"ოლიგარქის შურისძიება"- როგორ გამოეხმაურა სააკაშვილი "ალისა და ნინოს" დაზიანებას და რა უპასუხა მას ზურაბიშვილმა - კვირის პალიტრა

"ოლიგარქის შურისძიება"- როგორ გამოეხმაურა სააკაშვილი "ალისა და ნინოს" დაზიანებას და რა უპასუხა მას ზურაბიშვილმა

"როდესაც უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანი, ოდესის ოლქის გუბერნატორი და პრეზიდენტთან დაახლოებული პირი თავის "ფეისბუქგვერდზე" წერს ასეთ მამალ ტყუილს და, ფაქტობრივად, ცილს სწამებს საქართველოს ხელისუფლებას, ამაზე რეაგირება აუცილებელია"

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქგვერდზე" "ალისა და ნინოს" ქანდაკების დაზიანებას გამოეხამურა და ეს "ოლიგარქის შურისძიებად" შეაფასა. მან გამოაქვეყნა ფოტო მინაწერით რუსულ და უკრაინულ ენებზე: "დღეს ბათუმში რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის წაქეზებით  "ალისა და ნინოს" მოძრავი ქანდაკება" დაამსხრიეს, - წერს სააკაშვილი.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დათო ზურაბიშვილი სააკაშვილს "ფეისბუქგვერდზევე" გამოეხმაურა.

"პატივცემულო ხელისუფლების წარმომადგენლებო და პიარსამსახურის თანამშრომლებო.

გასაგებია, რომ აქ ყველა მიჩვეული ვართ ამ კაცის ტყუილებს, მაგრამ ჩემის მოკრძალებული აზრით, არაფრის დიდებით არ შეიძლება ასეთი რამეების უყურადღებოდ მიტოვება.

არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს კაცი არის არა მხოლოდ საქართველოს ექსპრეზიდენტი, არამედ უკრაინის ხელისუფლების გავლენიანი და მაღალი რანგის წარმომადგენელი. იმ ქვეყნის ხელისუფლებისა, რომელიც პერსონალური სიმპათია-ანტიპათიების მიუხედავად საქართველოს გეოსტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს შეთანხმებულ, სინქრონიზებულ მოქმედებებს საერთაშორისო არენაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დასავლეთის ქმედითი მხარდაჭერისთვის რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვართ გვქონდეს უმჭიდროესი თანამშრომლობა უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებასთან მიუხედავად (კიდევ ერთხელ გავიმეორებ) პერსონალური სიმპათია-ანტიპათიებისა.

და როდესაც უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანი, ოდესის ოლქის გუბერნატორი და პრეზიდენტთან დაახლოებული პირი თავის ფეისბუქგვერდზე წერს ასეთ მამალ ტყუილს და, ფაქტობრივად, ცილს სწამებს საქართველოს ხელისუფლებას, ამაზე რეაგირება აუცილებელია. ეს არის არა ხელისუფლების კრიტიკა და პოლიტიკური დისკუსიის ნაწილი, არამედ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული.

მაგრამ ერთია რეაგირება (რაც აუცილებელია) და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანია რეაგირების ფორმა. კერძოდ, აქ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სააკაშვილის მიმართ დამამცირებელი ეპითეტები, სისხლიან ცხრა წელზე აპელირება, გოგა ხაინდრავას და ქეთი დოლიძის გაშვება სააკაშვილის რეჟიმის მამხილებლებად და ა.შ. მჟავანაძე-სადღობელაშვილის სტილში წამოსროლილი მკვეთრი შეფასებები, რაც, სამწუხაროდ, ხშირია უკრაინის ხელისუფლების იმ ქართველი წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც "ნაცმოძრაობის" გუნდიდან არიან, არათუ არ იძლევა არანაირ შედეგს, არამედ, ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს. გაითვალისწინეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ პოპულარულია ოდესაში და მთლიანად უკრაინაში (რატომაა ასე, აქ ნუ ამახსნევინებთ. რა რა და პოლიტიკური პიარი ამ კაცმა ძალიან კარგად იცის. დ. ზ.), მიიღეთ ეს როგორც ფაქტი და სოლიდურად, ზედმეტი ემოციებისა და შეფასების გარეშე აუხსენით უკრაინელებს თუ როგორ იყო რეალურად საქმე ამ ქანდაკების შემთხვევაში. იქვე გამოთქვით გაკვირვება, თუ რაში ჭირდება ასეთი პოლიტიკური ინსინუაციები მეგობარი ქვეყნის მაღალჩინოსანს, როდესაც სრულიად ადვილადაა შესაძლებელი ობიექტური ინფორმაციის მიღება.

გარწმუნებთ, ასეთი ფორმით კომუნიკაცია გაცილებით ეფექტური იქნება და გაცილებით სერიოზულად დააფიქრებს ყველას უკრაინაში სააკაშვილის ტყუილებსა და ცილისწამებებზე, ვიდრე მისი გინება ან იგნორირება. არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ საერთოდ.

ბოდიშს ვიხდი გრძელი უსტარისთვის, მაგრამ ვფიქრობ, არაა ეს უმნიშვნელო ამბავი", - დაწერა დათო ზურაბიშვილმა.