ზაზა პაპუაშვილი: "ვიგინდარებთან ურთიერთობისას თავს ვერ ვიკავებ" - კვირის პალიტრა

ზაზა პაპუაშვილი: "ვიგინდარებთან ურთიერთობისას თავს ვერ ვიკავებ"

რატომ ემუქრება ზაზა პაპუაშვილი "ნაციონალებს" ცხვირ-პირის დამტვრევით?!

"ნაციონალური მოძრაობის" უზრდელობამ, უკიდეგანო დემაგოგიამ, სილაჩრემ და სიმხდალემ გამოიწვია პროვოკაცია"

"ესენი მართლა უზრდელები, დემაგოგები არიან. გადადიან დაუკრეფავში. აბსოლუტურად მოწმენდილი ციდან გამოიყვანენ რაღაც სიტუაციას. თავ-პირი უნდა უმტვრიო ამათ დღე და ღამე", -განაცხადა დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე ოპონენტებთან სიტყვიერი დაპირისპირებისას. ჩვენ დავუკავშირდით დეპუტატს და კომენტარი ვთხოვეთ:

- უმიზეზოდ არავის ვესხმის თავს და უაზროდ არავის ვეჩხუბები. ის რაც პარლამენტში მოხდა, ეს იყო ჩვეულებრივი ეროვნულ-ბოლშევიკური პროვოკაცია, რომლის სათავეშიც, ბუნებრივია, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იდგნენ. ჩვენ განვიხილავდით ძალიან რთულ საკითხს - შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების სამსახურის გამიჯვნას და კენჭს ვუყრიდით უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ბატონ ვახტანგ გომელაურს, რომელსაც ჩვენმა გუნდმა სრული ნდობა გამოუცხადა. "ნაციონალები" მოვიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ პროვოკაციებით აერიათ ვითარება, არადა, ძალიან საქმიანი განხილვა მიმდინარეობდა. მათმა უზრდელობამ, უკიდეგანო დემაგოგიამ, სილაჩრემ და სიმხდალემ გამოიწვია არეულობა. მე პირადად მაქსიმალურად ვცდილობ ასეთ მოვლენებს გავერიდო ხოლმე, მაგრამ არის ვითარებები, რომელსაც ძალიან ძნელია გვედრი აუარო და თვალი დახუჭო. "ნაციონალები" გამოწრთობილი არიან უზრდელობაში და მათ უზრდელობის კასკადის მოწყობა შეუძლიათ. თუ უყურეთ სხდომას, ნახავდით, როგორ მიმართავდნენ ეკა ბესელიას, სურდათ ჩვენთვის დემაგოგიის თავზე მოხვევა, რაც თავმოყვარე ადამიანისთვის ძალიან რთული მოსათმენია.

- თქვენ ხართ დეპუტატი და გაქვთ თმენის ვალდებულება...

- მე არავის ჭკუის დარიგება არ მჭირდება, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ასეთი რაღაცეები არ მოსწონს, ძალიან ვთხოვ, გაახილონ თვალი, ჩადგნენ ჩვენს მდგომარეობაში - გაითვალისწინეთ, რა ვიგინდარა და ტუტუც ადამიანებთან გვაქვს საქმე და მხოლოდ ამის მერე იალაპარაკეთ თმენის ვალდებულებაზე. არის მდგომარეობა, როდესაც რეაქციის მოხდენა აუცილებელია, რადგან მათ სითავხედეს საზღვარი არ აქვს. "ერთიანი ბოლშევიკური" ანუ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა გასამართლდეს და უმრავლესი მათგანი უნდა იყოს ციხეში. იმ ადამიანებმა ვინც მე მაკრიტიკებს, კეთილი ინებონ, ჩაიხედონ საკუთარ თავში, გადახედონ ჩემს განვლილ გზას, თუ ვის ვებრძოდი მთელი შეგნებული ცხოვრება. ეს გააკეთონ და ამის მერე უფრო მარტივად მოძებნიან პასუხს.

- ამ ბოლო დროს ყველაზე ხშირად თქვენ ხართ პროვოკაციის მსხვერპლი, ასე ადვილია თქვენი გაღიზიანება, თუ სპეციალურად ცდილობენ თქვენს გაბრაზებას?

- შეიძლება მე ხშირად შევესწრები ხოლმე ასეთი უტიფრობებს და სათანადო პასუხსაც თვითონვე ვცემ, თუმცა თუ გავიხსენებთ, არა მგონია, მხოლოდ მე მქონდეს ასეთი კონფლიქტური სიტუაციები. სიმართლე გითხრათ,ასეთი სიტუაცია არ მომწონს, მირჩევნია საქმიანი გარემო, არგუმენტირებული კამათი, მაგრამ ვიგინდარებთან ურთიერთობისას თავს ვერ ვიკავებ.

- ბატონო ზაზა, "იბიარდზე" თუ ხართ ნამყოფი?

- უმჯობესი იქნება, სოსო ჯაჭვლიანის გამონათქვამების თაობაზე, თავად სოსოს ჰკითხოთ. მე გიპასუხებთ იმაზე, რაც მე მეხება.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)