პრეზიდენტის მორიგი ვეტო - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის მორიგი ვეტო

საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის თაობაზე კანონპროექტს ვეტოს აუცილებლად დაადებს.

ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილმა მიაწოდა.

"ამაზე არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია კანონპროექტის მიზანშეწონილობა პროფესიული კუთხით. შესაბამისად, ყველა ის კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის უმნიშვნელოვანესი საფინანსო ნაწილის განვითარებას რაიმე ფორმით აზიანებს, იქნება ვეტოდადებული", - განაცხადა აბაშიშვილმა.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტების პაკეტი წინააღმდეგობაშია ასოცირების დღის წერიგთან.

"ჩვენ ჯერ კიდევ არ ვსაუბრობთ, აღნიშნული კანონპროექტი რამდენად მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან; ჩვენ ჯერ კიდევ არ ვსაუბრობთ დეტალურად, კანონპროექტის შინაარსი რამდენად მოდის სრულ წინააღმდეგობაში იმ თანამდროვე ტენდენციებთან, რა მიმართულებითაც დღეს საბანკო სექტორი, საბანკო ზედამხედველობა ვითარდება, მაგრამ ვსაუბრობთ ფაქტზე, რომელსაც, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა უკვე გუშინ. კერძოდ, ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან თითქმის ერთი წლის თავზე დაირღვა ასოცირების დღის წესრიგი, რაც ძალიან სამწუხაროა და შესაბამისად, დაირღვა საქართველოს მთავრობის #59 განკარგულება, რომელიც სწორედ ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს", - განაცხადა აბაშიშვილმა.

მისი თქმით, ასოცირების დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი ტიპის ცვლილება, რომელიც ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ კანონმდებლობას შეეხება, ევროკავშირის ექსპერტიზით, მათ შორის, ევროპის ცენტრალური ბანკის ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

"ინტერპრესნიუსი"