"ISiS-ის კავკასიის ვილაიეთი მეტად სახიფათოა, მებრძოლები, რომლებიც ადრე სირიაში მიდიოდნენ, აქ დარჩებიან და ადგილზე დაიწყებენ მოქმედებას" - კვირის პალიტრა

"ISiS-ის კავკასიის ვილაიეთი მეტად სახიფათოა, მებრძოლები, რომლებიც ადრე სირიაში მიდიოდნენ, აქ დარჩებიან და ადგილზე დაიწყებენ მოქმედებას"

"კავკასიის იმარატს ჯერ კიდევ ბოლო ხელმძღვანელის დროს გამოაკლდა რამდენიმე ჯამაათი, პირველი, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა და ისლამურ ხალიფატს შეჰფიცა ერთგულება ე.წ. ნოღაური ჯამაათი იყო, რომლის ხელმძღვანელი რუსტამ ასილდეროვია, სწორედ ის გახლავთ აბუ მუჰამად ალ-ქადარი, რომელიც გამოაცხადეს კავკასიის ვილაიეთის ხელმძღვანელად."

ჩვენში ბევრი შეაშფოთა გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" უკვე კავკასიაზეც აცხადებს პრეტენზიას. მოგეხსენებათ, გუშინ კავკასიის ტერიტორიაზე პროვინციის დაარსების შესახებ განაცხადეს.

აბუ მუჰამად ალ-ქადარი

"ვულოცავთ "ისლამური სახელმწიფოს" ჯარისკაცებს კავკასიაში ხალიფასადმი ერთგულების ფიცის დადებას. ის იღებს თქვენ ფიცს და აბუ მუჰამად ალ-ქადარს ნიშნავს კავკასიის მმართველად", - დაჯგუფების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, აბუ-მუჰამად ალვ-ადნანის ეს განცხადება ინტერნეტში გავრცელდა. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს" ახალი ვილაიეთის დაარსება ჩრდილოკავკასიის რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა. ამის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის ჩრდილოეთით, თურქეთის საზღვართან ახლოს, ქალაქ ქობანიში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. "ალ-ჯაზირას" ცნობით, დაღუპულია ათობით ადამიანი. ისლამისტი მებრძოლები აღნიშნულ ტერიტორიაზე დღეს შეიჭრნენ, თუმცა, გავრცელებული ცნობით, ქალაქის დიდ ტერიტორიას კვლავ ქურთების არმია აკონტროლებს. ქობანიში "ისლამური სახელმწიფო" გასულ წელსაც შეიჭრა, თუმცა, მაშინ ქურთების შეიარაღებულმა ძალებმა აშშ-ის კოალიციური ძალების დახმარებით, ისლამისტების ქალაქიდან გაძევება შეძლო. კავკასია აქმადე ფეთქებადსაშიშ რეგიონად მიიჩნეოდა, "ისლამური სახელმწიფო" კი ახალ საფრთხეებს წარმოშობს. გვესაუბრება ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე:

- ისტორიას თუ გავიხსნებეთ, კავკასიის იმარატს ჯერ კიდევ ბოლო ხელმძღვანელის დროს გამოაკლდა რამდენიმე ჯამაათი, პირველი, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა და ისლამურ ხალიფატს შეჰფიცა ერთგულება ე.წ. ნოღაური ჯამაათი იყო, რომლის ხელმძღვანელი რუსტამ ასილდეროვია, სწორედ ის გახლავთ აბუ მუჰამად ალ-ქადარი, რომელიც გამოაცხადეს კავკასიის ვილაიეთის ხელმძღვანელად. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კავკასიის იმარატს ხელმძღვანელობდა კებეკოვი, რომლის სიკვდილის შემდეგ მოვიდა ახალი ხელმძღვანელი, რომელიც ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე კებეკოვი იყო და კიდევ უფრო ბევრად სუსტი ვიდრე დოკუ უმაროვი. ისლამურმა ხალიფატმა თავისი პოზიციები მას მერე გაიმყარა, რაც ჩეჩენი საველე მეთაურ ბატუკაევი, რომელიც არ აირჩიეს იმარატის ხელმძღვანელად, ისლამურ ხალიფატს შეუერთდა და სირიაში საომრად წავიდა. როგორც ჩანს, კავკასიაში ისლამური ვილაიეთის შექმნის გადაწყვეტილება, სწორედ ბატუკაევმა მიაღებინა ალ-ბაღდადს. ამრიგად შეიქმნა კავკასიის ვილაიეთი, რომელშიც შედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასია. კავკასიის ვილაიეთის (გნებავთ პროვინციის) შექმნით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კავკასიის იმარატმა დაამთავრა ფუნქციონირება, რადგან, არა მგონია, ისინი კიდევ რამის გამკეთებლები იყვნენ, მაქსიმუმ რამოდენიმე ტერაქტი მოაწყონ. მთავარი ძალა იქნება კავკასიის ვილაიეთი, რომლის შექმნა იმითაცაა ხიფათის შემცველი, რომ ის მებრძოლები რომლებიც ადრე სირიაში მიდიოდნენ საბრძოლველად, ადგილზე დარჩებიან, მათ შეურთდებიან და ადგილზე დაიწყებენ მოქმედებას.

- რა ძალები შეიძლება აღმოჩდნენ კავკასიის ვილაიეთის რიგებში?

- ჩრდილოეთ კავკასიიდან ესენი იქნებიან: დაღესტნის მკვიდრნი, შეიძლება ზოგიერთი ჩეჩენი, ინგუში და ყარაჩაი-ჩერქეზი საველე მეთაური და ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლებიც. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, აქ იქნებიან: აზერბაიჯანში მოქმედი ზოგიერთი ჯამაათი, რომლებიც ახლა დაკავებული არიან იდეოლოგიური მუშაობით და რ სამხედრო ერთეულად საკუთარ თავს ჯერჯერობით არ ავლენენ, მაგრამ უცებ შეიძლება შეიძლება შეიცვალონ მოქმედების ფორმა. აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი რამოდენიმე ჯამაათი, რომელსაც კავშირი აქვს ისლამურ ხალიფატთან და აქედან გამომდინარე, კავკასიის ვილაიეთთან. საქართველოში არსებული ჯგუფები განლაგებული არიან პანკისის ხეობაში, ქვემო ქართლში და აჭარაში.

რაც შეეხება ქობანისთან ბრძოლებს, ამ ქალაქში 6 თვის წინაც შეიჭრნენ და გაყარეს, ვფიქრობ, ახლაც იგივე განმეორდება.

- საქართველოს ხელისუფლებამ რა ზომები უნდა მიიღოს "ისლამურის სახელმწიფოსგან" მომავალი ხიფათის გასანეიტრალებლად?

- ხელიუფლებამ უკვე დაიწყო გარკვეული კონტრზომების მიღება. დააკავეს რამდენიმე პირი, დაბლოკეს ისლამისტური საიტები, შეიზღუდა ჩვენი თანამემამულეების სირიაში წასვლა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არაა სრულყოფილი მუშაობა, ვინაიდან ხელისუფლებას შეუძლია ბევრად ეფექტიანი იყოს იმ ინფორმაციის გათალისწინებით, რომელიც, ვიცი, რომ აქვთ.

- ორი სიტყვით, იქნებ, სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც, შევეხოთ, რაც ქვეყანაში ელქტროენერგიის ტარიფის გაძვირებას მოჰყვა...

- ვფიქრობ, რომ სომხეთში გარკვეული პოლიტიური რევულუციის მოსამზადებელი პროცესი უკვე დაწყებულია, გააჩნია რა ნაბიჯებს გადადგამს სომხეთის ხელისუფლება და რა დასკვნებს გამოიტანს იმ შეფასებებიდან, რომელიც ევროპული ქვეყნების საელჩოებმა და რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა პესკოვმა გააკეთეს. ყველა მხარე, სომხეთის ხელისუფლებისაგან ითხოვს კანონის დაცვას. დასაველთსა და რუსეთს შორის ამ საკითხთზე გარკვეული თანხმობა შესამჩნევია.

- ჯერჯერობით არ აქტიურობს ოპოზიცია და პოლიტიკური მოთხოვნებიც არ ისმის...

- მომიტენგეთა შორის არიან სომხეთის ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგრამ პოლიტიკურ განცხადებებს ჯერ არ აკეთებენ. მნიშვნელოვანია ერთი გარემოებაც, რომელსაც შეუძლია პროცესის სხვა მიმართულებით წაყვანა - საქმე ისაა, რომ ხალხი აპროტესტებს ელექტროენერგიის გადასახადის 17%-ით გაზრდას. აქ ძალიან საინტერესო მომენტი ისა, რომ სომხეთში ელექტროსისტემა კორუფციული ოლიგარქიული სისტემაა, თავიდან ითხოვდნენ 40%-ით გაძვირებას და შემდგომში ხელისუფლების ზეწოლით ჩამოვიდნენ 17%-ზე. საქმე იმაშია, რომ ტარიფის გაზრდა იმიტომ კი არ ხდება , რომ მართლა გაძვრიდა მომსახურება, არამედ მენეჯმენტმა არასოწრად წარმართა მართვა და დაედო ბევრი ვალი, რომლის გადახდასაც ხალხის ხარჯით აპირებს. სხვათა შორის, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც, ორგანიზაცია, ვინც ელექტროენერგიის მენჯმენტს წარმართავს (მიუხედავად იმისა, რომ სომხების ხელშია) რუსული "რაოესის" შვილობილი კომპანიაა და დღევანდელი მოთხოვნების არ შესრულების შემთხვევაში, დადგება რუსეთთან ურთიერთობის გადახედვის საკითხი და ეს უკვე პოლიტიკური მოთხოვნა იქნება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი კარგად ესმით მოსკოვში და მათ არ უნდათ, რომ ვიღაც სომეხი ოლიგარქების გამო დაკარგონ ისეთი მოკავშირე. ამ ყველაფერს დემონსტრანტებიც აცნობიერებენ და ცდილობენ ეს კოზირი კარგად გამოიყენონ, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მერე პოლიტიკურ მოთხოვნებზე გადავლენ, რაც რუსეთთან იქნება დაკავშირებული.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)