ალი და კვამლი უცეცხლოდ (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები) - კვირის პალიტრა

ალი და კვამლი უცეცხლოდ (მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები)

მოქანდაკე თამარ კვესიტაძის ქმნილებას, რომელიც ქალისა და მამაკაცის ერთმანეთისადმი ლტოლვას, ერთმანეთისკენ სწრაფვას ასახავს, ბათუმში დადგმის შემდეგ ვიღაცამ "ალი და ნინო" უწოდა (ეჭვი კი მაქვს, ვინ იქნებოდა, მაგრამ ჯერ ზუსტად არ ვიცი და ამიტომ ხელს ვერ დავადებ) და მისი ზოგადი მნიშვნელობა ერთი კონკრეტული ნაწარმოების პერსონაჟების სიყვარულის ისტორიად აქცია, თუმცა, ეს არ აღმოჩნდა ერთადერთი განსაცდელი, რომელიც ამ ქანდაკებას ელოდა.წინა კვირას "ოცნებამ" მისი გადატანა ისეთ კომპანიას დაავალა, რომელმაც ამას თავი ვერ გაართვა და ერთი ქანდაკება ჩამოუვარდა. სამწუხარო ფაქტია და კიდევ ერთხელ იძლევა "ოცნების" ბედოვლათობაზე ქირქილის საფუძველს, მაგრამ რაც ამ ამბავს ტელევიზიითა და სოციალური ქსელებით მოჰყვა, სრული მარაზმია.

ჯერ წინა ხელისუფლების მომხრეებმა ატეხეს ერთი ამბავი, ვაი-უშველებელი და სახის ხოკვა - ხელისუფლებამ ძეგლი სპეციალურად დაანგრია, ბათუმს სპეციალურად ამახინჯებენ, მეობას და ქართველობას გვართმევენო. ყოფილმა პრეზიდენტმა ამ ფაქტს "ივანიშვილის შურისძიება" უწოდა. "ნაციონალების" მომხრეები "ფეისბუკზე" გულისამაჩუყებელ პოსტებს წერდნენ და ქანდაკებას და ბათუმის დაკარგულ სილამაზეს გლოვობდნენ, "რუსთავი 2" გამოშვებებს ამ ფაქტზე საუბრით იწყებდა და შემთხვევის ადგილიდან პირდაპირ ჩართვებს არ გვაკლებდა.

მათ არც ყოფილი ხელისუფლების მოძულეები ჩამორჩნენ, რომლებმაც სიხარული ვერ დამალეს ქანდაკების დამტვრევის გამო - აქაოდა, ეს ძეგლი ქართველი ქალის ღირსებას შეურაცხყოფდა, რადგან მისი და მუსლიმი მამაკაცის სიყვარულს ასახავდაო.

არადა, ქანდაკება აღდგება და რამდენიმე დღეში ძველი ადგილიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით დაიდგმება. რა საჭირო ყო ასეთი ისტერიკა? პოლიტიკამ, მგონი, სულ გადაგვრია და ჭკუა დაგვაკარგვინა. მზად ვართ, ყველაფრის მიღმა შეთქმულება და ათასი უბედურება დავინახოთ. არა, პოლიტიკოსების მიზნები გასაგებია - ისინი ცდილობენ, ყველაფერი სათავისოდ გამოიყენონ, მაგრამ მათი მომხრეები რამ გაასულელა, ეს თამაში რომ სჯერათ და სოცქსელებში ერთმანეთს თავ-პირს ამტვრევენ?!

ბოლოს, ვნებები რომ დაცხრა, უფრო ლოგიკური კითხვები გაჩნდა: საერთოდ რატომ გადაჰქონდათო? ან ერთი ძეგლის გადატანა ლამის სამასი ათასი რატომ ჯდებაო? ყველაფერი ფულის მოსატეხად ხომ არ გაკეთდაო? ეს კითხვები და ეჭვები უფრო გონივრულია და მეც მაინტერესებს პასუხები. თქვეს, იმიტომ გადაგვაქვს, რომ ზღვა ძირს ურეცხავდაო, მაგრამ ძეგლის გადატანა ამდენი რატომ ჯდება? არ ჯობდა, ჩემს კოლეგებს ისტერიკის ნაცვლად რეპორტაჟი იმაზე მოემზადებინათ, რაში უნდა დაიხარჯოს ამხელა თანხა? დაესვათ იმ ფირმის ხელმძღვანელობა, რომელსაც ძეგლი გადააქვს და დაეანგარიშებინათ ხარჯები. მეც მაინტერესებს, ასეთი თანხა რაში იხარჯება.

წითელი ნაჭერი

მოკლედ, რაებს აღარ იგონებენ, რომ MAP-ი არ მოგვცენ. ადრე MAP-ზე უკეთესი გვქონდა, ახლა ინტენსიური პარტნიორობა და ნატოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი გვაქვს. თუმცა, ახალი სლოგანი მაინც სხვა სიმაღლეა: "უფრო მეტი ნატო საქართველოში და უფრო მეტი საქართველო ნატოში!" აი, ეს არის ჩვენი დღევანდელი მიღწევა!

საინტერესოა, კონკრეტულად რამდენი ნატოა საქართველოში და რამდენი საქართველო - ნატოში? რა თქმა უნდა, ამ ცენტრის გახსნა წინ გადადგმული ნაბიჯია, მისი პოლიტიკური მნიშვნელობაც დიდია და ნატოს მეტი ოფიცერი თუ ინსტრუქტორიც იქნება ჩვენთან, მაგრამ საქართველოს ყოფნა ნატოში როგორ იზრდება? სინამდვილეში ეს დამამშვიდებელი პრიზი ხომ არ არის?

თინა ხიდაშელი მინისტრი რომ გახდა, რიხიანად ამბობდა, ვარშავის სამიტზე მხოლოდ MAP-ი დაგვაკმაყოფილებსო, მაგრამ ახლა უფრო თავშეკავებულია და ამბობს, მთავარი არა MAP-ის მიღება, არამედ გაწევრების გზაზე დადგომააო. არადა, ამ გზაზე უკვე დიდი ხანია, ვდგავართ. ბოლოში ვერ გავედით, თორემ უსიკვდილო პირობა - ნატოს წევრები გახდებითო, ჯერ კიდევ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მოგვცეს.

მოდი, თავს ნუ მოვიტყუებთ და ქართველ თუ უცხოელ დიპლომატებს ჩვენი მოტყუების საშუალებასაც ნუ მივცემთ. დღეს ჩვენთვის MAP-ის მოცემა რუსეთისთვის წითელი ნაჭრის აფრიალებას ნიშნავს და ალიანსიც MAP-ს მანამდე არ მოგვცემს, სანამ ამ ნაჭრის აფრიალების დრო არ დადგება. ხომ წარმოგიდგენიათ, რა უნდა მოხდეს, რომ ეს დრო დადგეს? ადრეც დავწერე და ახლაც გავიმეორებ: ჩვენ MAP-ი არც გვაძლევს ხელს, რადგან ის ალიანსის წევრებს ჩვენს დაცვას არ ავალდებულებს და გამწარებული რუსეთი რას მოიმოქმედებს, არავინ იცის. MAP-ის მოცემა შეიძლება ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს, ამიტომ ჩვენ ნატოში გაწევრება ყოველგვარი MAP-ის გარეშე უნდა მოვითხოვოთ (და დაიწყო კიდეც ამაზე საუბარი ჩვენმა ხელისუფლებამ). როცა მზად იქნებიან ჩვენს მისაღებად, მიგვიღონ, მანამდე კი ვიპარტნიოროთ ასე შეხმატკბილებულად, გავამხნევოთ ერთმანეთი და რაც მთავარია, გავატაროთ რეფორმები, რომლებიც უპირველესად ჩვენი ქვეყნისთვის არის კარგი.