გახდება გიგლა აგულაშვილი შს მინისტრი?! – "რაც მეტი რესპუბლიკელი დაინიშნება თანამდებობაზე, მით უკეთესი!" - კვირის პალიტრა

გახდება გიგლა აგულაშვილი შს მინისტრი?! – "რაც მეტი რესპუბლიკელი დაინიშნება თანამდებობაზე, მით უკეთესი!"

დავით ზურაბიშვილი: "ფაქტობრივად, "ნაციონალურ მოძრაობასა" და ხელისუფლებას შორის ინტერესთა თანხვედრაც კი ხდება."

"დარწმუნებული ვარ ბიძინა ივანიშვილი არავის უბრძანებდა აქციის მონაწილეებს სცენა არ დაადგმევინოთო"

რამდენად ადეკვატურია მოქმედი პარლამენტი ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებზე და ვის აკისრებს პასუხისმგებლობას 2012 წელს საარჩევნო სიის შედგენაზე, დაინიშნება თუ არა გიგლა აგულაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად და რას ითხოვენ რესპუბლიკელები კოალიციის დანარჩენი წევრებისგან, კვირის პალიტრის კითხვებს, რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი პასუხობს:

- ბატონო დავით, ბოლო დღეების ყველაზე გახმაურებული ამბად დეპუტატ ჯაჭვლიანის პარლამენტის სხდომაზე გაკეთებული თითქმის კურიოზული განცახდებები იქცა...

- კურიოზულ ფაქტებზე ლაპარაკი დაუსრულებლად შეგვიძლია, თუმცა მოქმედ პარლამენტში საკმაოდ სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაც იგეგმება. სახალისო ისტორიები მაინც ჩაივლის, ისტორიაში კი, ზოგადად პარლამენტის მიერ გაკეთებული საქმეები შევა. მაგალითად, 90-იანი წლების დასაწყისში პარლამენტში ისეთ კურიოზული ვითარება იყო, რომ დედა შვილს არ აიყვანდა ხელში, მაგრამ ფაქტია, საქართველოს კონსტიტუციას ხელი სწორედ მაშინდელი მოწვევის დეპუტატებმა მოაწერეს.

- კონკრეტული შედეგი დამისახელეთ, რითაც მოქმედი პარლამენტი ისტორიაში შესვლას მოახერხებს.

- მაგალითად, შსს-სა და ასევე პროკურატურის შესახებ კანონპროექტები სახუმარო საკითხი ნამდვილად არ გახლავთ. უახლოეს მომავალში საარჩევნო სისტემაში ცვლილებებიც იგეგმება. ამასთანავე, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებასა და ანტიდისკრიმინაციულ კანონს ხელი სწორედ ამ პარლამენტმა მოაწერა. ყველამ კარგად იცის, რომ "ქართული ოცნება" საკმაოდ საგანგებო ვითარებაში შეიქმნა. ის კოალიცია კი არა, სააკაშვილის წინააღმდეგ შექმნილი სახალხო გაერთიანება იყო. "ქართული ოცნების" დაკომპლექტებაში მთავარი როლი ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა, რადგან ლეგიტიმაცია და ხალხის მხარდაჭერაც სწორედ მას ქონდა. ნორმალურ ვითარებაში, ალბათ, ასე არ მოხდება, 2012 წელს სულ სხვა ამოცანების წინაშე ვიდექით.

- ცდილობთ, რომ არასათანადო სიის დაკომპლექტებასა და პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელი ხალხის შემოკრებაზე პასუხიმსგებლობა ბიძინა ივანიშვილს დააკისროთ?

- პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება. რა თქმა უნდა, თეორიულად საკანონმდებლო და პოლიტიკურ საქმიანობაში კარგად გათვითცნოიერებული გუნდის შექმნა შესაძლებელი იყო, მაგრამ პრაქტიკულად ასე არ მოხდა. რაც მთავარია, 2012 წელს ქართულმა ოცნებამ ამ შემადგენლობით გაიმარჯვა. ისე,

ვერ ვიტყვი, რომ ახლაც ნორმალურ პოლიტიკურ ვითარებაში ვცხოვრობთ. "ნაცმოძრაობისა" და დანარჩენი სამყაროს დაპირისპირების რეჟიმიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვედით. ეს პოლიტიკური ცხოვრებისთვის დამანგრეველი იქნება - "ნაცების" და "ქოცების" შეხლა-შემოხლა ჯანსაღი პროცესი არ გახლავთ.

- ხელისუფლებაში თქვენი პარტიაცაა, რატომ არ ცვლით სტრატეგიას? საჯარო განცხადებებით ხელისუფლების შეცდომებზე პასუხისმგებლობას ხომ ვერ აირიდებთ?

- რა თქმა უნდა, არა... როგორც ჩანს, ხელისუფლება ცდუნებას ვერ უძლებს, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის მიმართ საზოგადოების უმრავლესობა კვლავ ნეგატიურადაა განწყობილი. მეორე მხრივ, ეს ვითარება "ნაციონალურ მოძრაობასაც" აწყობს, რადგან ხელისუფლების შეცდომების ფონზე ის მთავარ მოწინააღმდეგედ გვევლინება. ფაქტობრივად, ამ "ნაციონალურ მოძრაობასა" და ხელისუფლებას შორის ინტერესთა თანხვედრაც კი ხდება. ვფიქრობ, ხელისუფლებამ შორს უნდა გაიხედოს და ამ ცდუნებას არ აჰყვეს.

- სხვათა შორის, პირადად თქვენ ხელისუფლებას ხშირად საჯაროდ აკრიტიკებთ. პროტესტანტებისთვის კანცელარიასთან სცენის დადგმის უფლების არ მიცემას, ასე გამოეხმაურეთ - ეტყობა ვიღაც ჩლუნგი ჭედავს ზევით. ვინ იგულისხმეთ?

- კონკრეტულად არავინ მიგულისხმია, დარწმუნებული ვარ ბიძინა ივანიშვილი არავის უბრძანებდა აქციის მონაწილეებს სცენა არ დაადგმევინოთო. როგორც ჩანს, თვითონ პოლიცია დაიბნა და ვერ გაიგო შექმნილ ვითარებაში რა ეკეთებინა. თანაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს, თუმცა საბედნიეროდ, სასამართლომ გაამართლა. იმედი მაქვს, ამ გაუგებრობის შემქმნელს დაადგენენ და სათანადოდაც დასჯიან. პრაქტიკულად, ეს სკანდალი ხელისუფლებამ აბსოლუტურად არაფრისგან შექმნა.

- გაჩნდა აზრი, რომ ეს რესპუბლიკური პარტიისგან მორიგი ვაჭრობის ნაწილი იყო, მითუმეტეს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პორტფელი ვაკანტურია და ერთ-ერთ კანდიდატად გიგლა აგულაშვილი სახელდება.

- ნამდვილად არ ვვაჭრობთ... გიგლა აგულაშვილის დანიშვნის საქმის კურსში არც თავად გარემოს დაცვის მინსიტრი და არც პარტიის წევრები ვართ. ისე, რაც მეტი რესპუბლიკელი დაინიშნება თანამდებობაზე, მით უკეთესი, ნამდვილად გამიხარდება. სხვათა შორის, დღეს კოალიციაში რესპუბლიკური პარტიის გარკვეული შენიშვნები გათვალისწინებულია, თუმცა ნაწილი ისევ ისე დარჩა. ამ ტიპის გაერთიანება დეტალურად გაწერილ კოალიციურ შეთანხმებას უნდა გულისხმობდეს. განვითარებულ ქვეყნებში ურთიერთობების ფორმალიზება ყოველთვის ხდება.. მაგალითად, არის საკითხები, რაშიც ჩვენი და მრეწველთა პოზიციები არასოდეს დაემთხვევა, ამიტომ უნდა შევთანმდეთ რატომ ვართ ერთად და რა საკითხებში ვართ სხვებისგან თავისუფალი.

- გინდათ თქვათ, რომ თავდაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვის სამინისტროში რესპუბლიკელის დანიშვნის შემდეგ გარკვეულ დათმობებზე არ წასულხართ?

- ვიღაცებისთვის შესაძლოა მინისტრობა მთავარ მიზანს წარმოადგენს, მაგრამ ჩვენთვის ეს საქმის კეთების საშუალებაა. თვალები არაფერზე დაგვიხუჭავს, პირიქით, ახლა ხელისუფლებაზე მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს. ასეთი სპეციაფიური კოალიციის პირობებში ეს სარისკო ნაბიჯიც იყო, მაგრამ, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტსთვის)