პრეზიდენტის მორიგი ვეტო – მარგველაშილსა და დანარჩენ ხელისუფლებას შორის დაპირისპირება გრძელდება - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის მორიგი ვეტო – მარგველაშილსა და დანარჩენ ხელისუფლებას შორის დაპირისპირება გრძელდება

ირაკლი ღარიბაშვილი: "ვფიქრობ, კატეგორიულად მიუღებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ხელოვნურად ატეხეს ჩვენმა ე.წ. ოპონენტებმა და, სამწუხაროდ, პრეზიდენტი შეუერთდა მათ ამ აჟიოტაჟს და ჟრიამულს."

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა საკანონმდებლო ცვლილებათა იმ პაკეტს, რომელიც ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფას ითვალისწინებს. მისი თქმით, ის ჩართული იყო ამ კანონ-პროექტთან დაკავშირებულ კონსულტაციებში და მისი და მისი თანამოაზრეების კრიტიკის ობიექტი იყო, როგორც პროცესის დაჩქარებულ რეჟიმში წარმართვა, ასევე მისი შინაარსი. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი კონსტიტუციური ინსტიტუტია და მეტი სიფრთხილეა საჭირო, რათა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს. "გადავწყვიტე ამ საკანომდებლო ცვლილებას დავადო ვეტო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ევროკავშირთან კონსულტაციების საფუძველზე შევიმუშავეთ მოტივირებული შენიშვნები და შესაბამისი კანონ-პროექტი, რომელითაც გაძლიერდება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და საზედამხედველო ფუნქციის განცხორიელების ბერკეტები." – განაცხადა მარგველაშვილმა. მან იმედი გამოთქვა, რომ კანონმდებლები კარგად ჩაუღმავდებიან ამ საკითხს და ისე მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. ასევე აღნიშნა, რომ ვეტოს დადება არ ნიშნავს პოლიტიკურ დაპირისპირებას. შეგახსენებთ, რომ ამ საკითხზე პრეზიდენტის განსხვავებული მოსაზრება კარგა ხანია ცნობილია და ყველა ელოდა, რომ ის ვეტოს გამოიყენებდა. ამ ორიოდე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ საკითხზე განცახდება გააკეთა. "ვფიქრობ, კატეგორიულად მიუღებელია ის აჟიოტაჟი, რომელიც ხელოვნურად ატეხეს ჩვენმა ე.წ. ოპონენტებმა და, სამწუხაროდ, პრეზიდენტი შეუერთდა მათ ამ აჟიოტაჟს და ჟრიამულს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, ყველაფერს, რასაც აკეთებენ, იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე. ღარიბაშვილის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით პირადად ჰქონდა საუბარი ევროკავშირის ვიცე პრეზიდენტთან და მისი ოფისი პირდაპირ კონტაქტზე იყო ვიცე პრეზიდენტის ოფისთან.

"ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია, რომელიც წარმოდგენილი იყო ევროკავშირის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, სრულად იქნა გათვალისწინებული. ასე რომ, მე მართლაც ვერ ვხედავ ამ აჟიოტაჟის ვერავითარ საფუძველს. პირიქით, მე ვხედავ, რომ ეს არის აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული, ხელოვნურად აგორებული კამპანია, რომელიც საქართველოში ბიზნესგარემოს აზიანებს, აზიანებს საინვესტიციო კლიმატს და არის ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობის საკითხი. ამ ადამიანებს აბსოლუტურად არ ესმით, რა არის სახელმწიფო და სახელმწიფოს ინტერესი, არ აქვთ გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, რომელიც მათ აკისრიათ საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინაშე. მე ვგულისხმობ ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე ხელოვნურად ქმნის ასეთ აჟიოტაჟს. მე გეტყვით კიდევ ერთ მაგალითს, პოლონეთი, რომელიც ჩემთვის, ჩვენთვის და ყველა ნორმალური ადამიანისთვის სამაგალითო ქვეყანაა, პრემიერ ტუსკის პირობებში პოლონეთის ეკონომიკა გაორმაგდა და სასწაულები გააკეთეს ბოლო 7-8 წელში. სწორედ პოლონეთის საბანკო სისტემა არის სამაგალითო მთელ მსოფლიოში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის საქართველოში ჩამობრძანებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლონეთის საბანკო სისტემა აღიარეს ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში. პოლონეთის საბანკო სისტემაში ზედამხედველობის სააგენტო არის ცალკე. შესაბამისად, მე კითხვა მაქვს იმ ადამიანების მიმართ, თუ პოლონეთის საბანკო სისტემა არის ყველაზე საუკეთესო და ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც არის საუკეთესო, მაშინ სად არის კითხვები. თუ კითხვები იყო იმაში, რომ პროცესი იყო გაუმჭვირვალე, ეს შენიშვნები ყველაფერი გავიზიარეთ. ამ ყველაფერზე პასუხი არის მარტივი, ეს არის ხელოვნური სპეკულაციები, რომ კიდევ ერთხელ დააზიანონ ბიზნესგარემო და ინვესტორები. ყველას მოვუწოდებ, დამშვიდდნენ და დაასრულონ ეს აჟიოტაჟი, ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის და არა ის, რა კანონს მივიღებთ ჩვენ. ჩვენ კანონებს ვღებულობთ ჩვენი ქვეყნისთვის და არაფერს გავაკეთებთ ქვეყნის საწინააღმდეგოდ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.