"მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი და აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარ" – ხედავს თუ არა ნიკა რურუა ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის ადგილს?! - კვირის პალიტრა

"მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი და აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარ" – ხედავს თუ არა ნიკა რურუა ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის ადგილს?!

"თუ პრეზიდენტს კაცობა ეყოფა და ბიძინა ივანიშვილის მარიონეტი არ გახდება, საზოგადოებაში მეტ პატივისცემას დაიმსახურებს. ის, რაც მას წამოაყვედრეს, აბსოლუტურად მდაბიო საქციელი იყო, მაგრამ არ მიკვირს - მდაბიოები მდაბიურად იქცევიან."

"მტერზე გაყიდული ადამიანების გარდა, ეს ქვეყანა ყველას ეკუთვნის."

ნიშნავს თუ არა პრეზიდენტის მესამე ვეტო გიორგი მარგველაშვილის დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს და რა კონფიგურაციით გადანაწილდებიან მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური ძალები, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს "კვირის პალიტრასთან" საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი, საზოგადოება "ივერიის" დამფუძნებელი ნიკა რურუა აფასებს:

- გიორგი მარგველაშვილის მორიგი ვეტო ცალსახად მიანიშნებს, რომ პრეზიდენტმა დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში დაიწყო, თუმცა პირადად მე, ეს ნაკლებად მაინტერესებს... მარგველაშვილი, პირველ რიგში, ქვეყნის პრეზიდენტია და ის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინაშე კი არა, ხალხთანაა ანგარიშვალდებული.

- ცოტა ხნის წინ ვიცე-პრემიერმა პრეზიდენტს წამოაყვედრა კიდეც, რომ მისი არჩევნებში გამარჯვება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- მსგავსი განცხადებებით პრეზიდენტის დაკომპლექსებას ცდილობენ, თუმცა მარგველაშვილი ამ კამპანიას არ უნდა აჰყვეს - დახმარებისთვის გუნდს მადლობა გადაუხადოს და ხალხის წინაშე მეტი პასუხისმგებლობა აიღოს. თუ პრეზიდენტს კაცობა ეყოფა და ბიძინა ივანიშვილის მარიონეტი არ გახდება, საზოგადოებაში მეტ პატივისცემას დაიმსახურებს. ის, რაც მას წამოაყვედრეს, აბსოლუტურად მდაბიო საქციელი იყო, მაგრამ არ მიკვირს - მდაბიოები მდაბიურად იქცევიან.

- რატომ აღნიშნეთ, რომ გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური თამაში თქვენთვის უინტერესოა, მასთან პოლიტიკურ ალიანსს გამორიცხავთ?

- მარგველაშვილთან პოლიტიკურ თანამშრომლობაზე არ ვფიქრობ, ჩვენ დღესაც ოპონენტები ვართ.

- თქვენ ხომ დიდი ხანია პროდასავლურ ძალებთან გაერთიანებას არ გამორიცხავთ, გიორგი მარგველაშვილი კი, მთავრობასთან თითქმის ყველა წინააღმდეგობას სწორედ დასავლეთის რეკომენდაციებით ხსნის. თქვენთვის პრეზიდენტის საგარეო ორიენტაცია საეჭვოა?

- თემატურ თანამშრომლობას არ გამოვრიცხავ, თუმცა მარგველაშვილთან პოლიტიკური ერთიანობა ვერ წარმომიდგენია - ის საერთოდ სხვაგანაა. პრეზიდენტის სიტყვიერ პროდასავლურობას, შესაბამისი მოქმედებები რატომღაც არასოდეს მოყვება. მის ადგილას, მთელ მსოფლიოს შემოვივლიდი და ყველა საერთაშორისო ტრიბუნას გამოვიყენებდი, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად ნატო-ს წევრი გამხდარიყო. ვერ გეტყვით ეს სიზარმაცით მოსდის თუ პასიურობით ან პოლიტიკური მეგობრების გაღიზიანებას ერიდება... ნებისმიერ შემთხვევაში, მარგველაშვილი ჩემ პოლიტიკურ ლიდერად ვერ წარმომიდგენია. დანარჩენი კი, პირადად მასზეა დამოკიდებული.

- მაშინ არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვინ წარმოგიდგენიათ მმართველი კოალიციის ალტერნატიულ ძალად?

- ჯერჯერობით, ამაზე საუბარი ნაადრევია. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში პრორუსული ძალები აქტიურდებიან, თუმცა მათ გაძლიერებას ჩვენ არასოდეს დავუშვებთ - საბედნიეროდ, საქართველოში პატრიოტული მუხტი საკმაოდ მაღალია, რომელსაც პრორუსული ძალები სათავისოდ ვერასოდეს შეცვლიან. აუცილებელია, რომ საზოგადოებამ დასავლური არჩევანის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ კარგად გაიაზროს - დასავლეთთან სიახლოვე ქვეყნის თავისუფლებას, დაცულობას, კანონის უზენაესობასა და პროგრესს ნიშნავს. ამიტომ თუ შესაბამისი პირობები შეიქმნება და საქართველო განვითარების რელსებზე შედგება, ქვეყანაში სწრაფი პროგრესი გარდაუვალია.

- თქვენ ორჯერ განდოთ ქვეყნის სადავეები მოსახლეობამ, რატომ ვერ შექმენით მაშინ ის პირობები, რომლებზეც ახლა საუბრობთ?

- პირადად მე, იმ სფეროში სადაც ვიყავი, ეს მოვახერხე. მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტი არ ვიყავი, ამიტომ სრულ პასუხისმგებლობას მე ნუ დამაკისრებთ. თანაც მაშინდელმა ხელისუფლებამ საკმაოდ ბევრ წარმატებას მიაღწია და არშემდგარი ქვეყნიდან, სახელმწიფო შექმნა. ბუნებრივია, წინა ხელისუფლებამ გარკვეული შეცდომებიც დაუშვა, რის გამოც ხალხს ცვლილების სურვილი გაუჩნდა, თუმცა სანაცვლოდ საქართველომ მხოლოდ არაკომპეტენტური ხელისუფლება მიიღო. ახლა მთავარია, 2016 წლის არჩევნები ყოველგვარი შურისძიების გრძნობისგან გათავისუფლდეს, ხელისუფლება პროდასავლურმა ძალებმა ჩაანაცვლონ, "ქართული ოცნება" ოპოზიციაში გადავიდეს და მშვიდი პოლიტიკური ცხოვრება ერთად გავაგრძელოთ. მოგვწონს თუ არა ერთმანეთი, თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ. მტერზე გაყიდული ადამიანების გარდა, ეს ქვეყანა ყველას ეკუთვნის.

- ისე, ყველა პოლიტიკური ძალა, რომელსაც თქვენ მომავალ მოკავშირედ მოიაზრებთ, თქვენთან ალიანსს, ჯერჯერობით, უარყოფენ.

- ამ ეტაპზე კოალიციის არსებობას მეც ვუარყოფ, მაგრამ აუცილებლობა სწორედ მსგავსი გაერთიანების შექმნაზე მიანიშნებს. აუცილებლობა კი პოლიტიკაში ძლიერი და გამართლებული არგუმენტია. დაიმახსოვრეთ ის ადამიანები, რომლებიც დღეს კოალიციის შექმნას უარყოფენ და ცოტა ხანში შევხედოთ იგივე ვაჟბატონები და ქალბატონები როგორ აჭიკჭიკდებიან.

- პირადად თქვენ რამდენად მიგიღებთ ახალ პოლიტიკურ ლიდერად საზოგადოება, რომელიც 90-იანი წლების მითებიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა?

- მსგავს დისკუსიებში შესვლას არ ვაპირებ, მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი და აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარ, რაც მხოლოდ მეამაყება. ვინც მსგავს სისულეებს თხზავს, თავისივე ჭაობში ჩაიხრჩობა.

- ანუ, 2016 წლის არჩევნებში თქვენც ჩაერთვებით?

- სავარაუდოდ კი, ვნახოთ. ყველაფერი ობიექტურ რეალობაზეა დამოკიდებული. დღეს საზოგადოებას სწორი ხედვა ჭირდება, მაგრამ თუ ის "შავ პიარს" აყვება, მომავალ პარლამენტშიც ბევრ ჯაჭვლიანსა და ბესელიას მიიღებს. "ოცნებამ" 2012 წლის არჩევნებში სწორედ ასეთი ჭორებით გაიმარჯვა, მაშინდელ ხელისუფლებას 1 წლის ბავშვის მკვლელობა დააბრალა და ცოცხების მითოლოგია შექმნა. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი არაქართულ ორგანიზაციაში დაიგეგმა, მაგრამ მეორედ ამ სისულელეს არავინ დაიჯერებს. მართალია, ციხეში გადაცდომები ხდებოდა, მაგრამ მასობრივ გაუპატირუებებზე ლაპარაკი სრული აბსურდია.

- ციხეში არსებული მძიმე რეალობა სახალხო დამცველის ანგარიშში "ნაციონალურ მოძრაობის" მმართველობის დროსაც არაერთხელ მოხვდა, თუმცა ფაქტია, რომ 2012 წლის სექტებმრამდე ეს ყოფილი ხელისუფლებისთვის ნაკლებად საინტერესო საკითხი იყო.

- ციხეში პრობლემა ყოველთვის არსებობდა და მომავალშიც იარსებებს. ეს თავისუფლების აღმკვეთი ინსტიტუციაა, სადაც ბადრაგსა და პატიმარს შორის ბუნებრივი კონფლიქტი მუდმივად იქნება. დარწმუნებული ვარ, მსგავს მითებს ხალხი მომავალში აღარ დაიჯერებს, არც იაფი ფულის იმედი ექნება და უფრო რაციონალურ დაპირებებს მოუსმენს. თუ არჩევნებში მონაწილეობის მიღება საბოლოოდ გადავწყვიტეთ, მოსახლეობასთან სწორედ რაციონალურ პირდაპირ დიალოგს დავიწყებთ.

- არც ექსპრეზიდენტი იქნება თქვენი პოლიტიკური გუნდის მომავალი ლიდერი?

- სააკაშილი სხვა ქვეყანაშია... ის რვა წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი იყო და მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთა, თუმცა ის ოდესის გუბერნატორია და დროა თავი დაანებონ. ყველანი დღევანდელ საქართველოს უნდა დავუბრუნდეთ.

- ანუ, მომავალ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის ადგილს ვერ ხედავთ? არ ფიქრობთ, რომ ის ახლა მხოლოდ თვითგადარჩენითაა დაკავებული?

- მას არ განვსჯი, ეს კითხვა პირადად მას დაუსვით. სააკაშვილმა საქართველოსთვის რაც შეეძლო უკვე გააკეთა და ვფიქრობ, უკრაინისთვისაც ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია. სიმართლე გითხრათ, მისი გეგმების შესახებ არ ვიცი, ამ ეტაპზე ჩემი გეგმების დასახვით ვარ დაკავებული.

- აგვისტოს ომზეც გკითხავთ. დღევანდელი გადასახედიდან, რა შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ და ხუთდღიანი ომის შედეგებზე პასუხისმგებლობა ვის უნდა დაეკისროს?

- აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა მხოლოდ პუტინს ეკისრება. რაც შეეხება შეცდომებს, როგორც ჩანს, შტაბი სათანადოდ მომზადებული მართლაც არ იყო, არც რეზერვის სისტემა იყო კარგად გააზრებული... კარგი იქნებოდა თუ მტერს წინააღმდეგობას 5 დღის ნაცვლად 25 დღე გავუწევდით, თუმცა პოლიტიკურად ამ კონლიფქტში აბსოლუტურად მართლები ვართ და რუსულ პროპაგანდას არ უნდა ავყვეთ. უკრაინის მოვლენებმაც ცალსახად დაგვანახა, რომ საქართველო მხოლოდ საკუთარი ტერიტორიის დასაცავად იბრძოდა.

- ცოტა ხნის წინ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ნატო მაპ-ის მისაღებად აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაგრძელებას ითხოვს. თქვენ როგორ აფასებთ დასავლეთის რეკომენდაციას?

- ამ შემთხვევაში უსუფაშვილი უბრალოდ ბოდავს, როგორც ჩანს, ეს ერთმა ახირებულმა ევროპელმა უთხრა და სრულიად ევროკავშირის პოზიციად მონათლა. დასავლეთს მსგავსი განცხადება რომ გაეკეთებინა, აუცილებლად გავიგებდით. აბაშიძე-კარასინის ფორმატი აბსოლუტურად უსარგებლოა, სადაც ჟარგონულად რომ ვთქვათ, საქართველოს ყველა დაპირებებში, უბრალოდ, გადააგდებენ.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)