"მე შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია!" - რატომ უჩივლა გუგული მაღრაძემ ნიკა გვარამიას? - კვირის პალიტრა

"მე შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია!" - რატომ უჩივლა გუგული მაღრაძემ ნიკა გვარამიას?

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერმა, დეპუტატმა გუგული მაღრაძემ ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში უჩივლა. ამ საკითხზე კომენტარი გუგული მაღრაძეს და ნიკა გვარამიას ვთხოვეთ:

გუგული მარრაძე:

- "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, ბოროტად გამოიყენა თავის თანამდებობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ამ ტელევიზიაში ჩემი ერთ-ერთი გამოსვლის შემდეგ, როდესაც პირდაპირი ეთერდან გამიყვანეს, მან სხვადსხვა ასპექტში შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მომიხსენია. ამის შემდეგ მე მას ვუჩივლე ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში, მათ მიიღეს ჩემი საჩივარი, რომელსაც დადგენილ ვადაში განიხილავენ. ამ ფაქტის მერე, როცა "რუსთავი 2"- დან მირეკავენ და გადაცემაში მიწვევენ, ვეუბნები, რომ მაშინ როცა, მე ვუჩივი ტელევიზიას, ჩემი მხრიდან არაეთიკური იქნება ამ არხის გადაცემაში მონაწილეობა.

- ქალბატონო გუგული, თავის დროზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ათასგვარი მიზეზით ხსნიდნენ ბოიკოტს და არც ერთ არხზე არ მიდიოდნენ, რითი განსხვავდება თქვენი ქმედება?

- თავის დროზე მართლაც იყო ტელევიზიები, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ მიდიოდნენ. ჩვენ მათ არ დავემსგავსებით, მაგრამ ვთვლით, რომ ადამიანს აქვს უფლება აარჩიოს სად უნდა წასვლა და სად - არა. მე, მაგალითად, მიუღებლად მიმაჩნია, რომ თუ ფორსმაჟორული სიტუაცია არაა, გადაცემამდე 2-3 საათით ადრე დამირეკონ და იქ მივიდე. ჩემი აზრით ნორმალურია, რომ ადამიანმა ერთი დღით ადრე მაინც იცოდეს ვისთან მოუწევს საუბარი, ასევე იცოდეს რა თემაზე იქნება გადაცემა, რათა სათანადოდო მოემზადოს. "რუსთავი 2" კარგად თანამშრომლობს "ნაციონალურ მოძრაობასთან" და მათ გაცილებით ადრე (ზოგჯერ 2-3 დღით ადრეც კი) იციან ხოლმე რა თემაზე იქნება ლაპარაკი, შესაბამისად, ემზადებოდნენ კიდეც, ხოლო "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ურეკავდნენ 2-3 საათით ადრე. ეს არ იყო სწორი და მე ჩვენებთან რამდენჯერმე ვთქვი კიდეც, თუ "რუსთავის 2" -ს უნდა ჩვენი იქ მისვლა, როგორც მინიმუმ ერთი დღით ადრე მაინც ჩაგვაყენონ საქმის კურსში-მეთქი.  მე არ მინდა ამ საჩივრით ჩვენი სასამართლოს დატვირთვა, სწორედ ამიტომ მივმართე ქარტიას, საიდანაც მომივიდა პასუხი, რომ ჩემს საჩივარს განიხილავენ.

ნიკა გვარამია:

- როგორც ვიცი, ერთი საჩივარი, რომელიც ქარტიაში ჩემი და გიორგი გაბუნიას შესახებ შევიდა, არ დაკმაყოფილდა. ჩვენ არა ვართ ქარტიის წევრები, არ ვართ მისი იურისდიქციის ქვეშ, შესაბამისად, მისი გადაწყვეტილებები ჩვენზე არ მოქმედებს და არც განხილვებში ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენ გვაქვს ჩვენი თვითრეგულირების საბჭო, რომელსაც უნდა მომართონ თუ ვინმეს პრეტენზია აქვს. თუმცა იმ კონკრეტულ შემთხვევაში, რაზეც ქალბატონი გუგული მაღრაძე ლაპარაკობს, დარწმუნებული ვარ, ვისაც არ უნდა მიმართონ ვერავითარ დარღვევას ვერ აღმოაჩენენ. მე მაქვს ჩემი გამოხატვის და შეფასების თავისუფლება. მე ვთქვი, რომ პარლამენტის წევრმა არ იცის რაზე ლაპარაკობს -მეთქი, (და ამაში დღესაც დარწმუნებული ვარ) ეს იყო და ეს... მე შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია! ხოლო პარლამენტის წევრის მიმართ, რომელსაც თმენის მაღალი ვალდებულება აქვს, ასეთი შეფასებები სრულიად დაშვებულია სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონის მიხედვით, რომელიც სხვათა შორის, ჩემი დაწერილია და ძალიან კარგად ვიცნობ

არასწორია, როცა პოლიტიკოსი ტელევიზიას ბოიკოტს უცხადბს, თუმცა ამაზე მისმა ამომრჩეველმა უნდა იმსჯელოს, თუ რამდენად უნდა მისცეს ხმა ისეთ ადამიანს, რომელიც არ თანამშრომლობს მედიასთან.

- ქალბატონმა გუგულიმ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ხშირად 2-3 დღით ადრე იციან გადაცემის თემა, მაშინ როცა "ქართული ოცნების" წევრები მხოლოდ 2-3 საათით ადრე იგებენ და ეს მათ არათანაბარ მდგომარეოაში აყენებს...

- ეს არის აბსოლუტუყრი ტყუილი. არც ერთი გადაცემა არ იგეგმება 2-3 დღით ადრე, ვისაც მცირედი წარმოდგენა აქვს ტელევიზიაზე, ამაში ყველა დამეთანხმება

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)