"კარბელაშვილის მანქანა გააჩერეს სოფლის გზაზე, სადაც არაა ღერძულა ხაზი და როგორ შეიძლება იქ მოძრაობის წესები დაარღვიო?" - კვირის პალიტრა

"კარბელაშვილის მანქანა გააჩერეს სოფლის გზაზე, სადაც არაა ღერძულა ხაზი და როგორ შეიძლება იქ მოძრაობის წესები დაარღვიო?"

კარბელაშვილმა ბოდიში მოიხადა, "ნაციონალურ მოძრაობაში" ისევ პროვიკაციაზე ლაპარაკობენ

"პროვოკაცია რომ იყო იმითაც დასტურდება, რომ გიორგის მანქანა გააჩერეს სოფლის გზაზე, სადაც არაა ღერძულა ხაზი და როგორ შეიძლება იქ მოძრაობის წესები დაარღვიო? მეტსაც გეტყვით, იქ ასფალტის საფარიც კი არაა"

"ნება მომეცით, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო მომხდარი ინციდენტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული პოლიციელების ქმედება ატარებდა წინასწარგანზრახული პროვოკაციის ნიშნებს, ჩემს საქციელს - ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდომას და გინებას - გამართლება არა აქვს და გულწრფელად ვნანობ." - წერს სპეციალურად გავრცელებულ წერილში საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი, რომლის მიერ საპატრულო ეკიპაჟთან დაპირისპირების ვიდეოჩანაწერი შსს-მ მას შემდეგ გაავრცელა, რაც "ნაციონალური მოძრაობა" დეპუტატის დროებით დაკავების გამო ხელისუფლების მიერ მოწყობილ მიზანმიმართულ პროვოკაციაზე ალაპარაკდა. გავრცლებულ კადრებში კარგად ჩანს გავრაინად ნასვამი დეპუტატი როგორ ეუხეშება და არ ემორჩილება პატრულს. "ნაციონალურ მოძრაობაში" გავრცელებული კადრების ნახვის მერეც "ღრმად სჯერათ", რომ კარბელაშვილს პროვოკაცია მოუწყვეს.

ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი:

- კარბელაშვილმა იყო ნასვამი და ბუნებრივია, ამას გამართლება არ აქვს, თუმცა ყველაზე ცუდი აქ ისაა, რომ ხელისუფლებამ მას პროვოკაცია მოუწყო. სრულიად გაუგებარი იყო რაც ხდებოდა დაკავების შემდეგ, ბუნებრივია არცერთი თანამდებობა არ იძლევა ინდულგენციას, მაგრამ როცა შსს აკავებს ადამიანს და რამდენიმე საათის განმავლობაში ამ ადამინს ვერ პოულობენ, ესაა აბსოლუტურად გაუგებარი. როგორც ვიცი, 6-7 საათის განმავლობაში გაურკვეველი იყო, თუ სად იმყოფებოდა გიორგი კარბელაშვილი. ვიმეორებ, რომ დიახ, გიორგი კარბელაშვილი იყო ნასვამი, მაგრამ რაც მოხდა ეს ყველაფერი იყო პროვოკაცია.

- შსს მიერ გავრცელებულ ვიდეოში, კარგად ჩანს, თუ როგორ იქცევა გიორგი კარბელაშვილი, ის იგინება და არ ემორჩილება პატრულს...

- კარგად თუ ნახავთ ამ ვიდეოს, შეამჩნევთ, რომ კარბელაშვილი აგინებს არა პატრულს, არამედ იმათ, ვინც ეს პროვოკაცია დაგეგმა. ნასვამი ადამიანის პროვოკაციაზე წამოგება ძალიან იოლია და გიორგი კარბელაშვილიც წამოაგეს, გაითვალისწინეთ ისიც, რომ ის ვიდეო, რომელიც შსს-მ გაავრცელა დაჩეხილია, თუ შსს-ს უნდა პასუხი გასცეს კითხვებს, ვიდეოს სრული ვერსია დადოს. ამ ვიდოეს გავრცელებით შსს ცდილობს სახე შეინარჩუნოს. იგივე ვიდეოკადრებში ალბათ იხილეთ, რომ პოლიციის შენობები იყო დაკეტილი და იქ არც პარლამენტის წევრებს უშვებდნენ და არც გიორგის ოჯახის წევრებს.

- "ნაციონალური მოძრაობა" გარკვეულ საყვედურს ხომ არ გამოუცხადებს გიორგი კარბელაშვილს ასეთი საქციელი გამო?

- რა თქმა უნდა, არაა სასიამოვნო უწმაწური სიტყვები და დარწმუნებული ვარ ეს თავად კარბელაშვილსაც არ მოსწონს, მაგრამ პირველ რიგში უნდა გაირკვეს თუ რა მოხდა რეალურად. პროვოკაცია რომ იყო იმითაც დასტურდება, რომ კარბელაშვილის მანქანა გააჩერეს სოფლის გზაზე, სადაც არაა ღერძულა ხაზი და როგორ შეიძლება იქ მოძრაობის წესები დაარღვიო? მეტსაც გეტყვით, იქ ასფალტის საფარიც კი არაა. რეალურად პატრულის მანქანა არ მოძრაობს, ანუ იყო ჩვეულებრივი ჩასაფრება. გიორგი კარბელაშვილი იმყოფებოდა აგვისტოს ომში დაღუპული ადამიანის მოსახსენიებელ სუფრაზე, მასთან ერთად იყვნენ სასულიერო პირებიც, დაღუპული ჯარისკაცის თანამებრძოლები და სხვა უამრავი ადამიანი. სწორედ აქედან ბრუნდებონენ, როგორც ჩანს, ემოციური ფონი მაღალი იყო და ამან შესაბამისი დაღი დაასვა გიორგისაც..

- ბატონო, ნიკა რამდენად სწორი იყო როდესაც ყოფილმა შსს მინისტრმა გიორგი ბარამიძემ პოლიციელების მისამართით გამოიყენა სიტყვა "ძაღლი"?

- არა მგონია გიორგი ბარამიძეს პირდაპირ ასე ეთქვა, ვიდეოკადრებში ჩანს რომ გიორგი ეუბნება მათ, რომ არ უნდა მოვიქცეთ ისე როგორც შევარდნაძის დროინდელი პოლიცია იქცეოდაო, მით უფრო ის ხალხი არ უნდა იქცეოდეს ასე, ვისზეც უამარვი რესურსი დაიხარჯა, რათა პატრულს ღირსეული სახე მიეღო.

ლადო გოგოლაძე(სპეციალურად საიტისთვის)