"ისლამური ხალიფატის" "ქართული გეგმები" - კვირის პალიტრა

"ისლამური ხალიფატის" "ქართული გეგმები"

"ისლამურ ხალიფატს" საქართველოსა და აზერბაიჯანში ბევრი გავლენიანი მომხრე ჰყავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩრდილოეთ კავკასიაში არ ჩამოაყალიბებდნენ ადმინისტრაციულ ერთეულს - ვილაიეთს, რომელსაც პირდაპირ ხალიფატი მართავს", - ამბობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია.

- ვილაიეთის შექმნა მოწმობს, რომ "ისლამური ხალიფატი" შემოსულია კავკასიაში.  ეს საკმაოდ სერიოზული ძალაა და ძლიერი სამხედრო პოტენციალი და თანამედროვე შეიარაღება აქვს.

ხალიფატის დაინტერესების სფერო საქართველო და აზერბაიჯანი არიან. საქართველო ხალიფატს სატრანზიტო კორიდორად: იარაღის, ფინანსების, სამხედრო ძალის გადასროლის უზრუნველსაყოფად სჭირდება.

ხალიფატის ძირითადი პრინციპია ჰიჯრა: ყველა მუსლიმანი ვალდებულია ჩავიდეს "ისლამური ხალიფატის" კონტროლირებად ტერიტორიაზე და მიიღოს მონაწილეობა გლობალურ ჯიჰადში. ამიტომაც ხდებოდა მასობრივი გადასვლა (არა მარტო საქართველოდან) "ისლამური ხალიფატის" კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც, მათი გაგებით, ჭეშმარიტი მუსლიმანები ცხოვრობენ. ჩემი მონაცემებით, საქართველოდან დაახლოებით 300 ჯიჰადისტია წასული. ხალიფატი ცდილობს, ჩრდილო კავკასიაში შექმნას პლაცდარმი, რათა გაიფართოოს გავლენის სფერო რუსეთის 20-მილიონიანი საზოგადოების მიმართულებით (საუბარია ყალმუხეთის, ვოლგისპირეთის, ციმბირის, ურალის მოსახლეობაზე, სადაც 20 მილიონი მუსლიმანი ცხოვრობს).

პანკისიდან 50-მდე ახალგაზრდაა სირიაში წასული, სხვა რეგიონებიდან რამდენია, არავინ იცის.

ყველაზე დიდი ისლამური წარმომადგენლობაა ქვემო ქართლში, საიდანაც წასული აზერბაიჯანელი მოსახლეობა ერთიანდება აზერბაიჯანულ ჯამაათებში, რომლებიც ასევე სირიაში იბრძვიან. ქვემო ქართლიდან რამდენიმე ქალიც წავიდა სირიასა და ერაყში, სადაც ჯიჰადისტების მეუღლეებისა და მეგობრების ფუნქციას ასრულებენ.

თურქეთ-საქართველოს საზღვარი ღიაა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი გადაკვეთა პასპორტის საშუალებით. თურქეთიდან სირიაში გადასვლა კი, მოგეხსენებათ, ძნელი არ არის.

არის ინფორმაცია, რომ რამდენიმე აჭარელიცაა დაღუპული "ისლამური ხალიფატის" ეგიდით საბრძოლო ოპერაციებში.

აფხაზეთი პირველი იყო, სადაც შეიქმნა მათი ჯამაათი, წარმომადგენლობა "კავკაზია". 2014 წლის ნოემბერში ისლამური დაჯგუფების წევრები ჩერქეზულ დიასპორას შეერივნენ და მათ ჩამოჰყვნენ აფხაზეთში. მთავარია, აქ არ მოხდეს სექტორალური ტიპის დაპირისპირება, იმიტომ, რომ "ისლამური ხალიფატი" კატეგორიულად ებრძვის სხვა მუსლიმანურ აღმსარებლობას. საუბარია შიიტებზე, სუფიტებსა და სუნიტებზე. ვილაიეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული, ჯერჯერობით გამოცხადებულია ჩეჩნეთის, დაღესტნის, ინგუშეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე; ანუ იმ ტერიტორიებზე, რომელთაც რუსეთის ფედერალური ძალები ნაკლებად აკონტროლებენ.

- ამას წინათ შს მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს საზღვრების კონტროლი გამკაცრდება.

- საქართველო-თურქეთის საზღვრის გაკონტროლება მარტივი საქმე არ არის. ისლამისტები შეიძლება დასავლეთ ევროპიდანაც შემოვიდნენ. ძირითადი მასა აქედან შემოდის და არც ეტყობათ, რომ ხალიფატის წარმომადგენლები არიან (ევროპულად აცვიათ). პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა კომპლექსური და მიზანმიმართული, სპეციფიკური ღონისძიებების გატარება. ამ საქმეში თავდაცვის სამინისტროც უნდა ჩაერთოს, რადგან ეს უკვე შეიარაღებული ძალების კომპონენტს მოითხოვს, მესაზღვრეების საქმიანობა უკვე სცილდება ამ საფრთხის რეალურ მასშტაბებს. უნდა შეიქმნას კონტრტერორისტული საბრძოლო ოპერაციების მართვის ცენტრი, რომელიც ყოველდღიურ მონიტორინგს განახორციელებს.

"ისლამურმა ხალიფატმა" შეიმუშავა კავკასიური ჯიჰადის სტრატეგია, მათ გამოყოფილი ჰქონდათ 70 მილიონი დოლარი, რომელიც ეფექტურად დაიხარჯა. ყველა საველე მეთაური, რომელიც ადრე "კავკასიის ემირატის" რიგებში იყო, დღეს ხალიფატის რიგებშია. 24 ივნისს "ისლამური ხალიფატის" ხელმძღვანელობამ შეიხ მუჰამედ ალ-ადნანის მეთაურობით, რომელიც ხალიფატის რიგებში ინფორმაციის მინისტრია, ფაქტობრივად, ვილაიეთის შექმნა გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ კავკასიაში სერიოზული დასაყრდენი ძალა ჰყავთ.

იმარატის დღევანდელი ლიდერი აბუ უსმანი (სულეიმანოვი) არ ემხრობა ხალიფატს, მაგრამ მისი გავლენა შეიზღუდა, მხოლოდ დაღესტნისა და ჩერქეზეთის ნაწილს აკონტროლებს. დანარჩენ ტერიტორიებზე "ისლამურმა ხალიფატმა" გაიმყარა პოზიცია. შეიძლება ითქვას, რომ "კავკასიის იმარატმა" შეწყვიტა ფუნქციონირება.

დღეს კავკასია ჯიჰადიზმის მესამე ტალღას მოიცავს, რაც "ისლამური ხალიფატის" მიერ კავკასიის ვილაიეთის შექმნით დასრულდა.

არ არის გამორიცხული, საქართველოს დაემუქროს ლიბანიზაცია. 1982 წელს, არაბეთ-ისრაელის მეექვსე ომში, ლიბანი გადაიქცა "პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის" დასაყრდენ ძალად, სატრანზიტო კორიდორად, საიდანაც "პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია" და სხვა ანტიისრაელური პოლიტიკური დაჯგუფებები იღებდნენ იარაღს, ფულს, მებრძოლებს და ისრაელის მიმართულებით ახორციელებდნენ შეტევებს.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ მოხდეს საქართველოს ლიბანად გადაქცევა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის ანგარიშში პირდაპირ მიანიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო ტერორიზმის წყაროდ და სატრანზიტო ქვეყნად რჩება. აშშ-ის განცხადებას საქართველოში ტერორიზმის საფრთხეების შესახებ აძლიერებს პანკისიდან ახალგაზრდების ხალიფატის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა და ისიც, რომ სირიაში გავლენიანი საველე მეთაურები სწორედ საქართველოდან არიან ჩასული.

კავკასიის ვილაიეთი

ვილაიეთი უშუალოდ ხალიფატს ემორჩილება, ჰყავს, ასე ვთქვათ, თავისი გუბერნატორი - აბუ მოჰამედ კადარელი (რუსტამ ასილდეროვი), დაღესტნის შარიათული ჯამაათის მეთაური. ისლამური ხალიფატი ცდილობს, აღადგინოს ის პირველადი სახელმწიფოებრივი წყობა, რომელიც არსებობდა მუჰამედისა და პირველი სამი ხალიფის პერიოდში, შესაბამისად, ხელში ჩაიგდოს სამი დედაქალაქი: ბაღდადი, დამასკო და იერუსალიმი. ფაქტობრივად, მათ უკვე დაიკავეს ტერიტორიები სირიასა და ერაყში, რომლებიც ამ ქალაქებს ემიჯნება. უახლესი ინფორმაციით, მათ დამასკოს ნაწილიც დაკავებული აქვთ. "ალ-ქაიდასგან" განსხვავებით, ხალიფატს სახელმწიფოებრივ მოწყობაზე აქვს პრეტენზია და დიდ იმპერიას ქმნის. ხალიფატის მმართველმა აბუბაქრმა გამოაცხადა "ისლამური ხალიფატის" ექსპორტი, ხალიფატმა მის კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოიღო მისი ვალუტა - დინარი, რომელიც ოქროს მარაგითაა გამყარებული.

ნანა ფიცხელაური