აღიძრება თუ არა საქმე დავით საყვარელიძის მიმართ - კვირის პალიტრა

აღიძრება თუ არა საქმე დავით საყვარელიძის მიმართ

"გამოვრიცხავ, რომ უკრაინის პროკურატურის კორუმპირებულ თანამშრომლებს რევანშის საშუალება ჰქონდეთ"

"უკრაინის გენპროკურორის პირველი მოადგილის ვლადიმირ გუზირის დავალებით, 5 ივლისს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა დანაშაულის ფაქტზე, რომელიც გენპროკურორის მოადგილემ, დავით საყვარელიძემ ჩაიდინა", - ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს ჟურნალისტი ვლადიმერ ბოიკო.

2015 წლის 5 ივლისს, დავით საყვარელიძის მითითებით, პროკურატურის მაღალჩინოსნების კაბინეტებში ჩხრეკა ჩატარდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, საყვარელიძემ ჩხრეკა თითქოს მექრთამე ჩინოვნიკების გამოსავლენად, უკანონოდ ჩაატარა. ამის თაობაზე მას გენპროკურორის პირველი მოადგილისთვისაც არაფერი უცნობებია. საყვარელიძემ მიმართა მხოლოდ ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს, ვასილი გრიცაკს, რომელმაც მას სპეცდანიშნულების რაზმ "ალფას" მებრძოლები გამოუყო. თუმცა, კაბინეტების ჩხრეკისას ვერავითარი ქრთამი ვერ აღმოაჩინეს, - წერს ჟურნალისტი.

ამ თემაზე კომენტარი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ნუგზარ წიკლაურს ვთხოვეთ:

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა, პოროშენკომ მიიღო გადაწყვეტილება, რითაც მხარი დაუჭირა ანტიკორუფციულ ქმედებებს... დაახლოებით 10 დღის განმავლობაში საბოლოოდ გადაწყდება, რამდენად წარმატებული იქნება ის ანტიკორუფციული ქმედებები, რასაც საყვარელიძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ახორციელებს. თქვენ ხედავთ, სააკაშვილის რეიტნგი ისეთი სიმაღლეზეა, რომ საოცრებებს ახდენს, უკრაინის პოლიტიკურ სპექტრში ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად იქცა და ახლა ვეღარავინ შეძლებს ანტიკორუფციული მოძრაობის შეფერხებას...

- თუ საყვარელიძეზე საქმე მართლაც აღიძრა, ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი კვიტაშვილი თანამდებობიდან წავიდა, ეს სააკაშვილის რეიტინგზე არ მოახდენს გავლენას?

- სხვათა შორის, კვიტაშვილი მას შემდეგ გაუშვეს, რაც სააკაშვილმა გააკრიტიკა და სანდროს თანამდებობიდან წასვლისკენ მოუწოდა, რადგან რეფორმების ის ტემპი, რომელიც უკრაინის ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარეობს, უფრო აგრესიული უნდა ყოფილიყო, თორემ კვიტაშვილის სტრატეგიაში არავითარი პრობლემა არ ყოფილა. რაც შეეხება სააკაშვილის რეიტინგს, მას აქვს ხალხის ფანტასტიკური მხარდაჭერა, რომელიც ყოველდღიურად იზრდება და წარმოუდგენელია უკრაინის პროკურატურამ, რომელიც განთქმულია კორუმპირებულობით, შეძლოს რეფორმატორთა გუნდს პრობლემები შეუქმნას. თუ ეს მოხდება, უკრაინული რეფორმების დასამარება იქნება.

- ბატონო ნუგზარ, როცა საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა, თქვენ ამბობდით, რომ საქმე გვქონდა პოლიტიკურ დევნასთან, იქნებ უკრაინაშიც იგივე ხდება?

- მე არ ვცხოვრობ უკრაინაში და არ ვარ ბოლომდე გათვითცნობიერებული ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ იქ რაც ხდება, ცხადია - ერთ მხარეს არის პროკურატურა, რომელიც ცნობილია კორუფციული გარიგებებით და მილიონების გამოძალვით და მეორე მხარეს რეფორმატორთა გუნდი, რომელსაც აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება. პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ პროკურატურის კორუმპირებულ თანამშრომლებს რევანშის საშუალება ჰქონდეთ, რადგანაც საქმეში ჩართულია ის ძალა, რომელიც იშვიათად ერთვებოდა-ხოლმე რაიმე მოძრაობაში და ეს ძალა ხალხია!

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)