ამათ როგორ ენდობით? (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები) - კვირის პალიტრა

ამათ როგორ ენდობით? (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

გასულ კვირას გიორგი კარბელაშვილის ინციდენტმა ნათლად აჩვენა, რომ პოლიტიკოსების ნდობა ერთ ნაბიჯზე არ შეიძლება. დეტალები, ალბათ, ყველას გახსოვთ: დეპუტატი მთვრალი მართავდა მანქანას. პოლიციამ გააჩერა. მან პოლიციას აგინა და შედეგად განყოფილებაში აღმოჩნდა. იმის მაგივრად, რომ მის თანაპარტიელებს  "ნაციონალური მოძრაობიდან" კარბელაშვილის საქციელი დაეგმოთ, გადაწყვიტეს, ინციდენტისთვის პოლიტიკური დევნის სახე მიეცათ და გატაცებასა და ლიკვიდაციის მცდელობაზეც  კი დაიწყეს საუბარი, თან არცთუ ორაზროვნად მიანიშნეს, რომ ხელისუფლება კარბელაშვილს თავს იმიტომ დაესხა, რომ აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცის მოსახსენიებელ საღამოზე იმყოფებოდაო, ანუ ეს ხელისუფლება ხომ რუსებს უწვება და ამიტომ აგვისტოს ომში დაღუპულების შესანდობარის დალევისთვისაც კი გვსჯისო. ხომ ხვდებით, სადამდე წავიდნენ?! Aარ გჯერათ? Aაგერ ციტატა გოკა გაბაშვილის ბრიფინგიდან: "”ის, რაც გუშინ მოხდა, ყველაფერი ეს გვეგონებოდა ჩვეულებრივი საპოლიციო შემოწმება, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ცხადია, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რადგან პოლიცია იყო არა უბრალოდ შემმოწმებელი, არამედ ხაზგასმით აგრესიული. როგორც ჩანს, მათ იცოდნენ, რომ ეს საღამო იმართებოდა (იგულისხმება ომში დაღუპული გმირის, დავით ბლიაძის მოსახსენიებელი საღამო _ მ. მ.) და იქ იმყოფებოდა ჩვენი დეპუტატი".

მოკლედ, "ნაციონალური მოძრაობა" მზად იყო, დეპუტატის უსაქციელობა და პოლიციის შეურაცხყოფა პუტინის შეკვეთადაც კი გაესაღებინა, მაგრამ მერე შსს-მ პოლიციელის კამერით გადაღებული ვიდეო გაავრცელა და კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ! ამ ვიდეოში კარგად გამოჩნდა, ვინ იყო დამნაშავე და პროვოკატორი! "ნაციონალებს" ეყოთ იმდენი გამბედაობა, რომ ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ მაინც მოეხადათ ბოდიში და ეთქვათ, რომ დეპუტატის ასეთ საქციელს გამართლება არა აქვს, მაგრამ რა მოხდებოდა, პოლიციას ეს ვიდეო რომ არ ჰქონოდა? ხომ ეცდებოდნენ, დავეჯერებინეთ (და, სავარაუდოდ, თავიანთ მომხრეებს დააჯერებდნენ კიდეც, რადგან მათ ყველაფრის ბრმად სჯერათ), რომ პუტინმა პირადად უბრძანა ჩვენს ხელისუფლებას, აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის მოსაგონარს ვინც დალევს, ყველა დაიჭირეთო? ფაქტობრივად, მათ ეს თქვეს. მე არც აქამდე ვენდობოდი დიდად "ნაციონალებს", მაგრამ მათ მხარდამჭერებს მინდა ვკითხო, თქვენ როგორ ენდობით?

პრუწუნ-პრუწუნი

ირველი ნაწილისგან განსხვავებით, ამ ნაწილში ერთ "ნაციონალ" დეპუტატს უნდა გამოვექომაგო. გასულ კვირას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა დავით დარჩიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს. დეპუტატმა დაწერა: "ახლა ფბ-ზე ვიღაც "აშეარებს"“"თეთრი ბაირაღებიდან" “პასაჟებს და წერს, გენიალურიაო. ვიღაც ულაიქებს, აბა, რა ავუხსნა, როგორ გავაგებინო, რომ ამ სიტყვების, პასაჟების დამწერი ნოდარ დუმბაძე სცოდავდა სინდისისა და ისტორიის წინაშე, რომ ვინმე ქურდი დევდარიანის სიტყვები მდარე ტომობრიობა და პოპულიზმია: “მიტომ გჯობივარ, რომ დევდარიანი ვარ...მილიონი რომ იშოვე, მეორე რაღად გინდა...” გენაცვალეთ, “"თეთრი ბაირაღები”" ტიპური ქართულ-საბჭოთა ნაწარმოებია, სტალინის ფილოსოფიის გადმომცემი, რომელშიც ქურდული და კომუნისტური ლოგიკა ერწყმის ერთმანეთს. მაგრამ ეგ ხომ სკოლაში და ოჯახში უნდა ისწავლოთ".

დაწერა ეს დეპუტატმა და ატყდა ერთი ამბავი, როგორ გაბედა "ნაციონალმა" დარჩიაშვილმა, ნოდარ დუმბაძეს შეხებოდაო. ზოგმა იმავე სოციალურ ქსელში უკანასკნელი სიტყვებით ლანძღა დეპუტატი. კარგად მესმის, რომ მისი ნათქვამი, დუმბაძე "სცოდავს სინდისის და ისტორიის წინაშე" მთლად ლიტერატურული კრიტიკა არ არის, მაგრამ, ჩემი აზრით, ნაწარმოების გამო ავტორის თუნდაც ასეთ უარყოფით კონტექსტში მოხსენიების უფლება ყველას აქვს. სხვა საკითხია, დავეთანხმებით დარჩიაშვილს თუ არა. ხელშეუხებელი მწერლები არ შეიძლება არსებობდნენ. ეEს არასწორია. გამახსენდა, თავის დროზე, ლევან ბერძენიშვილს რომ დაესივნენ თამაზ წივწივაძეები და რეზო მიშველაძეები, როგორ გაბედა და ილია ჭავჭავაძეს პოეზია დაუწუნაო. ხალხო, არ შეიძლება ადამიანის ლანძღვა და მით უმეტეს, ლამის ქვეყნის მტრად გამოცხადება მისი ლიტერატურული გემოვნების თუ მწერლის სხვა მიზეზით დაწუნების გამო. დარჩიაშვილს, უბრალოდ, შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ძალიან დააგვიანდა და რომ ის კომუნისტების ბრალდებებს იმეორებს. მართალია, კომუნისტები დუმბაძეს სწყალობდნენ, მაგრამ ამავე დროს ისინიც აკრიტიკებდნენ “ქურდების იდეალიზების” გამო. და სწორედ ასეთი კრიტიკოსების საპასუხოდ შექმნა დუმბაძემ "კუკარაჩა", სადაც ქურდი უკვე უარყოფითი პერსონაჟია, ხოლო პოლიციელი _ დადებითი. თავის დროზე, ეს კრიტიკა ზვიად გამსახურდიამაც გაიმეორა. ასე რომ, დარჩიაშვილი ორიგინალური არაა ამ ამბავში და რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ჩვენც ძველ  გზას მივყვებით და ადამიანების შეჩვენებას ვიწყებთ მწერლების გაკრიტიკების გამო.

სხვათა შორის, არც ცისფერყანწელები სწყალობდნენ კლასიკოსებს, განსაკუთრებით ილიასა და აკაკის. მარტო ვაჟას აღიარებდნენ. ხომ გახსოვთ ტიციანის ლექსი: "ილიას და აკაკის ლექსებს ქალიშვილები მღერიან თავიანთთვის საშინელ ღამეს". ახლა ტიციან ტაბიძის ლანძღვასაც ხომ არ დავიწყებთ?!

ამაზე ასეთი პასუხი აქვთ: ტიციან ტაბიძეს დარჩიაშვილს ნუ შეადარებთო. როცა ილიასა და აკაკის იწუნებდა, ტიციანიც ჯერ არ იყო ცნობილი პოეტი. და საერთოდ,  მწერლებზე აზრის გამოთქმის უფლება ყველა მკითხველს აქვს და არ არის საჭირო ამის გამო ვინმეს შეჩვენება. მაგალითად, მეც ვფიქრობ, რომ ილია უფრო დიდი საზოგადო მოღვაწე იყო, ვიდრე მწერალი. ამის გამო უნდა მლანძღოს ვინმემ? კიდევ ერთს ვაღიარებ: თავის დროზე, "დიდოსტატის მარჯვენა" ისე არ მომეწონა, რომ მას მერე კონსტანტინე გამსახურდიას არც მივკარებივარ. მხოლოდ შარშან გადავწყვიტე ტაბუს დარღვევა. ვიფიქრე, მაშინ პატარა ვიყავი, იქნებ შევცდი-მეთქი და "დავით “აღმაშენებლის" კითხვა დავიწყე. პირველი ნაწილის ბოლომდეც ვერ მივედი, სამაგიეროდ, ვაღმერთებ მიხეილ ჯავახიშვილს. მოკლედ, ყველას თავისი გემოვნება და აზრი აქვს, განსაკუთრებით, ქართულ პროზაზე. ხომ გახსოვთ გალაკტიონის ხუმრობა: “"ამ ჩვენს დიდებულ პროზას თუ გამოვაკლებთ "ოზას" და მივუმატებთ "უწუნს", მივიღებთ პრუწუნ-პრუწუნს". პროზაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ნამდვილად პრუწუნ-პრუწუნია მწერლების თუნდაც მწვავე კრიტიკისთვის ადამიანების ლანძღვა!