"თუ რუსეთი უფრო ღრმად შემოიჭრება მცოცავი ოკუპაციით, ხელში ჩაიგდებს ისეთ სტრატეგიული ობიექტებს, როგორიცაა გაზსადენი" - კვირის პალიტრა

"თუ რუსეთი უფრო ღრმად შემოიჭრება მცოცავი ოკუპაციით, ხელში ჩაიგდებს ისეთ სტრატეგიული ობიექტებს, როგორიცაა გაზსადენი"

"ეს საგანგაშოა და ძალიან, ძალიან მაშფოთებს"

"სანამ განვიხილავდეთ, უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო სანქციებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ რუსეთს აქვს დღეს სანქციები დაწესებული საქართველოსთვის "

"ჟენევის მოლაპარაკებებმა გადამწყვეტი ტონი უნდა შეიძინოს, რუსეთმა კი ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. ცალსახად უნდა დაფიქსირდეს, რომ შეწყდეს მცოცავი ოკუპაცია!"

საქართველო არ მოხვდა იმ ქვეყნების რიცხვში, რომელთაც რუსეთმა კონტრსანქციები დააკისრა, სამაგიეროდ, მცოცავი ოკუპაციის შენელება არც უფიქრია - კიდევ გადმოიწია ე.წ. საზღვარი. რა უნდა დაუპირისპიროს საქართველომ მცოცავ ოკუპაციას და რით შეუძლია დასავლეთს დაგვეხმაროს, ამ საკითხებზე ვეტერან ევროდეპუტატსა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ელმარ ბროკს ექსკლუზიურად ვესაუბრეთ.

- 2008 წლის ომის მეშვიდე წლისთავზე დასავლეთის ფოკუსი უკრაინაზეა გადატანილი, საქართველო კი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პოლიტიკას ატარებს. ნატოსა და ევროკავშირის წარუმატებელი მცდელობის გათვალისწინებით, კრემლი სტრატეგიულ პარტნიორად ექციათ, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია?

- მოგიწევთ, სცადოთ, რადგან მეორე ვარიანტი მეტ საფრთხეს შეიცავს... თუ რუსეთი უფრო ღრმად შემოიჭრება მცოცავი ოკუპაციით, ხელში ჩაიგდებს ისეთ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს, როგორიცაა გაზსადენი, მაშინ... ეს საგანგაშოა და ძალიან, ძალიან მაშფოთებს.

- რამდენიმე ხნის წინ თქვენც ესტუმრეთ ე. წ. ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს... რა შეუძლია საქართველოს მთავრობას დაუპირისპიროს რუსეთის მცოცავ ოკუპაციას?

- რუსეთის ქმედება მიუღებელია და საქართველოს მთავრობამ საკუთარი უფლებები უნდა დაიცვას.

ჟენევის მოლაპარაკებებმა გადამწყვეტი ტონი უნდა შეიძინოს, რუსეთმა კი ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. ცალსახად უნდა დაფიქსირდეს, რომ შეწყდეს მცოცავი ოკუპაცია!

- ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს საკითხში დასავლეთმა მეტი პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს?

- კეთდება ის, რის შესაძლებლობასაც არსებული სიტუაცია გვაძლევს. ცალსახად უნდა დავაფიქსიროთ, რომ არსებობს საერთაშორისო სამართალი და მას ყველა უნდა დაემორჩილოს. ასე რომ, არასოდეს ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად.

რუსეთს უნდა შევაგნებინოთ, რომ საქართველოსა და მსგავსი ქვეყნების ევროპული პერსპექტივა მათ წინააღმდეგ მიმართული საფრთხე კი არა, ამ ქვეყნების სუვერენული არჩევანია და მათ აქვთ უფლება, შიდა საქმეები თავადვე გადაწყვიტონ.

- ჯერჯერობით, საქართველოს ევროპისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯისთვის მძიმე საზღაურის გადახდა უწევს. იგივე შეიძლება ითქვას უკრაინასა და მოლდავეთზეც. არ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას საფრთხის ქვეშ აყენებს? რა მოხდება, თუ ეს ქვეყნები რუსეთის ზეწოლას ვეღარ გაუძლებენ და... რაც მთავარია, რას მოიმოქმედებს ევროპა ამის შესაჩერებლად?

- ეს არ უნდა დავუშვათ!  ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა, საკითხი ასე უნდა იდგეს: სურთ რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევა და ცხოვრების ისეთი სტანდარტი, როგორიც რუსეთშია, სადაც 80-იანი წლების შემდეგ არაფერი შეცვლილა, თუ სურს ევროპასთან პარტნიორობა და წარმატებული, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ეკონომიკური და სოციალური სისტემა?

ჩვენ დავეხმარებით იმ ქვეყნებს, რომლებიც არჩევანს ევროპაზე შეაჩერებენ.

- მიუხედავად მოლოდინისა, რუსეთმა საქართველო გაფართოებული კონტრსანქციების სიაში არ შეიყვანა... თქვენი აზრით, უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო სანქციების სრულ პაკეტს და რას მიიღებდა/დაკარგავდა იგი ამით?

- სანამ განვიხილავდეთ, უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო სანქციებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ რუსეთს აქვს დღეს სანქციები დაწესებული საქართველოსთვის, როგორც სავაჭრო, ასევე სხვა საკითხებში. ვფიქრობ, ამ პირობებში, საქართველომ უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც ქვეყნისთვის სასიკეთოდ ჩათვლის. სანქციებში მონაწილეობა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის არის სავალდებულო, მაგრამ, იმავდროულად, საქართველომ უნდა გაიაზროს, რომ სანქციების მიზანი საზიაროა...

- დაბოლოს, ევროსკეპტიციზმის ზრდა საქართველოში... თქვენი განცხადება, რომ საქართველოსა და მოლდავეთის ნატოში მიღებაზე საუბარი ახლა კონტრპროდუქტიულია, მაინცდამაინც კარგ გავლენას ვერ ახდენს ქართვეUლი საზოგადოების პროდასავლურ განწყობებზე. როცა ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხის წინაშე დგას, თუ ახლო მომავალში არა, მაშ, როდის უნდა შეუერთდეს საქართველო დასავლურ ინსტიტუციებს?

- სწორი დრო უნდა შეირჩეს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მინსკის შეთანხმებაზე, მათ შორის, საქართველოსთვისაც. ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებაზე უნდა იმუშაოს, იმავდროულად, რუსეთს საერთაშორისო შეთანხმებებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება აიძულოს. რუსეთისთვის არავის მიუცია უფლება, ჩაერიოს სხვა ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებში. ამჟამად, მთავარია, საქართველოს ევროპული პერსპექტივა გავაძლიეროთ.

ვაჟა თავბერიძე