იენს სტოლტენბერგი: "ნატო- ს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოსაც შეუძლია ნატო-ს იმედი ჰქონდეს" - კვირის პალიტრა

იენს სტოლტენბერგი: "ნატო- ს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოსაც შეუძლია ნატო-ს იმედი ჰქონდეს"

ეროვნული სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 26 აგვისტოს ეწვია და იმავე საღამოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან არაოფიციალურ გარემოში გამართა შეხვედრა, 27 აგვისტოს კი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოს ატლანტიკურ ალიანსში გაწევრების პროცესთან დაკავშირებით ისაუბრეს და მიღწეული პროგრესი შეაფასეს. პრემიერ-მინისტრმა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სპეციალურ ბრიფინგზე ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრებაზე საუბართან ერთად, განიხილეს საქართველოს წინსვლა, რომელიც შეეხებოდა სასამართლო სისტემას, ასევე საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმებს. "ევროატლანტიკური ინტეგრაცია მარტივი გზა არ არის, მას ჭირდება დრო, ძალისხმევა და რეალური ცვლილებების განხორციელება. საქართველოს ხალხი და მთავრობა ერთგულია აღნიშნული მიმართულების. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს რეფორმებს, სასამართლო სისტემის რეფორმების ჩათვლით და ხაზს ვუსვამთ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს. ასევე აღვნიშნავ ამ პროგრესის გაგრძელების საჭიროებას. ეს ეხება საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმებსაც. ამ სერიოზული რეფომრების გზაზე ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას. ნატო- ს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოსაც შეუძლია ნატო-ს იმედი ჰქონდეს", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრებასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი სგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამაც გამოხატა: "ინტერესები არის, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს ორმხრივი თანამშრომლობა და ასრულდეს ის გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღებული, რომელიც საქართველოს სრულ ინტეგრაციას გულისხმობს ნატო-ში. ამისთვის მნიშვნელოვანია გაგრძელდეს დემოკრატიული რეფომრები, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში. ამ რეფორმებს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მაღალი შეფასება მისცა. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც იძლევა გასულ სამიტზე მიღებული არსებით ღონისძიებათა პაკეტი. ერთ-ერთი ღონისძიება არის სწორედ სწავლებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, ". მისივე თქმით : "სტოლტემბერგმა დაგმო ის დესტრუქციული და პროვოკაციული ნაბიჯები, რომელსაც ახორციელებს რუსეთი რეგიონში და აღნიშნა, რომ ეს არ არის მიმართული უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის და პირიქით, ეს უფრო ძაბავს სიტუაციას. მან სრული მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს იმ პოლიტიკაში, რომელსაც ის ახორციელებს რეგიონში".

27 აგვისტოსვე ნატო-ს გენერალური მდივანი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის გახსნას საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაესწრო. პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს, ქართველ მებრძოლებს, რომელთაც სისხლი დაღვარეს ქართველი ხალხისა და საქართველკოს დამოუკიდებლობისთვის: "ყველაზე დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო, იმიტომ რომ თქვენი სისხლის და თქვენი ოფლის ფასად მოიტანეთ ეს დღე. დღეს თქვენთან ერთად ამაყად დგანან ის გმირები, ვინც ბრძოლის ველზე დაეცნენ, დღეს თქვენთან ერთად ამაყად დგანან ჩვენი ქვეყნის ის მომავალი ჯარისკაცებიც, რომლებიც ჩვენს ოჯახებში იზრდებიან. დღეს ჩვენც ამაყად ვდგავართ აქ, საქართველოს მიწაზე, რადგან ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, ვაძლიერებთ იმ ღირებულებების დაცვას, რისთვისაც ყოველთვის ვიბრძოდით – ჩვენი, როგორც თავისუფალი, დამოკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას და ჩვენ ვიცავთ ამ ღირებულებებს არა მარტო ჩვენს მიწა-წყალზე, არამედ გლობალური მასშტაბით." განაცხადა პრეზიდენტმა ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში".

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით კი: "ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაეხმარება, არამედ უმნიშვნელოვანესი იქნება მოკავშირეთა ძალების მომზადებისთვის".

მიიღებს თუ არა საქართველო მომავალ სამიტზე MAP-ს ეს ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ქვეყნისთვის, ამ საკითხე ყურადღება გაამახვილა ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც: "მე ნამდვილად არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეყილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატო-ს სამიტზე, მაგრამ რაც შემიძლია მოგახსენოთ არის ის, რომ საქართველომ უკვე მოიპოვა საჭირო ინსტრუმენტები, რათა წინ იაროს და წევრობის გზაზე პროგრესი ჰქონდეს. პროგრესი აშკარაა, რადგან რეფორმების გზაზე - როგორც პოლიტიკური სისტემის, ისე სასამართლო სისტემის რეფორმირების თვალსაზრისით, არის მიღწევები. ამას მივესალმებით და ნამდვილად ენთუზიაზმით გვავსებს, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ერთგულია რეფორმების გზით მოძრაობის."- განაცხადა სტოლტენბერგმა

"ინტერპრესნიუსის" მასაალების მიხედვით მოამზადა ეკა გადახაბაძემ

იხილეთ ფოტოგალერეა