ბუბა კიკაბიძე: "მთავრობას გადაეცით, რომ მალე თბილისში დაგვიჯდებიან რუსები" - კვირის პალიტრა

ბუბა კიკაბიძე: "მთავრობას გადაეცით, რომ მალე თბილისში დაგვიჯდებიან რუსები"

"ახლა საავადმყოფოში ვწევარ, დიალეზზე ვარ შეერთებული. რომ შემეძლოს, სულ იქ ვიდგებოდი"

შიდა ქართლში საოკუპაციო საზღვრის კილომეტრნახევრით გადმოწევა ბევრმა ადგილზე ჩასვლით და ე.წ. სასზღვრო ბანერების ჩამოხსნით გააპროტესტა. მომხდარისადმი თავისი დამოკიდებულება აქვს ცნობილ მომღერალ ბუბა კიკაბიძეს, რომელიც ავადმყოფობის მიუხედავად საზოგადოების მწვავე პროტესტს უერთდება:

- საშინლად ვარ, ეს ე.წ. საზღვარი ისევ გადმოსწიეს... ეგ გადმოწევა არ დამთავრდება ჩვენ თუ არ მივხედეთ საქმეს ბოლოს და ბოლოს!

- როგორ უნდა მივხედოთ?

- იცით რას გეტყვით? - დაურეკეთ მთავრობას და ჰკითხეთ, იმათ უნდა თქვან როგორ უნდა მივხედოთ! რუსები ასე გადმოწევა-გადმოწევით თბილისამდე მოვლენ. უნდა იგრძნონ, კაცო, რომ ჩვენ ჩუმად არ ვართ! მაგათ ჰგონიათ ჩვენ მაინც ყველაფერს შევეგუებით და შედეგიც ეგ არის, რა! მთავრობას გადაეცით, რომ მალე თბილისში დაგვიჯდებიან რუსები...

- ჩვენში ბევრს ასეთი პოზიცია აქვს, 2008 წლის მსგავსად რუსეთთან ომს ხომ არ დავიწყებთ ისევო?

- მაშინ ავწიოთ ხელები და ჩავბარდეთ, რაღას ვწვალობთ ამდენს! ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა –ერმა და ბერმა! ან ერთი უნდა ავირჩიოთ, ან - მეორე. ეს რა არის, კაცო?! გვითხრან თუ ყველაფერი დამთავრებულია და უნდა შევეგუოთ რუსის თბილისში დაჯდომას, მაშინ აღარც ჩვენ ვიქნებით მუდმივად სულ ასეთ გაუგებრობაში! ნერვები აღარ არის, ვა!

- ბევრი ჩავიდა და ადგილზე გააპროტესტა საუკუპაციო ზოლის გადმოწევა...

- ახლა საავადმყოფოში ვწევარ, დიალეზზე ვარ შეერთებული. რომ შემეძლოს, სულ იქ ვიდგებოდი.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)