"ჩამოვლენ, იბაქიბუქებენ, შემდეგ კი უკანმოუხედავად მიდიან, ჩვენ კი ისედაც მძიმე მდგომარეობა მეტად გვიმძიმდება" - ხმაური ხურვალეთში - კვირის პალიტრა

"ჩამოვლენ, იბაქიბუქებენ, შემდეგ კი უკანმოუხედავად მიდიან, ჩვენ კი ისედაც მძიმე მდგომარეობა მეტად გვიმძიმდება" - ხმაური ხურვალეთში

ხურვალეთის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში ხმაურია. ადგილობრივი მოსახლეობა სწორედ იმ ადგილას შეიკრიბა, სადაც მედიასაშუალებების წარმომადგენლები მუშაობენ.

ხურვალითს მოსახლეობა ორ ფაქტს აპროტესტებს, ერთი მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიერ რამდენიმე დღის წინ ჩატარებული აქციისას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის დემონტაჟს და მეორე - ანდრო ბარნოვის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს. ადგილობრივების თქმით, ამგვარი ქმედებები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს, შემდგომ ეს ადამიანები თავად თბილისში ბრუნდებიან, ადგილობრივებს კი, საკმაოდ სერიოზული პრობლემები იქმნებათ.

"თვითონ ჩამოვლენ, პიარს გაიკეთებენ, რამდენიმე ხმამაღალ განცხადებას გააკეთებენ, იბაქიბუქებენ და შემდეგ კი უკანმოუხედავად მიდიან თბილისისკენ. ჩვენ კი აქ ვრჩებით და ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო გვიმძიმდება. მოსავალი გვაქვს ასაღები, აქამდე თუ გვქონდა იმის საშუალება, რომ ჩვენს ბაღებში შევსულიყავით და ხორბლის და ქერის ნათესები აგვეღო, ახლა მოსავლის აღების საშუალებაც შეგვეზღუდა. ჩამოვიდნენ აქ ადამიანები და დაგვიდგნენ გვერდში თუ ვაჟკაცობა ეყოფათ. ჩვენ უნდა დავსხდეთ კომბაინებზე და სერიოზული რისკის ფასად უნდა დავიწყოთ მოსავლის აღება, თუ ამდენი ვაჟკაცობა აქვს ანდრო ბარნოვს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ბანერი მოგლიჯეს, მოვიდნენ კომბაინზე გვერდით დაგვისხდნენ და ჩვენთან ერთად მიიღონ მონაწილეობა ხორბლის აღებაში", - აცხადებს ხურვალეთის მოსახლეობა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

ადგილობრივი მცხოვრებლები ყურადღებას ხელისუფლებასაც სთხოვენ და ამბობენ, რომ სოფელ ხურვალეთში უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობაა.

"არც წყალი გვაქვს, არც შესაბამისი ტექნიკა, რომ მოსავლის აღება შევძლოთ. ჩვენ საკუთარ მიწებზე წვდომა შეგვეზღუდა. გარდა ამისა, ჯერ კიდევ შარშან თითქოს დაასრულეს ბუნებრივი აირის გაყვანა, თუმცა ამ დრომდე გაზი გაშვებული არ არის. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, აღარც საძოვრები გვაქვს და ვეღარც პირუტყვი გაგვყავს. მოგვხედოს ხელისუფლებამ და გაითვალისწინოს ჩვენი მდგომარეობა", - აცხადებენ ხურვალეთის მცხოვრებლები.

"ინტერპრესნიუსი"