"ისევ აპირებენ თავის მოკლე ჭკუით ჩემს დაჭერას, საქართველოში ვერ ჩავდივარ, მოქალაქე ვარ თუ - არა, ეს ამას არ ცვლის" - კვირის პალიტრა

"ისევ აპირებენ თავის მოკლე ჭკუით ჩემს დაჭერას, საქართველოში ვერ ჩავდივარ, მოქალაქე ვარ თუ - არა, ეს ამას არ ცვლის"

"მოქალაქეობა არავისთვის ყოფილა დამაბრკოლებელი და რაღა ჩემთვის გახდება," - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "იმედთან" ინტერვიუში, მის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის კომენტირებისას.

მისი თქმით, თუ საქართველოს პრეზიდენტი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას გადაწყვეტს, ეს გადამწვეტი ფაქტორი არ იქნება, ვინაიდან ხალხი ამ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს, გააუქმებინებს.

"უკრაინის კანონით ორი წელი არის გარდამავალი პერიოდი, როდესაც შეგიძლია სხვა ქვეყნის მოქალაქედ დარჩე და უკრაინის მოქალაქეობა გქონდეს. მე მაქვს ორი წელი უკრაინის კანონმდებლობით, ანუ უკრაინას ეს პრობლემა დღეს არ აქვს და მე ვფიქრობ, ორი წელი საკმარისზე მეტი ვადაა. საქართველოში მოქალაქეობის ჩამორთმევა – ეს არის პრეზიდენტის აქტი. თუ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ მოქალაქეობა ჩამომართვას, დარწმუნებული ვარ, ესეც არ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, იმიტომ რომ, იმ მომენტისთვის, როცა მე დავბრუნდები საქართველოში (და ეს იქნება ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია), ხალხი მათ გააუქმებინებს როგორც ჩემზე აღძრულ სიხლის სამართლის საქმეს, ისე მოქალაქეობის ჩამორთმევას. ედუარდ შევარდნაძე არ ყოფილა საქართველოს მოქალაქე, როცა ჩამოვიდა და გახდა საქართველოს ლიდერი; ივანიშვილი არ ყოფილა საქართველოს მოქალაქე, როცა დარბოდა, ატარებდა საარჩევნო კამპანიას და გახდა საქართველოს ლიდერი. ასე რომ, ეს მოქალაქეობა არავისთვის ყოფილა დამაბრკოლებელი და რაღა ჩემთვის გახდება?! მაგრამ მეორეა, რას ნიშნავს დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა?! დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა ფორმალურად ნიშნავს მატროსოვის 6 კვ.მ საკანში ჯდომას, სხვა ჩემს მეგობრებთან ერთად. აქედან გამომდინარე, ეს არის წმინდა ფორმალობა, თუმცა მინდოდა, რომ ეს თავიდან ამეცილებინა, მაგრამ დადგა გარემოებები – ფაქტია, რომ სისხლის სამართლის საქმეს არ აჩერებენ, ჭკუაზე ვერ მოვიდნენ, ისევ აპირებენ თავის მოკლე ჭკუით ჩემს დაჭერას, საქართველოში ვერ ჩავდივარ, მოქალაქე ვარ თუ არა, ეს ამას არ ცვლის. ამიტომ, როგორც ამ საქმეებს გააუქმებინებს ქართველი ხალხი, ასევე მოქალაქეობის საკითხს. მე ამ ფორმალობებისგან ყოველთვის დისტანცირებული ვიქნები, მაგრამ ყოველთვის ვიქნები ახლოს, როცა ქართველი ხალხი მოისურვებს, თუ რამეში დავჭირდები", - განაცხადა სააკაშვილმა.

რაც შეეხება ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილის გამოხმაურებას, რომ ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშვნა მიხეილ სააკაშვილის დაქვეითებაა, ექსპრეზიდენტი პასუხობს, რომ "ეს ორღობის ჭორაობა, პროვინციალების, დაბოღმილების ლაპარაკია".

"რისგან დამაქვეითეს? მე ვარ ყოფილი პრეზიდენტი და პატიმარი, მათი გადმოსახედიდან. პატიმრობიდან დამაქვეითეს თუ ყოფილი პრეზიდენტობიდან? ყველას ვურჩევ წაიკითხოს ანალიზი. ეს არის უპრეცედენტო ნაბიჯი, ძალიან დიდი ნდობა აღმოჩენილი, ქართველის მიმართ. პოროშენკო გამბედავი ნაბიჯების მომხრეა. ეს არის ნაბიჯი იმისა, რომ უკრაინის ყველაზე სტრატეგიული რეგიონი, რომელშიც წყდება როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ბედი, ჩააბარეს ქართველს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"