"არ მსმენია რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი ეთქვას" - კვირის პალიტრა

"არ მსმენია რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი ეთქვას"

"არც ის მგონია, რომ საკუთარ ეროვნულ ღირსებაზე უარის მთქმელი კაცი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ღირსებას შეიფერებს და უერთგულებს... მაგრამ ეს უკვე უკრაინის პრობლემაა."

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მწერალი, დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის თაობაზე "ფეისბუქგვერდზე" წერს:

"საქართველოს პირველი პრეზიდენტი - ნოე ჟორდანია 1953 წელს ისე გარდაიცვალა საფრანგეთში, რომ არა თუ უარი არ უთქვამს საქართველოს მოქალაქეობაზე, რომელიც მაშინ უკვე აღარ არსებობდა და არც თხოვდა ამის გაკეთებას ვინმე - საფრანგეთის მოქალაქეობაც კი არ მიუღია, მეორე პრეზიდენტმა საკუთარ სამშობლოში დევნილმა - ზვიად გამსახურდიამ ასევე ტრაგიკულად დაამთავრა სიცოცხლე... მესამე ედუარდ შევარდნაძე, მიუხედავად იმისა რომ არანაირი გარანტია არ ჰქონდა, შუა რევოლუციის დროს მშვიდად "წავიდა სახლში " და წლების განმავლობაში ფანჯრების წინ " შევარდნაძე სატანასა" ძახილში დალია სული ... მე მართლა, არ მსმენია რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი ეთქვას სხვა ქვეყნის სამსახურში ჩადგომის გამო... საერთოდ ყოფილი პრეზიდენტები არ არსებობენ, ისინი ამ ტიტულს სიკვდილამდე ატარებენ როგორც ქვეყნის მოქალაქისთვის სამშობლოს სამსახურის ღირსების ყველაზე მაღალ ნიშანს, მაგრამ კაცი, რომელიც ამ მოქალაქეობაზე უარს ამბობს, ჩემი აზრით უარს ამბობს ამ ღირსებაზეც, ამიტომ მე პირადად სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტად აღარასდროს აღარ მოვიხსენიებ - ის დღეს მართლაც ყოფილ პრეზიდენტად იქცა. არც ის მგონია, რომ საკუთარ ეროვნულ ღირსებაზე უარის მთქმელი კაცი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ღირსებას შეიფერებს და უერთგულებს... მაგრამ ეს უკვე უკრაინის პრობლემაა. ჩემი აზრით, ეს ძალიან სამარცხვინო და უნიკალური პრეცედენტია. ამას ყველაფერს ამ ახლადგამომცხვარი უკრაინელი ჩინოვნიკის პერსონის მიმართ ჩემი ყოველგვარი შესაძლო სუბიექტური დამოკიდებულების მიუხედავად ვწერ."

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, მანამდე კი უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, რაც ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას ნიშნავს."ოდესა მთელი შავი ზღვის დედაქალაქი უნდა გახდეს." - განაცხადა სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობაზე წარდგენისას.