ოდესის გუბერნატორობა - "განეიტრალება" თუ დაწინაურება?! - რა ხდება სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის?! - კვირის პალიტრა

ოდესის გუბერნატორობა - "განეიტრალება" თუ დაწინაურება?! - რა ხდება სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის?!

მიხეილს სააკაშვილი: მე მიყვარს ოდესა!

"სადაც სააკაშვილი ჩნდება, იქ რუსეთს ტერიტორია მიაქვს, სამწუხაროდ, ჩვენ საქართველოშიც გვაქვს ასეთი ფაქტები"

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს სიმღერას ოდესაზე, წარწერით: მე მიყვარს ოდესა! რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ის შეთავაზებულ ოდესის გუბერნატორობას ბედნიერი ხვდება, თუმცა ეს მისთვის დაწინაურება იქნება თუ "განეიტრალება" ჯერ კიდევ საკითხავია. მისი შესაძლო გუბერანტორობის თაობაზე ინფორმაცია უკრაინულ პრესაში გუშინ გამოჩნდა, როგორც ადგილობრივი მედია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ახალ გუბერნატორს დღეს წარადგენენ. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩეველია რეფორმების საკითხებში.

ყოფილი დეპუტატი, უკრაინის ექსპრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს პოლიტიკური კონსულტანტი, ირაკლი გოგავა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ასე აფასებს:

- საქმე ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილსა და პეტრე პოროშენკოს შორის დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სააკაშვილმა პოროშენკოსა და მაკკეინთან შეუთანხმებლად, დაასახელა მაკკეინი საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრად. ამის გამო, პოროშენკოს ამერიკელებისგან სერიოზული პრობლემები შეექმნა, რაც აისახა კიდეც პოროშენკოსა და სააკაშვილის ურთიერთობაზე. სააკაშვილს კლიჩკოსთან გაცილებით ადრე დაეძაბა ურთიერთობა და ამ ფონზე კიევის პოლიტიკურმა ელიტამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სააკაშვილი ცენტრს მოაშორონ.

- საზოგადოების ერთი ნაწილის შეფასებით, - ოდესის ოლქის გუბერნატორობა იმ პირობებში, როდესაც შენარჩუნებულია პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელის პოზიცია, მიხეილ სააკაშვილის გამორჩეულ გავლენაზე მიუთითებს, მით უფრო, რომ ოდესა უკრაინის უდიდესი საზღვაო პორტია...

- ეს სიტუაცია იგორ კოლომეისკიმ დაახლოებით ასეთი ფრაზით შეაფასა, - სადაც სააკაშვილი ჩნდება, იქ რუსეთს ტერიტორია მიაქვს, სამწუხაროდ, ჩვენ საქართველოშიც გვაქვს ასეთი ფაქტები. თუ ის საბოლოოდ გაფორმდება ამ პოსტზე, ეს ცასლახად მისი ცენტრიდან გადასახლებას ნიშნავს. ახლა ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში არის ახალი გუბერნატორის წარდგენა დანიშნული. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მისაღებია ეს პროცესები, რადგან პირველ რიგში, კიევის ცენტრალურ ხელისუფლებაზე ნაკლები გავლენა ექნება სააკშვილს და შესაბამისად, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს ნაკლებად ავნებს. ამას გარდა, გუნერნატორად დანიშვნის შემთხვევაში, მან საქართველოს მოქალაქრობა უნდა დატოვოს და უკრაინის მოქალაქე უნდა გახდეს, ეს კი ნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეს ჩამოშორდება და შესაბამისად, პოლიტიკურ საქმიანობასაც შეწყვეტს. ეს კი "ნაციონალური მოძარობის" გეგმაზომიერ დაშლას ნიშნავს.

- რაც შეეხება თავად ოდესას და ზოგადად უკრაინას, როგორ აისახება მისი დანიშვნა ამ ოლქზე?

- ეს ფაქტი უნდა გავნიხილოთ როგორც სააკაშვილის უკრაინული კარიერის დასასრულის დასაწყისი, იქ ახლა უმძიმესი ვითარებაა, რომლის შესახებაც ნაკლები იწერება. ოდესაში რუსეთის სპეცსამსახურები ძალიან აქტიურად და სერიოზულად მუშაობენ, - კონკრეტულად, ქალაქ ოდესაში რუსული განწყობა ძალიან ძლიერია, თუმცა, მთლიან ოლქში პროუკრაინული განწყობა ჭარბობს. სააკაშვილი კი, რბილად რომ ვთქვათ, კარგი დიპლომატი არ არის და მისთვის ამ ოლქის მართვა საკამოდ რთული იქნება. ასე რომ, შეიძლება თქვას, მიხეილ სააკშვილის გავლენა ნაბიჯ-ნაბიჯ ასუსტებენ და მას, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის შემდეგ, ოდესიდანაც მოუწევს წასვლა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)