გვიან დაბრუნებული ვალი (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები) - კვირის პალიტრა

გვიან დაბრუნებული ვალი (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

2003 წელია. წელიწად-ნახევარია თბილისში ვცხოვრობ და ვმუშაობ ერთ-ერთ გაზეთში. ნაქირავებ ნახევრად სარდაფში მოხუც მამასთან ერთად ვცხოვრობ და თვეში 80 ლარს ვიხდი. ერთ მშვენიერ დღეს გაზეთის რედაქტორმა სამსახურიდან გამიშვა. ჰოდა, დავრჩი უცხო ქალაქში სამსახურის გარეშე; ქალაქში, სადაც ამ დროისთვის ყველაზე ახლოს პოლიტიკოსებს ვიცნობ, ვისთანაც ინტერვიუებს ვაკეთებდი. ბუნებრივია, სხვა გაზეთებს მივაკითხე, მაგრამ მოგეხსენებათ, სანამ ახალ სამსახურში ფეხს მოიკიდებ, პირველ ხელფასს ან ნორმალურ ჰონორარს აიღებ, დრო გადის. მე კი ბინის ფული მაქვს გადასახდელი.

ჯანდაბას, მარტო რომ ვიყო, რაღაცას კიდევ მოვიფიქრებდი, მაგრამ მოხუცთან ერთად ქუჩაში ხომ არ დარჩები? თვის ბოლოს ფული რომ ვერ მივიტანე, ბინიდან გაგდების რეალური საფრთხის წინაშე დავდექი, დავივიწყე ყოველგვარი ჟურნალისტური სტანდარტი, ეთიკა (რაზეც მაშინ ისედაც ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა) და ორ ადამიანთან გავბედე ჩემი პრობლემის შესახებ ლაპარაკი. ერთ-ერთი ალეკო შალამბერიძე იყო, რომელსაც ჟურნალისტებთან განსაკუთრებული, მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. ბუნებრივია, 100 ლარი, რომელიც მისგან ვისესხე, როგორც თქვენ არ დაგიბრუნებიათ მისთვის, ისე _ მე. იმიტომ კი არა, რომ უსინდისო ვარ. უბრალოდ, მერე, როცა ფინანსური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გამომიკეთდა, ვერ გავბედე, მეთქვა, ფულს დაგიბრუნებ-მეთქი. შემეშინდა, შეურაცხყოფად არ მიეღო. ერთადერთი, რასაც ვაკეთებდი, როცა შევხვდებოდი, სულ ვეუბნებოდი: "ბატონო ალეკო, თქვენი ასი ლარი მაქვს ვალი". ისიც იცინოდა და დაივიწყეო, მეუბნებოდა, მაგრამ სიტყვა "დაგიბრუნებ" ვერაფრით ვუთხარი. ძალიან გული დამწყვიტა მისმა უეცარმა გარდაცვალებამ. მინდა ვალი დღეს მას ამ მოგონებით დავუბრუნო.

სუპერთასი, ბილეთები და  ge

კარგი ამბავია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, ყველა ტელევიზიას, დიდს თუ პატარას, ერთნაირი შანსი ეძლევა, მაგრამ ხელისუფლებამ ისე ვერ მოაგვარა ეს საქმე, რომ პრობლემა არ შექმნილიყო. სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა, სამაგიეროდ, დაივიწყა მარტოხელა პენსიონერები, რომლებიც 150 ლარზე ცხოვრობენ და აღმოჩნდა, რომ ახლა 70 ლარი აქვთ გადასახდელი რAაღაც მოწყობილობაში, რომლის გარეშეც ტელევიზორს ვერ უყურებენ. ასევე არიან ოჯახები, რომლებიც არ გადიან სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში, მაგრამ 70 ლარი ძნელი გადასახდელია!

მაგრამ რა არის ამასთან შედარებით ის უთავბოლობა, რაც სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებით მოხდა. გასაგებია, რომ ასეთ მატჩს პირველად ვატარებთ, მაგრამ პირველად რომ ატარებ, სწორედ ამიტომ უნდა მოინდომო და იაღლიშები არ მოგივიდეს. ვისი ბრალია? ალბათ, ყველასი: ხელისუფლების იმიტომ, რომ საერთოდ განზე გადგა, აქაოდა, ფეხბურთის ფედერაციაა პასუხისმგებელიო; ფედერაცია, რაც უნდა უცნაური იყოს, ასევე განზე გადადგა, აქაოდა, უეფას დელეგატი თავად აგვარებს ყველაფერსო; რა თქმა უნდა, ბილეტები.გე-ს, რადგან თურმე ვერ გათვალეს, რომ "ბარსელონას" თბილისში ჩამოსვლას ამხელა აჟიოტაჟი მოჰყვებოდა; ბოლოს და ბოლოს, დამნაშავე არის სწორედ ეს გე, ანუ ქართული ხასიათი, უფრო სწორად, ქართული მატრაკვეცობა. როგორც დავაკვირდი, ბილეთებზე ბევრი ისეთი ვინმე ჩალიჩობს, ვინც ფეხბურთს საუკუნეში ერთხელ უყურებს, განსაკუთრებით _ გოგოები. "ბარსელონა", მესი და რამე... ხომ არ დააკლდებიან! საბოლოოდ ყველანი ერთად იმდენი აღმოჩნდნენ, რომ გაჭედავდა საიტი, აბა, რას იზამდა!