ვინ იქნება "მთავარი ბანკირი" - ვინ შეცვლის ქადაგიძეს?! - კვირის პალიტრა

ვინ იქნება "მთავარი ბანკირი" - ვინ შეცვლის ქადაგიძეს?!

გამოცდილება და ცოდნა - გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციამ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის შესარჩევად მთავარი კრიტერიუმები ოფიციალურად დაასახელა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან, ბიზნესასოციაციებთან, საბანკო სექტორთან, პარლამენტთან, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან და თავად ეროვნულ ბანკთან კონსულტაციებიც დააანონსა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მარგველაშვილი კანდიდატის დასახელების წინ ფართო კონსულტაციებს აცხადებს. ამგვარი პროცესი უძღოდა წინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის წარდგენასაც, თუმცა, ამჯერად პრეზიდენტის გადაწყვეტილება ეკონომიკური ექსპერტების ნაწილისთვის გაუგებარი აღმოჩნდა - რატომ დაიწყო გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის ძიება საშვებულებო პერიოდში, მით უმეტეს, რომ გიორგი ქადაგიძეს ვადა შვიდი თვის შემდეგ, ანუ 2016 წლის თებერვალში ეწურება? ან რატომ არ გაცხადდა კონსულტაციების ფორმატი კანდიდატის შესარჩევი პროცესის დაანონსებისთანავე? "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ექსპერტი დემურ გიორხელიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი, წინამორბედის მსგავსად, პოლიტიკური ნიშნით შეირჩეს:

- თუ პრეზიდენტის გადაწყვეტილება რეალური კანდიდატურის ძიებას ემსახურება, შვიდი თვით ადრე კონსულტაციების დაწყება საგანგაშო არ არის. მთავარია, პროცესმა ფორმალური სახე არ მიიღოს.

ამ თანამდებობაზე პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურა ერთხელ უკვე გამოვცადეთ. შედეგიც თვალსაჩინოა, ამიტომ გადაწყვეტილების მიმღებთ მეტი დაფიქრება მართებთ.

- ეროვნული ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესები დიდი ხანია მთავრობისა და პრეზიდენტის მორიგი დაპირისპირების საგნად იქცა. ფიქრობთ, რომ ორი სახელისუფლებო შტო საერთო კანდიდატის შერჩევას შეძლებს?

- არსებობს საშიშროება და დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს პროცესი სახელმწიფო და ეროვნული ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე წარიმართება. ამ ეჭვის საფუძველს შესაბამისი ნების არარსებობა მაძლევს - სახელმწიფო მმართველობის დასავლური ტიპის მოდელზე გადასაწყობად არაფერი კეთდება.

თუ გიორგი მარგველაშვილის თითოეული სიტყვა და მოქმედება მკაცრად არგუმენტირებული არ იქნება, პრეზიდენტის ინსტიტუტი ძლიერი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება.

ამიტომ არ გამოვრიცხავ, პროცესები ურთიერთდაპირისპირების ფონზე წარიმართოს და ხელისუფლების შტოებს საერთო კანდიდატურის შერჩევა გაუჭირდეთ.

- და ეს პროცესი ისედაც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ქართულ ეკონომიკაზე რა გავლენას მოახდენს?

- საზოგადოებაში პესიმიზმი გაღვივდება და ტრადიციად ქცეული ქართული უპასუხისმგებლობის მაგალითს სახელისუფლებო დონეზე კიდევ ერთხელ ვიხილავთ.

დროა, გავიაზროთ, რომ ხელისუფლებაში კვალიფიციური და პროფესიონალი კადრები გვჭირდება, რომლებიც სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობას ადეკვატურად იგრძნობენ. ვიწრო ინტერესების, დაჯგუფებებისა და პარტიულობით მოქმედებამ საკმარისზე მეტად დაგვაზარალა. წელს ჩვენი ეკონომიკა მხოლოდ 2%-ით იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკაში დაგეგმილი მილიარდ-ნახევრის ნაცვლად, მხოლოდ 500 მილიონი შევა. ამ ფონზე დაპირისპირება ეკონომიკას ჩამოაქცევს! ეკონომიკა ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც ინსტიტუციებს შორის კინკლაობა კი არა, კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭირდება.

- 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად ნოდარ ჯავახიშვილი დაასახელა. მმართველი გუნდი დღესაც ამ პოზიციაზეა?

- ჩემი აზრით, საქართველოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისთვის შესაფერისი კანდიდატის შერჩევა არ უნდა გაჭირდეს. მთავარია, რამდენად ეყოფათ გადაწყვეტილების მიმღებთ ძალა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ გუნდურობის პრინციპით არ იმოქმედონ და პროფესიონალი რეალურად შეარჩიონ. თუ ეს ვერ მოხერხდა, საერთაშორისო კონკურსის გამოცხადებაც შეიძლება, რათა ეროვნულ ბანკს მაღალკვალიფიციური უცხოელი ფიგურა ჩაუდგეს სათავეში. ომის შემდგომ პერიოდში იაპონელები სწორედ ასე მოიქცნენ - მინისტრებად ამერიკელები დანიშნეს, მოადგილეებად - იაპონელები და სახელმწიფოს მართვაც მათგან ისწავლეს.

ნოდარ ჯავახიშვილს წესიერ ადამიანად ვიცნობ. მას კვალიფიკაცია ნამდვილად არ აკლია და, შესაძლოა, არჩევანი სწორედ მასზე შეჩერდეს.

რუსუდან შელია