილი ადამიანების ციხეში ჩაყრას და ა.შ. მე ამ ყველაფერზე ვთქვი უარი და 2008 წლამდე არანაირი ურთიერთობა აღარ გვქონია. 2008 წელსაც მეთიუ ბრაიზასთან ერთად მოახერხა ჩემთან შეხვედრა და მთხოვა, მის გვერდით დავმდგარიყავი. მას დიდი პრობლემები ჰქონდა კონფლიქტურ რეგიონებში და სწორედ კონფლიქტების კუთხით მუშაობა შემომთავაზა, მაშინ ვუთხარი, თუ არ აღიარებ, რომ შენი საკადრო პოლიტიკა იყო არასწორი, შენს გვერდით ვერ ვიდგები-მეთქი.

- სააკაშვილისთვის რამდენად მისაღები იქნებოდა ოთხეულის ეს გადაწყვეტილება?

- იმ შეცდომების აღიარება, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, სააკაშვილისათვის მიუღებელია. ის ისევ იმ ჩვენებას ემხრობა, რომ ტირანიაა მართვის სწორი ფორმა. სწორედ ტირანიის რეჟიმში ჰყავდა მას ადამიანები. შეგახსენებთ, რომ 320 000 ათასი მსჯავრდებული იყო საქართველოში. მე მქონდა საშუალება საპატიმროში შევსულიყავი ხოლმე და პატიმრები საკნიდან გამოსვლას ვერ ბედავდნენ და თუ მაინც გამოვიდოდნენ, გამოდიდოდნენ როგორც ტყვეები. ქვეყანამ, საკუთარი მოქალაქე, რომელიც უკვე დასჯილია ასეთ მდგომარეობაში არ უნდა ჩააგდოს, მაგრამ სააკაშვილს პირადად ჩემთვის არაერთხელ უთქვამს, ადამიანი დაჩაგრული უნდა იყოს და წელში უნდა გყავდეს გადატეხილი რომ მართოო. ქვეყნის მართვისადმი სააკაშვილის მიდგომა იყო უმთავრესი მიზეზი იმისა, რატომაც არ გავხდი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი. ის არასოდეს მალავდა და ხმამაღლა ლაპარაკობდა შემდეგი ფრაზებით: ხალხი უნდა გააბრუო კონცერტებით, დაიჭირო, დაჩაგრო ინტელიგენცია და სხვ. ქვეყნის მართვა სურდა ისე, როგორც მართავდა ლავრენტი ბერია, სააკაშვილისთვის ბერია სათაყვანებელი პოლიტიკური ფიგურაა.

- როგორ ფიქრობთ, ამ ოთხეულის გადაწყვეტილება წინასწარ თუ იცოდა სააკაშვილმა?

- ვფიქრობ, მაგათი წასვლის ამბავი სააკაშვილისთვის უსიამოვნო სიურპრიზი იყო, ვერ იფიქრებდა, რომ მსგავსი რამ ასე მალე მოხდებოდა, სავარაუდოდ, გადაირეოდა. ამ ოთხ ადამიანს და ალბათ ზოგიერთ სხვასაც, ვინც ჯერ არ წამოსულან, კარგად ესმით, რომ პოლიტიკური ცხოვრების გასაგრძელებლად საჭიროა აგრესიული ფონის შერბილება...

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)