რა სამართლებრივი მექანიზმები ამუშავდება, თუ რუსეთი სტრასბურგის გადაწყვეტილებას არ შეასრულებს? - კვირის პალიტრა

რა სამართლებრივი მექანიზმები ამუშავდება, თუ რუსეთი სტრასბურგის გადაწყვეტილებას არ შეასრულებს?

"შესაძლოა რუსეთმა საქართველოს 70 მილიონი ევრო არ გადაუხადოს, თუმცა კომპრომისზე წასვლა მას აუცილებლად მოუწევს"

3 ივლისს ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაცხადა და მოსკოვს ქართული მხარისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. სასამართლოს დადგენილებით, 2006 წლის შემოდგომაზე, რუსეთიდან 4 634 ქართველი უკანონოდ გამოაძევეს, რითაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე ოქმის მე-4 მუხლი დაირღვა. სასამართლო განჩინებაში ისიც არის მითითებული, რომ ამავე პერიოდში, 2 380 ქართველი რუსეთში უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი დაცვის გარეშე დააკავეს, რომელთაგან სამი პატიმრობისას გარდაიცვალა.

კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოსა და რუსეთს 12-თვიანი ვადა მიეცათ, თუმცა ამ დრომდე თანხის განსაზღვრაზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები არ დაწყებულა. თუ საქართველო და რუსეთი კომპენსაციაზე განსაზღვრულ ვადაში ვერ შეთანხმდებიან, საქმეში ისევ სასამართლო ჩაერთვება. ამ ეტაპზე, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, საქართველო რუსეთის ხელისუფლებისაგან 70 320 000 ევროს ითხოვს, თუმცა ოფიციალური მოსკოვის პოზიცია ჯერ კიდევ უცნობია.

იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ რუსეთთან ოფიციალური ურთიერთობის არარსებობის გამო, მათთან კომუნიკაცია არ შემდგარა.

ექსპერტების პროგნოზით რუსეთი დაკისრებულ ვალდებულას არც ამჯერად შეასრულებს. რა სამართლებრივი მექანიზმები ამუშავდება, თუ მოსკოვი დაკისრებულ კომპენსაციას საქართველოს არ გადაუხდის? ამის გასარკვევად იურისტ ლევან ალაფიშვილს დავუკავშირდით:

- სანამ ევროპა გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების პროცესზე გადავა, ორივე მხარის პოზიციები საბოლოოდ უნდა გაირკვეს. თუ დადგინდა, რომ რუსეთი განჩინების შესრულებაზე უარს აცხადებს, საკითხს ევროპის მინისტრთა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც ოფიციალური მოსკოვის მიმართ სანქციების დაკისრებაზე მსჯელობა დაიწყება.

- კომპენსაციაზე შესათანხმებლად ევროპის სასამართლოს მიერ განსაზღვრული 12 თვის ამოწურვის შემდეგ, კიდევ რა პერიოდით შეუძლია რუსეთს საბოლოო პოზიცია არ დააფიქსიროს?

- მოგეხსენებათ, საქართველოსა და რუსეთს შორის ოფიციალური კომუნიკაციის არხი არ არსებობს. მართალია, გარკვეულ საკითხებზე შვეიცარიის საელჩოს საშუალებით საუბარი შესაძლებელია, თუმცა არსებობს სფეროები, სადაც შუამავლის კომპეტენცია განსაზღვრულია. ამიტომ ახლა პროცესი ევროპული ინსტუტიტების ჩართულობით წარიმართება.

როდესაც საერთაშორისო გადაწყვეტილებაზეა საუბარი, ყველა დეტალი სამართლებრივი ნორმის სრული დაცვით ხორციელდება. ეს ნიშნავს, რომ 12-თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დრო კიდევ გაიწელება, რაც რუსეთს გადაწყვეტილების აღსრულების ტვირთს შეუმსუბუქებს. საბოლოოდ ევროპა მაინც არ დაუშვებს, რომ სასამართლოს განჩინება აღსრულების გარეშე დარჩეს, რადგან ეს რუსეთის სამართლებრივი სივრცის მიღმა დატოვებას ნიშნავს. არ არის გამორიცხული, გარკვეულ კომპრომისზე თავად სასამართლო წავიდეს.

- რუსეთის მხრიდან კომპენსაციის გადახდაზე თანხმობა, ავტომატურად საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის აღიარებას ნიშნავს. ფიქრობთ, რომ მოსკოვი ამას იმ ფონზე დაუშვებს, როდესაც არცერთ საერთაშორისო ვალდებულებას არ ასრულებს?

- ამ შემთხვევაში მოლაპარაკების საგანი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევა არ გახლავთ. საუბარი მხოლოდ იმაზეა, რუსეთი ქვეყნიდან გაძევებულ ქართველებს გადაუხდის თუ არა კომპენსაციას. დღეს რუსეთის გეოპოლიტიკური ვითარება ისედაც სახიფათო ზღვარზე იმყოფება, ამიტომ თავად რუსებიც აცნობიერებენ, რომ თვითგამიჯვნა მათთვის ხელსაყრელი მდგომარეობა არ იქნება. სანქციების თუ სხვა მექანიზმების საშუალებით, ვფიქრობ, ევროპა რუსეთზე ზეგავლენის მოხდენას მაინც შეძლებს.

- ბოლო დროს რუსი მაღალჩინოსნები ევროსაბჭოს დატოვებითაც იმუქრებიან. შეუნარჩუნდება თუ არა რუსეთს ეს სამართლებრივი ვალდებულება, თუ ის ევროსაბჭოს სივრცეს დატოვებს?

- დიდი ხანია გვესმის განცხადებები, რომ რუსეთი ევროსაბჭოს დატოვებას გეგმავს, თუმცა სიტყვების მიღმა კონკრეტული მოქმედებები ამ დრომდე არ გვინახავს. ეს პოლიტიკური თამაშის ნაწილია, რომლითაც რუსეთი გარკვეული ფონის შექმნას ცდილობს, მაგრამ მსგავსი მეთოდებით სასურველ შედეგს ვერ აღწევენ და ამას თავადაც ხვდებიან. პირადად მე, მაინც ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები ამ წლის ბოლომდე დაიწყება. შესაძლოა რუსეთმა საქართველოს 70 მილიონი ევრო არ გადაუხადოს, თუმცა კომპრომისზე წასვლა მას აუცილებლად მოუწევს.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)