საქართველო თურქეთსა და ირანს შორის - კვირის პალიტრა

საქართველო თურქეთსა და ირანს შორის

ჩვენს მეზობელ ორ უდიდეს ქვეყანაში, თურქეთსა და ირანში, დიდი ძვრებია მოსალოდნელი.

გასულ კვირას თურქეთში უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა - თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, რომელიც სხვადასხვა სტატუსით ქვეყანას 13 წელია, მართავს, იმედოვნებდა, რომ მისი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებდა, რაც მას საშუალებას მისცემდა, თურქეთი სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკად ექცია. ერდოღანს, რომლის მმართველობა სულ უფრო და უფრო იხრებოდა ავტორიტარულისკენ, უმრავლესობის მოსაპოვებლად მხოლოდ 19 სადეპუტატო მანდატი დააკლდა. საერთაშორისო დამკვირვებლები მმართველ პარტიას წინასაარჩევნო პროცესში არაერთ დარღვევას უფიქსირებდნენ, თუმცა უშუალოდ არჩევნების დღეს, როგორც ჩანს, ერდოღანმა უარი თქვა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე და შედეგად, თურქეთის პარლამენტში პირველად მოხვდა პროქურთული, ლიბერალური პარტია. ქურთებით დასახლებული თურქეთის უმდიდრესი რეგიონები დიდი ხანია ითხოვენ ავტონომიას ან სულაც დამოუკიდებლობას და ქურთული სეპარატიზმი თურქეთის სახელმწიფოს ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა. პარლამენტში პროქურთული პარტიის შესვლით ეს პრობლემა ახალი ძალით იფეთქებს.

დიდი ქურთული სახელმწიფოს შექმნის იდეა ახლო აღმოსავლეთის შუაგულში - სირიის, ერაყისა და თურქეთის ქურთობის მონაწილეობით - ის ბერკეტია, რომლითაც დასავლეთი ამ ურთულეს რეგიონში სიტუაციის გაკონტროლებას შეძლებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეის რეალობად გადაქცევა თვალსაწიერ მომავალში გამორიცხულია, ქურთულ ფაქტორს ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში ისლამისტებისა  და„თავნება“რეჟიმების დასაბალანსებლად აქტიურად იყენებდა და იყენებს. ევროკავშირი და აშშ შეშფოთებით ადევნებდნენ თვალს ერდოღანის ავტორიტარულ მმართველობას და მისი ხელმძღვანელობით თურქეთის მზარდ ისლამიზაციასა და ამბიციებს, გახდეს ახალი, დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური ცენტრი. ამიტომაც გასაგებია, როცა თურქები პროქურთული პარტიის მოძლიერებაში ამერიკულ კვალს ხედავენ. უფრო მეტიც, ევროკავშირი აქტიურად ცდილობს, რუსეთს უარი ათქმევინოს ახალი გაზსადენის „თურქეთის ნაკადის“ მშენებლობაზე, რომელიც რუსული გაზის ევროპისთვის მიწოდებას თურქეთის გავლით ითვალისწინებს და თურქეთის რეგიონული როლის გაძლიერებას უწყობს ხელს. "გაზპრომში" ალტერნატიულ ვარიანტად უკვე განიხილება იდეა, რომლის თანახმადაც, ახალი გაზსადენი შავი ზღვის გავლით არა თურქეთში, არამედ ბულგარეთში მივა.

ამასთან, იმ ფონზე, როცა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ" თითქმის ნახევარი ახლო აღმოსავლეთი დაიპყრო, აშშ იძულებული გახდა, რეგიონში ახალი მოკავშირე ეძებნა და ის ირანი აღმოჩნდა. სანამ აშშ აქტიურად უჭერდა მხარს სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას, თურქეთი წვრთნიდა და ამარაგებდა სირიის ოპოზიციას, რომლის ბაზაზეც დიდწილად ჩამოყალიბდა თავისი სისასტიკით გამაოგნებელი "ისლამური სახელმწიფო", ხოლო ირანი სირიის მმართველ ასადის რეჟიმს ედგა გვერდით. ახლა, როცა„ისლამური სახელმწიფოს“შესაჩერებლად აშშ-ის მოკავშირედ ირანი მოგვევლინა და სულ უფრო ახლოვდება ირანისთვის სანქციების მოხსნის დრო, ის ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით ძალზე საინტერესო და მიმზიდველი ხდება, მათ შორის, საქართველოსთვისაც.

თურქეთსა და ირანში მიმდინარე პროცესებიდან საქართველომ რამდენიმე დასკვნა უნდა გამოიტანოს:

დასავლეთი, მიუხედავად რუსეთის მოძლიერებისა, კვლავ წამყვან როლს თამაშობს რეგიონში და მის წინ ხტომას კარგი არავისთვის მოაქვს;

აზია XXI საუკუნის მსოფლიოს ეკონომიკური ცენტრია და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ინტერესები და აქტივობები სწორედ ამ რეგიონში იქნება მობილიზებული, ამიტომ საქართველომაც გეზი აზიურ გიგანტებთან თანამშრომლობაზე უნდა აიღოს;

ირანმა 10 მილიარდი გამოყო გაზსადენის ასაშენებლად: რატომ არ შეიძლება ამ გაზსადენმა სომხეთსა და საქართველოზე გაიაროს?! ფიქრობს საქართველოს ხელისუფლება იმაზე, როგორ მოიზიდოს უზარმაზარი ფინანსური ნაკადები, რომლებიც ირანიდან დაიძვრება სანქციების მოხსნისთანავე?!

პოლიტიკისა და პარტნიორების დივერსიფიცირება არის ის, რაც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირისგან - აშშ-ისგან უნდა ვისწავლოთ. საქართველო, რომელზეც აღმოსავლეთის დიდი ფინანსური და სატრანსპორტო ნაკადები გაივლის, კიდევ უფრო საინტერესო და უსაფრთხო იქნება ყველა ჩვენი პარტნიორისთვის.