"პუტინიც თავდაპირველად დასავლეთის აგენტი იყო, მაგრამ დროულად მოეგო გონს" - კვირის პალიტრა

"პუტინიც თავდაპირველად დასავლეთის აგენტი იყო, მაგრამ დროულად მოეგო გონს"

"ეს ხელისუფლება არაფერს აკეთებს რუსეთთან ურთიერთობის დასალაგებლად და ისევ დასავლეთის დაკრულზე ცეკვას აგრძელებს"

"მეზობლებს არ ირჩევენ, ბედმა გვარგუნა, ავია თუ კარგია, რუსეთი ჩვენი მეზობელია"

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაშინ, როდესაც ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული, ჩვენში პრორუსულად განწყობილი სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები მრავლდებიან. რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის იდეით ორი თვის წინ მორიგი არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნა, სახელწოდებით "სახალხო პატრიოტული კავშირი - რუსეთი ჩვენი მეზობელია". "კვირის პალიტრა" სწორედ მის ერთ-ერთ დამფუძნებელს რამაზ ლურსმანაშვილს ესაუბრა:

- სანამ უშუალოდ ორგანიზაციაზე საუბარს დავიწყებთ, სახელწოდებაზე გკითხავთ - რუსეთზე საუბრისას პირველივე სიტყვად მეზობლის ნაცვლად ოკუპანტი არ გახსენდებათ?

- ჩვეულებრივი ამბავია, მეზობლები ერთმანეთს ხან წაკინლავდებიან, ხან - შერიგდებიან. დიახ, რუსეთი საქართველოს კარის მეზობელია და მინდა გითხრათ, რომ აქამდე სახელწოდებაზე პრეტენზია ჯერ არავის გამოუთქვამს.

- მეზობლები კი ვართ, მაგრამ კეთიმეზობლობა რომ გვიჭირს, დიდი ხნის წინ გახდა ნათელი - რუსეთი ტერიტორიებს გვართმევს და ლამის მთელი ქვეყნის დაპყრობით გვემუქრება. დამპყრობელთან მეგობრობა როგორ წარმოგიდგენიათ?

- რუსეთთან მეგობრობა შესაძლებელია. პირადად მე, ყოფილი მესაზღვრე ვარ და ომში მოწინააღმდეგეს ყოველთვის პირველი ვხვდებოდი. კარგად ვიცი, ომი რასაც ნიშნავს, მაგრამ ჩვენ ე.წ. დასავლელმა პარტნიორებმა მწარედ მოგვატყუეს - გვეგონა დამოუკიდებლები გავხდებოდით, მაგრამ ბოლო 25 წლის განმავლობაში ნგრევის გარდა, კარგი არაფერი გვინახავს.

- მითუმეტეს, ომის მონაწილე თუ ხართ, 90-იან წლებსა თუ 2008 წლის აგვისტოში დაღუპული გმირების დედებზე არ ფიქრობთ, როდესაც რუსეთთან კეთილმეზობლურ თანაცხოვრებაზე საუბრობთ?

- მცრის როდესაც ამას მეკითხებით... ომი რუსეთს არ დაუწყია, 2008 წელს დასავლელმა პარტნიორებმა წაგვაქეზეს და ცხინვალში შევედით, მაგრამ კარგად ვნახეთ რაც მივიღეთ. ვის ეომები? არ უნდა შეაფასო შენი მოწინააღმდეგე ვინაა?

- ცხინვალი ვისი ტერიტორაა?

- ჩვენი ტერიტორიაა, მაგრამ დე-ფაქტოა... ომში თბილისის მერი და კულტურის მინისტრი იბრძოდნენ, პრეზიდენტმა კი რუსთაველზე ტაშ-ფანდური გამართა. არ უნდა გაეთვალა თვითონ რა ძალა გააჩნდა? რუსეთს თუ ათასი ტანკი ჰყავს, ქართველებს მხოლოდ - 9. ამ ძალებით ვის ვეწინააღმდეგებით?

- უკაცრავად, რუსი თბილისამდე რომ მოვიდეს, ტანკი არ გვყავს, ვერ ვიბრძოლებთ და გნებდებითო უნდა ვუთხრათ?

- სხვას ვერაფერს ვიზამთ. 2008 წელს თბილისამდე მოვიდა კიდეც. რა უნდა გავაკეთოთ? აგვისტოს ომის დაწყებამდე რუსეთს პირველად არ გაუსვრია. სააკაშვილის გუნდი კი წითელი ხიდიდან გაქცევას ერთმანეთს ასწრებდა.

- რუსეთთან კონფლიქტი 2008 წელს ხომ არ დაწყებულა? 90-იანი წლებისა და უფრო ადრინდელ, 1921 წელს განვითარებულ მოვლენებს, ქართველების დახვრეტის, მასობრივი გადასახლებისა და დევნის ფაქტებს რატომ არ იხსენებთ?

- აქსიომაა, რომ მეზობლებს არ ირჩევენ. ბედმა გვარგუნა, ავია თუ კარგია, რუსეთი ჩვენი მეზობელია. უნდა გავიაზროთ, რომ თუ ის დაიღუპება, ჩვენც მასთან ერთად დავიღუპებით. რაც შეეხება წარსულს, საბჭოთა კავშირის ხელისუფლება ბოლო პერიოდში მხოლოდ სახელი გახლდათ, რეალურად კი, მას დასავლეთისგან მოქრთამული და "დავერბოვკებული" კადრები მართავდნენ. მათ საბჭოთა კავშირის დანგრევის დავალება ქონდათ მიღებული. ასეთი ადამიანები არამხოლოდ საქართველოს ან რუსეთის, მთელი მსოფლიოს მტრები არიან. მათ აურაცხელი სიმდიდრე გააჩნიათ და საკმაოდ სერიოზულ გავლენებსაც ფლობენ. სწორედ მათ არ აწყობდათ საბჭოთა კავშირის არსებობა და ამიტომაც დაიწყეს მის დაშლაზე ზრუნვა.

- თქვენ ახლა სრულიად საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასაც ეჭვქვეშ აყენებთ!

- არა, ამას ეჭვქვეშ არ ვაყენებთ. ჩვენ დასავლეთმა მოგვატყუა. ხალხი დაბრიყვებული ვართ, მოყვარე მტერი გვგონია და პირიქით. 25 წელია დასავლეთის კარნახის ვასრულებთ, მაგრამ მხოლოდ უკან მივდივართ.

- ეს დასავლეთის დამსახურებაა, თუ რუსეთის, რომელიც წინსვლის შესაძლებლობას არ გვაძლევს?

- ფაქტი ჯიუტია - მეფის რუსეთის შემადგენლობაში შესვლისას მცირერიცხოვანი ერი შევედით, საბჭოთა კავშირიდან კი, რიცხობრივად გამრავლებული გამოვედით.

- 90-იან წლებში რომ გავნახევრდით და საჯიშე ბიჭები ჩაგვიხოცეს, ამისთვის "გვივლიდნენ" 70 წელი?

- ეს ჩვენი უგუნურობის ბრალია. თუ მაშინ მატება გვქონდა ყველაფერში, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე ყველა სფეროში უკან წავედით. თქვენ რას იზამდით რუსეთის ადგილას, როდესაც ნატო-ს აგრესიული სამხედრო ბლოკი საზღვართან მოგიახლოვდებოდათ?

- უკრაინასთანაც ამიტომ ომობს?

- ამას სწორედ ის დასავლელი აგენტები აკეთებენ, რომლებიც ბოლო პერიოდში რუსეთში მომრავლდნენ. პუტინიც თავდაპირველად დასავლეთის აგენტი იყო, მაგრამ ის დროულად მოეგო გონს და წინ მსოფლიოს რეალურ მტერს აღუდგა. დღევანდელი პუტინის რუსეთი ხალხის მოკეთე რუსეთია, მაგრამ არსებობს სხვა რუსეთიც, რომელიც დასავლელი აგენტებისგან იმართება.

- ვისი მოკეთე, საქართველოსი?

- არამხოლოდ ქართველების, სრულიად მსოფლიოს მოკეთე რუსეთზე ვსლაპარაკობ. რუსეთი უჭკუო ნუ გგონიათ, რამდენჯერმე მიგვანიშნა, თუ დაანაბებეთ ჩემ მტერბთან ურთიერთობას და ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებთ, მაშინ ვიფიქრებ თქვენი ტეიროტირის აღდგენასა და დაცვაზეო. კარგია ღირსება, მაგრამ პატარა ქვეყანა ვართ და ღორსების შეულახავადაც შეგვიძლია დიპლომატიური ურთიერთობა.

- ამ ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა რუსეთთან ურთიერთობა დაელაგებინა, მაგრამ პასუხად ისევ ე.წ. საზღვრის გაფართოება მივიღეთ.

- ეს ხელისუფლება არაფერს აკეთებს რუსეთთან ურთიერთობის დასალაგებლად და ისევ დასავლეთის დაკრულზე ცეკვას აგრძელებს.

- თქვენ ორგანიზაციას რა გეგმები აქვს და ვინ გაფინანსებთ?

- ჩვენი ორგანიზაცია ორი თვის წინ დაფუძნდა, თუმცა ჩვენი სახსრებით გაზეთისა და ბროშურების გამოცემა უკვე მოვახერხეთ. არავინ გვაფინანსებს, ყველაფერს ჩვენი შესაძლებლობებით ვაკეთებთ. ჩვენი მთავარი მიზანი ხალხისთვის გონების თვალის ახელაა, რომ ყველამ გაიგოს ვინ მტერია და ვინ - მოყვარე. ამასთანავე, გვინდა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღვადგინოთ.

რუსუდან შელია(სპეციალურად საიტისთვის)