"პუტინი კეისარია, მაგრამ არა - იულიუსი. ნერონს უფრო ჰგავს… "პუტინის ხანას" რომის დაცემის ხანას შევადარებდი..." - კვირის პალიტრა

"პუტინი კეისარია, მაგრამ არა - იულიუსი. ნერონს უფრო ჰგავს… "პუტინის ხანას" რომის დაცემის ხანას შევადარებდი..."

"მოსკოვს თავისი ტროას ცხენები ჰყავს ევროპაში: უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, გარკვეულწილად, ავსტრიაც".

"პუტინის იდეოლოგიური ბორშჩი მზადდება სრულიად ურთიერთგამომრიცხავი ინგრედიენტებისგან: ერთი მხრივ, ეთნიკური ნაციონალიზმი და "რუსეთი რუსებისათვის", მეორე მხრივ კი, რუსეთი, როგორც დიდი ძმა და მულტიკულტურული მეგაპოლისი".

საბერძნეთის რეფერენდუმის შემდეგ ევროპა ჯერაც ვერ მოსულა გონს. საომარი მოქმედებები განახლდა უკრაინაში - მინსკის მეორე შეთანხმებაც წინამორბედივით მყიფე გამოდგა. ისლამური სახელმწიფოს ტერორის რეჟიმი ახლო აღმოსავლეთში. ამ საყოველთაო კრიზისის შემხედვარე, მოსკოვში ერთი კაცი, ალბათ, სიხარულისგან ხელებს იფშვნეტს - ქაოსი ხომ, განსაკუთრებით, ისეთი, რომელშიც თვითონაც შეიტანა წვლილი, მისი მთავარი სპეციალობა და გასართობია. "დაყავი და იბატონე" ხომ წლებია პუტინისა და ზოგადად რუსეთის მთავარ დოგმად იქცა და ახლაც, ეჭვგარეშეა, კრემლის გროსმაისტერმა უკვე გააკეთა სვლები რუსეთის "სტრატეგიული ინტერესების" დასაცავად. სწორედ პუტინსა და პუტინის რუსეთზე ვესაუბრეთ შტატებში მოღვაწე რუს მკვლევარსა და ჟურნალისტ ლილია შევცოვას, ვინც, ალბათ, იმ მცირერიცხოვან ჯგუფს განეკუთვნება, ვისაც შესაძლოა, არა მარტო დიაგნოზი, არამედ რეცეპტიც ჰქონდეს იმ თავსატეხის წინააღმდეგ, რადაც პუტინი და დღევანდელი რუსეთი ქცეულა დასავლეთისათვის.

ქალბატონ შევცოვას ევროპის სახლის ორგანიზებით გამართულ საჯარო დისკუსიაზე "მსოფლიო წესრიგი ოცდამეერთე საუკუნეში" შევხვდით, სადაც იგი ერთ-ერთი სპიკერის როლს ასრულებდა. ხალისით დაგვთანხმდა, თანამედროვე რუსეთი ჩვენთან ერთად განეხილა.

- საბერძნეთით დავიწყოთ,  რა შედეგებს მოიტანს ბერძნების არა?

- "ბერძნული ცირკი" ევროპულ პროექტს გამანადგურებელ დაღს დაასვამს. ძველი ევროპა ამიერიდან კიდევ უფრო მეტს იყოყმანებს, ვიდრე ახალი წევრებისათვის კარის გაღებას გადაწყვეტს".

- მოსკოვთან უვერტიურა რეალურია? თუნდაც, პერსპექტივაში?"

- ასე არ ფიქრობს. "ბერძნები ევროკავშირთან დარჩებიან ნავში - მშვენივრად ესმით, რომ რუსეთი დეფოლტისაგან ვერ გადაარჩენს. ასე რომ, ათენ-მოსკოვის ალიანსი არ შედგება".

- რაზეც ორივე ვთანხმდებით, არის ის, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა ევროპას შიგნიდან გამოუთხაროს ძირი (განხეთქილება დათესოს?) და ბერძნების რიტორიკაც ამის ერთ-ერთი მტკიცებულებაა. მოსკოვი ცდილობს, დასავლეთს როგორმე სანქციების პოლიტიკა "გადააფიქრებინოს", მეტიც, ყოველგვარი ხალისი გაუქროს, გადადგან კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი - უკრაინის თავდაცვითი შეიარაღებით მომარაგება. გადადგამს თუ არა დასავლეთი ამ ნაბიჯს, ჯერაც პასუხგაუცემელ კითხვად რჩება.

- ყველაფერი დამოკიდებულია ორი დედაქალაქის - ვაშინგტონისა და ბერლინის კონსენსუსზე", - ამტკიცებს შევცოვა, რომელიც არ მალავს სკეპტიციზმს ორივე მათგანის მიმართ. "ჩემი აზრით, ამერიკელები ინიციატივას ბერლინს უთმობენ, რადგან ობამას "არ სცალია" - ორი სხვა კრიზისითაა დაკავებული, რომლებიც მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინა - ირანსა და სირიას ვგულისხმობ. ირანთან ბირთვულ შეთანხმებას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ობამასათვის - იგი ამას საკუთარ მემკვიდრეობად მოიაზრებს და ყველაფერს იღონებს, რათა ისტორიაში დარჩეს პრეზიდენტად, რომელმაც ირანის ბირთვული დილემა გადაჭრა".

- და ბერლინი?

- ბევრს არც მათგან უნდა ველოდეთ. მერკელი და კომპანია არასოდეს დაუჭერენ ასეთ გადაწყვეტილებას მხარს - ისინი ამისთვის მზად არ არიან. მაგრამ, იმავდროულად, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, დახუჭავს თუ არა ბერლინი თვალს სხვა, "ნაკლებად მნიშვნელოვან" ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, უკრაინა არალეტალური შეიარაღებით მოამარაგონ. პრინციპში, უკრაინას სწორედ ეს სჭირდება ახლა: კომუნიკაცია და "დრონები", და დასავლეთს შეუძლია უკრაინას ამით დაეხმაროს.

ვეუბნები, რომ მის ოპტიმიზმს არ ვიზიარებ. არსებობს მწარე, გამომაფხიზლებელი რეალობა - ქვეყნები, რომლებიც ჯერ კიდევ მასშტაბურ ენერგომომხმარებლებად რჩებიან, ყოყმანობენ და შეშფოთებას ვერ მალავენ; იტალიის პრემიერი სტუმრობს მოსკოვს, სადაც კარგა ხანია, არც ერთი ევროპული ქვეყნის პირველი პირი არ ჩასულა; პუტინის ვიზიტი ვატიკანში; საბერძნეთ-ევროკავშირის მოლაპარაკებები, რომლებიც თანდათან ორმხრივ შანტაჟს ემსგავსება; დიდი ბრიტანეთი, რომელიც ევროკავშირიდან გასვლა/დარჩენის რეფერენდუმისთვის ემზადება. დღევანდელ ევროპას ბევრი რამე შეიძლება უწოდოს ადამიანმა, მაგრამ "ერთსულოვანი" ამ ეპითეტების რიცხვში არ შედის. ჩნდება კითხვა: ნუთუ ესაა ის ხალხი, ვისაც ძალუძს, პუტინს წინ აღუდგეს?

- ამ ეჭვებს ვიზიარებ,  კრემლში ტაქტიკა არავისგან ესწავლებათ და ენერგოფინანსური და პოლიტიკური ბერკეტების ნაკლებობასაც არ უჩივიან. მოსკოვს თავისი ტროას ცხენები ჰყავს ევროპაში: უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, გარკვეულწილად, ავსტრიაც. ბლომად არიან ე.წ. Pუტინვერსტეჰერ-ები ("ვისაც პუტინის ესმის" - გერმ.) ამ მხრივ განსაკუთრებით სცოდავენ საფრანგეთი და გერმანია - მარი ლე პენის და გერმანელი მემარცხენეების რიტორიკის მიღმა კრემლის მიერ "სწორად გახარჯული" ფინანსური რესურსების პოვნა არც ისე ძნელია…

- მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს ქვეყნები მაინც ერთად დგანან სანქციების საკითხში. ამას კი არავინ მოელოდა - რომ ევროპა ერთსულოვანი და პრინციპული აღმოჩნდებოდა სანქციების საკითხში. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, სანქციებმა რუსეთი აიძულოს, მათი მთავარი მოთხოვნა შეასრულოს - უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას - ყირიმის უკან დაბრუნებას ვგულისხმობ. ასე რომ, უკეთეს შემთხვევაში, სანქციები კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება და, ალბათ, მივიღებთ იმას, რასაც ბევრი ახალ "ცივ ომს" ან "ეკონომიკურ ცივ ომს" უწოდებს.

- წინა "ცივი ომი" იყო ომი სისტემებსა და იდეოლოგიებს შორის. რუსეთს კი არ გააჩნია სისტემური იდეა, რასაც მსოფლიოს ან თუნდაც საკუთარ მოქალაქეებს შესთავაზებდა. პუტინი გამუდმებით ეძებს ამ იდეას - იდეას, რომლის გარშემოც რუსეთი გაერთიანდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ერთადერთი, რაც მუშაობს, შტატებისა და ზოგადად, დასავლეთის სიძულვილია. იმავეს ვერ ვიტყვით რუსული იმპერიალიზმისა და ეთნიკური ნაციონალიზმის უბადრუკ მცდელობაზე, თუ რუსეთი გააგრძელებს "რუსულ სამყაროსა" და "ჩვენ ვიცავთ რუსებს" რიტორიკას, ჩეჩნები, ადრე თუ გვიან, იტყვიან. "ჩვენ თქვენთან არ გვსურს. ჩვენ არა ვართ რუსები". იმავეს გაიმეორებენ თათრებიც და ეს რუსეთის ფედერაციის სუიციდი იქნება.

კვლავ ვერ ვთანხმდებით. რა იდეოლოგიის დეფიციტზეა საუბარი: განა რუსები არ არიან, ქრისტესთვის მებრძოლ მეოცე საუკუნის რაინდებად რომ ასაღებენ თავს? და ეს "იყიდება" - რუსეთი, როგორც ქრისტიანული სამყაროს დამცველი, ბევრისთვის მისაღებია, მათ შორის, საქართველოშიც. მოსკოვი - მესამე რომი და მის მიერ გაჩაღებული კულტურული ომი ყველაფერ დასავლურის წინააღმდეგ. ამ რიტორიკამ რუსეთს მომხრეები შესძინა მთელი მსოფლიოს მასშტაბით - განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგიის ადამიანები, რომლებსაც აქვთ საერთო-ნეოლიბერალური ღირებულებების სიძულვილი. ზემოთ ხსენებული ჩეჩნები და თათრებიც ამ კატეგორიაში ხვდებიან. ასე რომ, იქნებ სისტემურ ჩარჩოებში არმოქცეული იდეოლოგიური არსენალი პირიქით, პუტინის კოზირია?

- ეს კოზირი კი არა, ბორჩშია, - მაწყვეტინებს, - პუტინის იდეოლოგიური ბორშჩი, რომელიც მზადდება სრულიად ურთიერთგამომრიცხავი ინგრედიენტებისგან: ერთი მხრივ, ეთნიკური ნაციონალიზმი და "რუსეთი რუსებისათვის", მეორე მხრივ კი რუსეთი, როგორც დიდი ძმა და მულტიკულტურული მეგაპოლისი. პატერნალისტური ქვეყანა, რომელიც აგრესიულად ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს. ებრძვიან გარყვნილ დასავლურ ღირებულებებს, მაგრამ, იმავდროულად, პუტინი "ბრიტიშ პეტროლიუმს" ეუბნება, რომ ისინი პარტნიორები არიან. ასეთი, ჰიბრიდულ-იდეოლოგიური ბორშჩი ცდილობს, ყველა მხრიდან მოიზიდოს მუშტარი, მაგრამ ეს მცდარი იდეოლოგიაა, რომლის მიზანია მოსახლეობის დაბნევა, დემორალიზება და სიცრუეში ცხოვრება. ხალხი უზის ტელევიზორს და დღიური დემორალიზაციის დოზას იღებს. ეს ყველაფერი პუტინის ჰიბრიდული ომის ნაწილია - იგი იდეებსაც ეომება. როდესაც მხოლოდ პოლიტიკური უდაბნო დარჩება, პუტინი იქნება ერთადერთი, ერთიანი წყარო ძალაუფლებისა…

- როგორც კეისარი...

- სწორედაც!

- ინტერნეტი სავსეა მოსაზრებებით, თეორებითა და შიგადაშიგ კვლევებითაც კი, სადაც განიხილავენ მსგავსებებს იულიუს კეისარსა და იმპერატორ ვლადიმუსს შორის, როგორც მას ხშირად იხსენიებენ ამ თემით დაინტერესებულები. განსაკუთრებით საინტერესო მაგალითი იყო პუტინის გათვლა სევასტოპოლისა და ყირიმის სამხედრო ბაზების "შემოერთებისას" - ადგილობრივ უკრაინელ სამხედრო პერსონალს სამგვარი არჩევანი მისცეს: შეეძლოთ სახლში წასულიყვნენ, როგორც უბრალო მოქალაქეები, შეერთებოდნენ რუსულ არმიას ან დაბრუნებოდნენ უკრაინულს. რამდენად "ბრძოლისუნარიანები" აღმოჩნდნენ ეს უკრაინული დანაყოფები ყირიმის მიტაცებისას, ყველამ ვნახეთ. იდენტური ტაქტიკა ერთობ ეფექტურად გამოიყენა კეისარმა გალებთან ომის დროს - ბარბაროსი ტომების მეომრებმა, რომელთა საბრძოლო შემართებაზე ლეგენდები დადიოდა, მოულოდნელად საბრძოლო სულისკვეთება დაკარგეს, იცოდნენ, რომ თუ გაიქცეოდნენ ან მტერს ჩაჰბარდებოდნენ, ცოცხლები დარჩებოდნენ. მეორე დილით გაღვიძების ინსტინქტი სამშობლოს დაცვაზე უფრო მაცდუნებელი აღმოჩნდა. და კიდევ, პუტინის ჭეშმარიტად კეისრისეული პოპულარობა, რომელზეც ბევრი რომაელი იმპერატორი სიზმარშიც კი ვერ იოცნებებდა.

- პუტინს, ალბათ, მოეწონებოდა ეს ისტორიული პარალელი... (იღიმის) - პუტინი კეისარია, მაგრამ არა - იულიუსი. ნერონს უფრო ჰგავს… "პუტინის ხანას" რომის დაცემის ხანას შევადარებდი - თუ კეისრის რომი იყო აღმავლობის რომი, პუტინის რომი დაღმავლობისა და აგონიის რომია. მისი პოპულარობა კი ეფემერულია - საბჭოთა კავშირის დაშლამდე კომუნისტურ პარტიას მოსახლეობის 99,9%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, რაც ერთობ წააგავს პუტინის 89% -ს. ეს პუტინსაც მშვენივრად ესმის - იცის, რომ მის პოპულიზმს კორუფცია და ქრთამები ასაზრდოებს, რეალურად "მუშა" რესურსებს კი სწრაფი ტემპით კარგავს - ეკონომიკური კრიზისის ფონზე, არ შეუძლია გაზარდოს პენსიები, ხელფასები, გაზრდას ვინ ჩივის, 10% -ით შემცირდა, რუსეთის ბიუჯეტმა კი უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში უზარმაზარი დანაკარგი განიცადა, რუსების მაცივრებში თანდათანობით მატულობს ცარიელი თაროების რაოდენობა. ჯერჯერობით, პუტინი ყველაფერ ამის კომპენსირებას მტრის ხატის შექმნით მეტ-ნაკლებად ახერხებს. თანაც, უფროსი თაობისათვის, პუტინი სახელმწიფოს განასახიერებს - მისი დაცემით რეჟიმი ჩამოიშლება, მაგრამ ახალი თაობა, რომელმაც იცის ღია საზღვრებისა და ინტერნეტის ფასი, ასე არ იცხოვრებს - ისინი არასოდეს გაცვლიან თავიანთ თუნდაც ნახმარ "მერსედესებსა" და "ტოიოტებს"ლადა კალინაზე", და თუ მათ ამას აიძულებენ, ისინი ქუჩებს მიაშურებენ.

-  ვინ იქნება ბრუტუსი? მედვედევმა ცდუნებას უკვე გაუძლო. გახდება თუ არა საჭირო ახალი პუტინი ძველის დასამხობად?

- ბრუტუსის ვინაობაზე მკითხაობა არაფერს მოგვცემს. ამ როლისთვის ადამიანს არ უნდა ვეძებდეთ - პუტინს, სავარაუდოდ, ვინმე მდარე, ყველასათვის მისაღები უღიმღამო კანდიდატი შეცვლის. ცვლილება, ალტერნატიული მომავლის შესაძლებლობა - აი, რას უნდა ველოდოთ და ვეძებდეთ, მაგრამ ეს ცვლილება ვერ მოვა შიგნიდან, თუ გარედან არ დავეხმარეთ. მტკიცე, განუხრელი ზეწოლა არსებულ მთავრობაზე თანდათანობით მის ჩამოშლას გამოიწვევს, როგორც ეს კიევში მოხდა. სწორედ ასეთი ცვლილება გვჭირდება, ტრანზიცია - აი, ნამდვილი ბრუტუსი. ეს დღეს არ მოხდება, რადგან დღევანდელი რუსეთის პოლიტიკული ლანდშაფტი საჰარის უდაბნოა, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს ხვალ, ზეგ კი აუცილებლად მოხდება.

ამით ვამთავრებთ ერთსაათიან ინტერვიუს - იშვიათი შემთხვევა, როდესაც ხანგრძლივი საუბარი არც მოსაწყენი გამხდარა, არც ტრივიალური.

ვაჟა თავბერიძე

წყარო