"ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა" - მანანა კობახიძემ აშშ-ს ხელისუფლება გააკრიტიკა - კვირის პალიტრა

"ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა" - მანანა კობახიძემ აშშ-ს ხელისუფლება გააკრიტიკა

"თქვენი ნებაა, მაკრიტიკეთ, ოღონდ ადამიანების სიძულვილს, შეუწყნარებლობას, დისკრიმინაციას, რაც მთავარია, რუსეთუმეობას და ამის მსგავსებს ნუ დამაბრალებთ!.."

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე "ფეისბუქის" გვერდზე აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას გამოეხმაურა. აი, რა დაწერა ქალბატონმა მანანამ:

"სულ რომ მარტონი დავრჩეთ ამ დედამიწაზე, ყველა ჩვენმა მეგობარმა, პარტნიორმა თუ მოკავშირემ რომ ზურგი გვაქციოს, მე მაინც ვიტყვი, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა, ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომა, თორემ სხვა დანარჩენ კატეგორიებზე, როგორიცაა ზნეობა, მორალიდა ა.შ ჩემზე უფრო ზნეობრივები და ღირსეულები ილაპარაკებენ, მე მხოლოდ სახელმწიფოზე ვამბობ, კანონმდებლებზე... დღეს ლამის ერთიანად გაცისარტყელდა facebook , ტაში შემოკრეს ამერიკის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რა ვქნა, თუ მე ვერ შევუერთდი ამ "სიხარულს", მაპატიეთ, ვიცი გამკიცხავთ ზოგიერთები, კრიტიკას არ დაიშურებთ, შეიძლება ქარცეცხლშიც გამატაროთ, მაგრამ, ალბათ აზრის თავისუფლება ის უფლებაა, რაც მაინც მრჩება როგორც საჯარო პირს. თქვენი ნებაა, მაკრიტიკეთ, ოღონდ ადამიანების სიძულვილს, შეუწყნარებლობას, დისკრიმინაციას, რაც მთავარია, რუსეთუმეობას და ამის მსგავსებს ნუ დამაბრალებთ!.."

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთელი მასშტაბით, ერთი სქესის პირებს შორის ქორწინება ა.წ. 26 ივნისიდან ლეგალური გახდა. აღმასრულებელმა სასამართლოს გადაწყვეტილებით ამერიკის 50-ვე შტატში გეიქორწინება კანონიერად გამოაცხადა. ერთ-ერთ პირველმა, ვინც ამ უფლებით ისარგებლა, ტეხასის შტატში, სადაც კონსერვატორული შეხედულებით გამოირჩევიან, მცხოვრებმა გეიწყვილმა იქორწინა. ახლად შეუღლებულები 82 წლის ჯორჯ ჰარისი და 85 წლის ჯეკ ევანსი არიან. წყვილი უკვე 54 წელია ერთად ცხოვრობს, თუმცა, საკუთარი ურთიერთობის დაკანონებას აქამდე ვერ ახერხებდნენ.