რატომ მივიდა პრემიერი პრეზიდენტის სასახლეში და ვის შეიწირავს მორიგი სამთავრობო კარუსელი?! - კვირის პალიტრა

რატომ მივიდა პრემიერი პრეზიდენტის სასახლეში და ვის შეიწირავს მორიგი სამთავრობო კარუსელი?!

წინ ხომ მთელი რიგი სასიცოცხლო საკითხებია შესათანხმებელ - გადასაწყვეტი?! მათ შორის, ვინ ჩაანაცვლებს გიორგი ქადაგიძეს და ვინ იქნება ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი, რომლის კანდიდატურის შერჩევისა და წარდგენის პრეროგატივა, არსებული კონსტიტუციის თანახმად, სწორედ გიორგი მარგველაშვილს აქვს. როგორც კულუარებში ამბობენ, ამ მიმართულებით მმართველ გუნდში ორი - გიორგი კვირიკაშვილისა და ნოდარ ჯავახიშვილის კანდიდატურა განიხილება, თუმცა რამდენად მოიწონებს მთავრობის არჩევანს პრეზიდენტი, ჯერ არავინ იცის. მათ შორის, არც პრემიერმა...

დიდ ხანს ვიხსენებდი და ვითვლიდი, როდის და რამდენ ოფიციალურ ან არაოფიციალურ შეხვედრაზე ვიხილე ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერი ერთად?! მაგალითად, მახსოვს, საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდნენ. მეტიც, დისკუსიაზე, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ეხებოდა, სიტყვით ქვეყნის ორივე პირველი პირი გამოვიდა. კიდევ ერთი ბედნიერი დღე მახსენდება, როდესაც გიორგი მარგველაშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცეს. მანამდე ერთ-ერთ რესტორანში არაოფიციალური შეხვედრის ფოტოებიც გავრცელდა და ერმაც შვებით ამოისუნთქა- ქვეყნის პირველ პირებს ერთმანეთის დაჭმის ნაცვლად მშვიდ გარემოში სადილობაც შეძლებიათო... კიდევ? კიდევ... მეტს ვეღარ ვიხსენებ და არა მგონია, ეს ჩემი მეხსიერების დაქვეითების შედეგი იყოს. აი, პრემიერისა და პრეზიდენტის ღია დაპირისპირების ფაქტები გონებაში უხვად მიტივტივდება...

თუმცა, მოდით, დაპირისპირების განხილვას ახლა თავი დავანებოთ და მომავლისთვის გადავდოთ, მითუმეტეს, რომ "ბედნიერი დღეების" ჩამონათვალს კიდევ ერთი, 24 აგვისტო დაემატა - ქვეყნის პირველმა პირებმა, საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად კონსტიტუციის დღე ერთად აღნიშნეს. მეტიც, ღონისძიება თვით "ცოდვის სახლში" გაიმართა. დიახ, სწორედ იმ საპრეზიდენტო რეზიდენციაში, რომელიც ყოფილ პრემეირ ბიძინა ივანიშვილსა და ერთ დროს მის ფავორიტ, გიორგი მარგველაშვილს შორის დაპირისპირების საფუძველი გახდა. მართალია, მოსაწვევი ბიძინა ივანიშვილსაც გაუგზავნეს, თუმცა ყოფილმა პრემიერმა საღამოზე მოსვლა ვერ მოახერხა - ეჭვობდნენ, რომ არც მოქმედი პრემიერი მივიდოდა "ნაციონალ პრეზიდენტთან", მაგრამ მოვლენები სულ სხვა სცენარით წარიმართა. რატომ? თუ არსებულ სიტუაციას გავაანალიზებთ, ერთი შეხედვით რთულ კითხვაზე მარტივი პასუხის გაცემა არ გაგვიჭირდება- წინ ხომ მთელი რიგი სასიცოცხლო საკითხებია შესათანხმებელ - გადასაწყვეტი?! მათ შორის, ვინ ჩაანაცვლებს გიორგი ქადაგიძეს და ვინ იქნება ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი, რომლის კანდიდატურის შერჩევისა და წარდგენის პრეროგატივა, არსებული კონსტიტუციის თანახმად, სწორედ გიორგი მარგველაშვილს აქვს. როგორც კულუარებში ამბობენ, ამ მიმართულებით მმართველ გუნდში ორი - გიორგი კვირიკაშვილისა და ნოდარ ჯავახიშვილის კანდიდატურა განიხილება, თუმცა რამდენად მოიწონებს მთავრობის არჩევანს პრეზიდენტი, ჯერ არავინ იცის. მათ შორის, არც პრემიერმა...

სანამ პრემიერი და პრეზიდენტი ეროვნული ბანკის ახალ პრეზიდენტზე შეთანხმებიან ან საერთოდ თუ შეთანხმდებიან, მმართველი გუნდი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაზე უკვე ზრუნავს- იმისათვის, რომ ლარის არასტაბილურობამ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ საძირკველს წყალი უფრო ღრმად არ შეუყენოს, მით უფრო, რომ სკმაოდ მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებიც ახლოვდება, როგორც ამბობენ, მინისტრების საჭადრაკო დაფაზე ახალი მოთამაშეების შემოყვანა იგეგმება... უახლოეს მომავალში ლარის გაუფასურებას ეკონომიკური გუნდის სავარძლები გადაყვება! ბევრი იწერება საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის შეცვლის თაობაზე, ერთ-ერთი ვერსიით, მას გიორგი კვირიკაშვილით ჩაანაცვლებენ, სახელდება კვირიკაშვილის შემცვლელის სავარაუდო კანდიდატურებიც, მაგალითად საინფორმაციო პორტალ bpn-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ორი კანდიდატურა განიხილება. მათგან ერთ-ერთია გიორგი გახარია, რომელიც ამჟამად ეკონომიკური საბჭოს მდივანი და ბიზნესომბუდსმენია. bpn-ის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის პოსტზე ასევე განიხილება თბილისის ვიცე-მერის, დიმიტრი ქუმსიშვილის კანდიდატურა, რომელიც მანამდე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)