"დავით დარჩიაშვილს უფლება აქვს ვინც უნდა ის მოსწონდეს... ის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული დეპუტატია" - კვირის პალიტრა

"დავით დარჩიაშვილს უფლება აქვს ვინც უნდა ის მოსწონდეს... ის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული დეპუტატია"

"ჩვენ ისეთი პრეზიდენტიც გვყავდა, რომელსაც "თხა და გიგოც" არ ჰქონდა წაკითხული, მაგრამ ბიბლიოთეკა დაგვიტოვა და მადლობა მას ამისთვის."

"არ მალაპარაკოთ პარლამენტში მსხდომ იმ ადამიანებზე, რომლებმაც წერა-კითხვაც არ იციან"

"თუ გნებავთ, ეს სისულელე მთელმა საქართველომ დაიჯეროს, ფეხებზე მკიდია, მე პირნათელი ვარ"

ბოლო რამდენიმე დღეა სოციალური ქსელი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით დარჩიაშვილის შეფასებას აქტიურად განიხილავს. შეგახსენებთ, დავით დარჩიაშვილმა მწერალი ნოდარ დუმბაძე გააკრიტიკა და სოციალურ ქსელში დაწერა, - ნოდარ დუმბაძე სამშობლოსა და საკუთარი სინდისის წინაშე სცოდავდაო... კოლეგის განცხადებაზე საზოგადოების რეაქციას "კვირის პალიტრასთან" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, "რეპსუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი აფასებს:

- როდესაც ქვეყანაში ცალკეული პიროვნებების ლიტერატურული გემოვნება აქტიური განხილვის თემა ხდება, ეს ავტომატურად საზოგადოების განათლების დაბალ მაჩვენებელზე მეტყველებს. ვისი რა საქმეა, ან ვის აქვს უფლება მეორე ადამიანს მიუთითოს რა არის კარგი ან რა - ცუდი? ერთმანეთს აზროვნების უფლება არ უნდა მივცეთ? მართალია, ამ შემთხვევაში დარჩიაშვილის შეფასებებს არ ვეთანხმები, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს? ლევ ტოლსტოის შექსპრი არ მოსწონდა და ამბობდა, ვინც მეფე ლირზე შექსპირამდე დაწერა, ბევრად უკეთესი მწერალი იყოო. სამწუხაროდ, საზოგადოებას აკვიატება სჭირს. ერთი სიტყვით, დავით დარჩიაშვილს უფლება აქვს ვინც უნდა ის მოსწონდეს.

- შესაძლოა იგივე საზოგადოების კრიტიკის ობიექტი ახლა თქვენც გახდეთ, რადგან "ნაციონალ" დავით დარჩიაშვილს ამ კონკრეტულ შემთხვევაში იცავთ.

- სოციალურ ქსელს ბევრ პლუსთან ერთად, მინუსი აქვს - ის უკონტროლოა და გაუნათლებელი ადამიანიც კი, განათლებულივით იქცევა. ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ანტონ კათალიკოსმა რუსთაველი დაიწუნა, მაგრამ მისი ღვაწლი არავის დავიწყებია. ჩვენ ისეთი პრეზიდენტიც გვყავდა, რომელსაც "თხა და გიგოც" არ ჰქონდა წაკითხული, მაგრამ ბიბლიოთეკა დაგვიტოვა და მადლობა მას ამისთვის. არ მალაპარაკოთ პარლამენტში მსხდომ იმ ადამიანებზე, რომლებმაც წერა-კითხვაც არ იციან, დარჩიაშვილი კი ერთ-ერთი ყველაზე განათლებული დეპუტატია.

- ეს ადამიანები თავად შეიყვანეთ პარლამენტში, ისე არ დააკონკრეტებთ რომელ კოლეგაზე გაქვთ მსგავსი წარმოდგენა?

- რა თქმა უნდა, არ დავაკონკრეტებ. რაც შეეხება ნოდარ დუმბაძეს, მასზე, როგორც მწერალზე საკმაოდ მაღალი აზრის ვარ, უბრალოდ, ის საბჭოთა ხელისუფლების დროს გარკვეულ კომპრომისზე მიდიოდა. პარტიის წევრიც გახლდათ, მაგრამ არ მათქმივინოთ გალაკტიონს რა ლექსები აქვს დაწერილი სტალინზე... დავით დარჩიაშვილს კი მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ გამოგვაფხიზლა და კიდევ ერთხელ დავინახეთ, რა სიბნელეში ვცხორობთ - პარლამენტარს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას არ აძლევენ, თუმცა რა გვიკვირს. ქართველმა ხალხმა რუსთაველს მეექვსე ადგილი მიანიჭა, 50-კაციან სიაში კი, ბარათაშვილის ადგილი ვერ მოძებნა. არადა, ამავე სიაში შვიდი მღვდელი იყო შეყვანილი, რომლის სახელი და გვარი დღეს საზოგადოებას არც კი ახსოვს. თუ საქართველოს ოდესმე განვითარება ეღირსება, სწორედ ისეთი ადამიანების გამო, რომლებიც ხალხში დამკვიდრებულ აზრს ეწინააღმდეგებიან.

საზოგადოებად ჩამოვყალიბდებით მაშინ, როდესაც გავაცნობიერებთ, რომ ერთი მარტივი წესი უნდა დავიცვათ - მე ვწყვეტ მხოლოდ იმას, მე რა მიყვარს და არა იმას, რაც შენ უნდა გიყვარდეს. თანაც დავით დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება სხვა კონტექსტში გამოაქვეყნა - ის საბჭოთა კავშირის მენტალობიდან გათავისუფლებაზე ლაპარაკობდა.

- და ფიქრობთ, ეს რეალურად შესაძლებელია, როდესაც რუსეთი ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას თანდათან აფართოებს, საზოგადოებას კი, პრაქტიკულად პროცესზე რეაქცია არ აქვს? ამ ფონზე, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებაც გაუგებარია - თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ რუსეთი ჩაკეტა და გამოკეტა ოკუპირებულ ტერიტორიაში?

- ის, რაც ახლა ხდება, 1921 წელს დაწყებული პროცესის გაგრძელებაა, მაშინ პაატა ზაქარეიშვილი დაბადებულიც არ გახლდათ. საზღვრები, რომელზეც ბანერებს დგამენ, მიხეილ სააკაშვილმა აღადგინა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა კი პაატა ზაქარეიშვილზე აგდებულად საუბრის დაწყებამდე, კარგად გაიხსენონ ამ ადამიანს საკუთარი ქვეყნის წინაშე რა დამსახურებები აქვს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ დეოკუპაციას მივაღწიოთ. ამ მხრივ, ვიზა-ლიბერაცლიზაცვიის მიღება წინ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება. ეჭვი მაქვს, ამის შემდეგ ჩვენ მოძმე აფხაზებსა და ოსებს ქართული პასპორტების მიღების სურვილი გაუჩნდებათ. ვიღაცები ცდილობენ ამ პროცესს ხელი შეუშალონ და საზღვარგარეთ წერილებს აგზავნიან, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის ღირსები არ ვართ. არც ტუსკის შეფასება დაგავიწყდეთ, რომელმაც ე.წ. საზღვრების გაფართოების საპასუხოდ ხელისუფლების ნაბიჯები დადებითად შეაფასა. ბარამიძე, რომელმაც დსთ-ში შეგვათრია, გვეუბნება კონფლიქტებზე კი არა, რუსეთთან კონფლიქტზე ისაუბრეთო. არა, ბატონებო, თავს ნუ ვიტყუებთ, კონფლიქტი რუსებთან, ასევე აფხაზებთან და ოსებთანაც გვაქვს. ამიტომ ჩვენ მოძმეებთან შერიგება უნდა ვცადოთ.

- ანუ, ფიქრობთ, რომ კონფლიქტის მოგვარება რუსეთის გარეშეც შესაძლებელია? "რესპუბლიკელებზე" არაერთხელ თქმულა, რომ დასავლური ორიენტაცია მხოლოდ ნიღბად გაქვთ და რეალურად ქვეყანაში რუსულ ინტერესებს ატარებთ.

- ახლა უხეშ სიტყვებს მოვერიდები... ვინც ჩვენზე ამბობს, რომ პროდასავლურობა მხოლოდ ნიღბად გვაქვს, ან გულწრფელი არ არის, ან დაბალი IQ აქვს. თინათინ ხიდაშელ არა მხოლოდ კარიერას, ყველაფერს სასწორზე დებს და ყოველდღე მაპ-ს ითხოვს... ალბათ, იმიტომ, რომ რუსეთის აგენტია... "რესპუბლიკური პარტია" ქვეყანაში ერთადერთი ძალაა, რომელსაც პროდასავლური გააზრებული აქვს და უკვე ათეული წელია შესაბამისადაც მოქმედებს. "ნაციონალური მოძრაობა" კი, მართალია დასავლური ძალაა, მაგრამ საკუთარ თავზე შეყვარებული პარტიაა, რომელიც დღითიდღე ხელში გვადნება. პირადად მე, მთელი ჩემი ცხოვრება დასავლურ ორიენტაციას მივუძღვენი და როგორც ჩანს, ციხეში ყოფნაც მხოლოდ დასავლური ნიღაბი იყო. ასეთ "სიბრძნეს" ის ადამიანები ამბობენ, რომლებიც კომკავშირში იყვნენ და შემდეგ შევარდნაძესთან გადაინაცვლეს.

- ისე, ისიც ითქვა, რომ ციხეში ყოფნისას ძმა "ჩაუშვით" , დავით უსუფაშვილი კომუნისტურ პარტიაში 9 აპრილის შემდეგ გაწევრდა.

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მომბეზრდა, მაგრამ რადგან თქვენ დამისვით, გიპასუხებთ. დათო ჩემ დაკავებამდე ექვსი დღით ადრე დაიჭირეს. არა მხოლოდ ძმა, ისიც კი თქვეს, ცოლიც ჩაუშვაო. არადა, წლებია ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ ერთმანეთისთვის ხმამაღალი სიტყვაც კი არ გვითქვამს. ეს იმ ქვეყანაში ხდება, სადაც ტიმოთე გაბაშვილმა "ვეფხისტყაოსანი" დაიწუნა. საქართველო მართლაც ძლიერი ქვეყანაა, რადგან ეს ქვეყანა ამ ადმიანების არსებობის მიუხედავად მაინც არსებობს. თუ გნებავთ, ეს სისულელე მთელმა საქართველომ დაიჯეროს, ფეხებზე მკიდია, მე პირნათელი ვარ.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)