როგორ ხსნის თინა ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების თავდაცვის სამინისტროში აღდგენას - კვირის პალიტრა

როგორ ხსნის თინა ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების თავდაცვის სამინისტროში აღდგენას

თინა ხიდაშელი: "ვინმეს დამნაშავეობა-უდანაშაულობა თავდაცვის სამინისტროს განსასჯელი არ არის. ამას სასამართლი დაადგენს, ჩვენ კი კვლავაც კანონის უზენაესობის სამსახურში ვიქნებით"

 

ე.წ. კაბლების საქმეზე დაკავებულები გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე თავდაცვის სამინისტროში რომ აღადგინეს, თავადცვის ექსმინისტრის, დემოკრატების" ლიდერის ირაკლი განცხადებიდან გახმაურდა, რომელშიც ვკითხულობთ: "ვულოცავ ჩემს ღირსეულ თანამშრომლებს გიორგი ლობჟანიძეს და არჩილ ალავიძეს სამსახუხურში აღდგენას და იმედი მაქვს სამართლიანობა დანარჩენი 3 თანამშრომლის ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის და დავით წიფურიას შემთხვევაშიც იზეიმებს, რომლებიც ასეთივე უდანაშაულო მსხვერპლი იყვნენ "კაბელების" გამოგონილი საქმის. ამ ფაქტს, ასევე ვულოცავ თავდაცვის სამინისტროს და მთელ საზოგადოებას."

შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი - ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე 2014 წლის ოქტომბერში დააკავეს. მათ ბრალად 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ. ამ ცოტა ხნის წინ მათ სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობა შეეცვალათ. ისინი სასამართლომ პოლიტიკოსების პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა.

"ვინმეს დამნაშავეობა/უდანაშაულობა თავდაცვის სამინისტროს განსასჯელი არ არის. ამას სასამართლო დაადგენს, ჩვენ კი კვლავაც კანონის უზენაესობის სამსახურში ვიქნებით", - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების თავდაცვის სამინისტროში აღდგენის ფაქტს.

თავდაცვის მინისტრმა განცხადება ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა და ის მიზეზები განმარტა რის საფუძველზე მოხდა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული პირების აღდგენის ფაქტი.

"1.თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არასოდეს ყოფილან გათავისუფლებული.

2. გემახსოვრებათ, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ჩემი წინამორბედის ბრძანებით, სწორედ პატიმრობის გამო მათ ავტომატურად შეუჩერდათ უფლებამოსილება.

3. ასევე გემახსოვრებათ, სასამართლომ ამ ადამიანების აღმკვეთი ღონისძიება შეცვალა და პატიმრობა შეწყდა. ეს კი ნიშნავს რომ საფუძველი - ზევით ნახსენები აქტი, აღარ არსებობდა.

4. ჩვენ, სასამართლო გადაწყვეტილების და კანონის მოთხოვნების შესაბამისად, მათთვის შეჩერებული უფლებამოსილება აღვადგინეთ.

5. ვინმეს დამნაშავეობა/უდანაშაულობა თავდაცვის სამინისტროს განსასჯელი არ არის. ამას სასამართლი დაადგენს, ჩვენ კი კვლავაც კანონის უზენაესობის სამსახურში ვიქნებით", - წერს თავდაცვის მინისტრი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

"ინტერპრესნიუსი"