ნოდარ ხადურს ირაკლი მანაგაძე შეცვლის?! - კვირის პალიტრა

ნოდარ ხადურს ირაკლი მანაგაძე შეცვლის?!

ირაკლი მანაგაძე: ნებისმიერი ადამიანს, თუ ის მიიჩნევს, რომ აქვს საკმარისი გამოცდილება, ცოდნა და შესაფერისი პირობები, სურს  სამშობლოში დაბრუნება.

"კოალიციაში სერიოზული ცვლილების წინა პირობას ვერ ვხედავ. ამაზე საუბარი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია, თუმცა იძულებული ვარ კოალიციის დაშლაზე მეოცნებეებს იმედები გავუცრუო. შესაძლოა, პარლამენტისა და მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, როგორც ცოტა ხნის წინ დეპუტატებმა პარლამენტიდან მთავრობაში გადაინაცვლეს, შესაძლოა, დეპუტატებმა სხვა თანამდებობა დაიკავონ და ა.შ." - განაცხადა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, რამაც კიდევ უფრი გააძლიერა ლაპარაკი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე?! ვინ შეიძლება დატოვოს მინისტრთა კაბინეტი? ბოლო დროს პრესის მიერ დაანონსებული თუ რეალურად განხორციელებული სამთავრობო ცვლილებებისას, ყველაზე ხშირად გამოითქმოდა ვარაუდი, რომ ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს ცვლიდნენ, თუმცა ის დღემდე ინარჩუნებს სავარძელს და ამ ეტაპზე ბიუჯეტის გადახედვითაა დაკავებულია. კონფიდენციური წყაროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხადურის შეცვლის საკითხი მართლაც აქტუალურად განიხილება სახელისუფლო წრეებში, უკვე დასახელდა მისი სავარაუდო შემცვლელის ვინაობაც. ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე. შეგახსენებთ, მანაგაძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1998 - 2005 წლებში იყო. ის ამჟამად იკავებს IBRD-ის საფინანსო ინსტიტუტების დეპარატმენტის უფროსი მრჩევლის თანამდებობას, პოლიტიკის საკითხებში. ამ ერთი თვის წინ, თბილისში მყოფმა ირაკლი მანაგაძემ ტელეკომპანია "იმედში" სტუმრობისას, ჟურნალისტის კითხვას - აპირებს თუ არა დაბრუნებას საქართველოში, ასე უპასუხა:

"ნებისმიერი ადამიანს, თუ ის მიიჩნევს, რომ აქვს საკმარისი გამოცდილება, ცოდნა და შესაფერისი პირობები, სურს  სამშობლოში დაბრუნება." მისივე თქმით, ის ნებისმიერ საინტერესო წინადადებას განიხილავდა.

კიდევ ერთი საკითხიც -შინაგან სამქეთა სამინისტრის რეფორმის შემდეგ ვინ გახდება შსს-ს მინისტრი და ვინ ჩაიბარებს უშიშროების სამსახურს?

მოგეხსენებათ, თავის დროზე გაერთიანებული შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროების სამსახური, ერთმანეთს კვლავ გაემიჯნება. ექსპერტები ამ გადაწყვეტილებას დროულს უწოდებენ და დადებითად აფასებენ. მთავრობა ამ ეტაპზე კონკრეტული პირების ვინაობას არ ასახელებს. თუმცა, პოლიტიკურ კულუარებში სავარაუდო კანდიდატები უკვე დასახელდა - ნამინისტრალი მინდია ჯანელიძე, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და შსს-ს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მირიან მჭედლიშვილი. თუმცა, სავარაუდოდ, გომელაური შსს-ს მინისტრად დარჩება.

"კვირის პალიტრასთან" საუბარში ექსპერტი გია ხუხაშვილი მოვლენებს წინ არ უსწრებს და სავარაუდო კანდიდატების დასახელებისგან თავს იკავებს. თუმცა, მიიჩნევს, რომ ამ უწყების ხელმძღავნელობის ყველაზე მცირე შანსი მინდია ჯანელიძეს აქვს: "ჯანელიძესთან დაკავშირებით სკეპტიკურად ვარ განწყობილი. არა მგონია, რომ ამ მდინარეში მეორედ შეუშვან. ამ ეტაპზე ხელმძღვანელის ვინაობას იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც ამ უწყების ცალკე სამსახურად ჩამოყალიბებას. სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ძალაუფლების ცენტრად კვლავ შსს რჩება. დემოკრატიული სისტემა ჯერ მყარი არ არის. აქედან გამომდინარე, ამ ორი უწყების გამიჯვნა მნიშვნელოვანია. ვინ იქნება ხელმძღვანელი, ეს მეორეხარისხოვანია. ფაქტია, რომ პრემირის საკადრო პოლიტიკამ ვერ გაამართლა. მართალია, მან კადრები ნდობის კრიტერიუმით შეარჩია, მაგრამ თავად შეექმნა პრობლემა ამ კადრებთან დაკავშირებით. ამიტომ, ვისურვებდი, რომ ახალი უწყების არჩევა პირადი ურთიერთობების საფუძველზე კი არ მოხდეს, არამედ ხელისუფლებასთან, ცალკეულ ინსტიტუტებთან კონსულტაციის შედეგად. მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, წესიერება და რა თქმა უნდა ნდობა. კარგი იქნება თუ ამ კონსულტაციებში ჩართული იქნება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, რომლებსაც პროცესებზე გავლენა აქვთ. ეს იქნება ოტპიმალური გადაწყვეტილება." - ამბობს ხუხაშვილი.

რუსუდან შელია

სალომე გოგოხია

(სპეციალურად საიტისთვის)