გოგი თოფაძე: "კარგი ქნა არხის ხელმძღვანელობამ ეს ორი გადაცემა რომ დახურა" - კვირის პალიტრა

გოგი თოფაძე: "კარგი ქნა არხის ხელმძღვანელობამ ეს ორი გადაცემა რომ დახურა"

"ამ გადაცემებში არ აისახებოდა ის სიკეთეები, რაც გაკეთდა საქართველოში ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში"

ტელეკომპანია იმედზე გადაცემების "რეაქცია" და "იმედის კვირის" დახურვა ჯერ კიდევ განსჯის საგანია. საზოგადოების ნაწილი და ჟურნალსტი ინგა გრიგოლია მიიჩნევენ, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, არხის ხელმძღვანელობის თქმით კი გადაწყვეტილება, ყოველგვარი პოლიტიკური გავლენების გარეშე, თავად მიიღეს. ამ თემასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ინტერვიუში "ქართული ოცნების" ლიდერმა გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ ეს გადაცემები იყო არაობიექტური და ხელმძღვანელობამაც ამიტომ დახურა. ჩვენ დავუკავშირდით გოგი თოფაძეს და კომენტარი ვთხოვეთ:

- პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მთლიანად ტელეკომპანია "იმედი"არ მიგულისხმია, ვთქვი, რომ ის ორი გადაცემა "რეაქცია" და "იმედის კვირა", რომელიც არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების გამო დაიხურა, იყო არაობიექტური და სწორედ ამის გამო დაიხურა კიდეც.

- თუ ვიღაც მიიჩნევს, რომ გადაცემა არაობიექტურია, ამის გამო რეიტინგული გადაცემები უნდა იხურებოდეს?

- როგორც ჩანს, კი, რადგან არხის ხელმძღვანელობამ ასე მიიჩნია საჭიროდ. ამ გადაცემებში არ აისახებოდა ის სიკეთეები, რაც გაკეთდა საქართველოში ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში, ლაპარაკი იყო მხოლოდ ნეგატიურ მოვლენებზე და ბუნებრივია, ეს არაობიექტურობაა.

- "რეაქცია" და "იმედის კვირა" ნეგატიურს რასაც აშუქებდა, რეალურად ის არ ხდებოდა ქვეყანაში?

- ჩემი აზრით, ამ ორი გადაცემის დახურვით ტელევიზიის ხელმძღვანელობამ სწორი ნაბიჯი გადადგა

- გამოდის, ტელევიზიამ ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა?

- არავითარ შემთხვევაში, თუ დააკვირდით, ყველგან ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო ტელევიზიის ხელმძღვანელობამ, არავითარ პოლიტიკურ ჩარევას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ თვითონ ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ მოვლენების ასეთი არაობიექტური ასახვა არ მოსწონს ხალხს, ვიმეორებ, ჩემი აზრით, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

- თუ ეს გადაცემები არაობიექტური იყო, თქვენი გუნდის წარმომადგენლები რატომ იღებდნენ მონაწილეობას?

- პროვოკაციულ კითხვებს სვამთ. ყველა გუნდს სჭირდება ხალხთან ურთიერთობა ტელევიზიის საშუალებით და ამიტომ მიდიოდნენ იქ ჩვენი გუნდის წარმომადგენლები.

- თქვენთვის, როგორც რიგითი მაყურებლისთვის რამდენად მისაღებია ეს ფაქტი?

- როგორც მაყურებელი და პოლიტიკოსიც ვამბობ, რომ კარგი ქნა არხის ხელმძღვანელობამ ეს ორი პროგრამა რომ დახურა, იმიტომ რომ ამ გადაცემებში ძალიან არაობიექტურად შუქდებოდა მიმდინარე პროცესები.

- ამ მოტივით სხვა გადაცემებიც უნდა დაიხუროს?

- მე არ დავიწყებ სხვა არხების კრიტიკას, თანაც ეს არაა ჩემი გადასაწყვეტი, ეს უნდა გადაწყვიტოს ტელევიზიის ხელმძღვანელობამ. არ ვიცი, სხვაგან რა ხდება, თან ახლა ლაპარაკია მხოლოდ "იმედზე" და მგონი, გასაგებად გაგეცით პასუხი.

- სხვა არხებს თუ უყურებთ...

- მაინც იგივეს მეკითხებით, არ მინდა ამ ეტაპზე ამის იქით წასვლა, რაც მკითხეთ გიპასუხეთ და თუ სხვაგან რამე შეიცვლება შემდეგ ვილაპარაკოთ ამ თემაზე.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)