"თანამდებობაზე მეჭიაურის მსგავსი პირების ყოფნა საგანგაშოა" - რა ხდება კოალიციაში, რა უდევს საფუძვლად რესპუბლიკელების პროტესტს?! - კვირის პალიტრა

"თანამდებობაზე მეჭიაურის მსგავსი პირების ყოფნა საგანგაშოა" - რა ხდება კოალიციაში, რა უდევს საფუძვლად რესპუბლიკელების პროტესტს?!

"საქსოვ ჩხირებზე აქცენტი ყოველგვარ ეთიკის საზღვრებს სცდება" - მეჭიაური პარლამენტში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ ივანიშვილის კურსელია?!

"როდესაც მეჭიაური სიტყვა - "სოროსელს" შეურაცხმყოფელ ჭრილში ახსენებს, სამოქალაქო საკითხებში მისი ელემენტარული განათლება ეჭვქვეშ დგება."

"ივანიშვილმა "ენჯეოშნიკ სოროსელს" საქსოვი ჩხირები გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა" - საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის მიერ პრეზიდენტის ამ ფორმით კრიტიკამ უკმაყოფილება კოალიციის წევრებშიც გამოიწვია. დეპუტატი ჯერ თავდაცვის მინისტრმა გააკრიტიკა, მოგვიანებით კი, სოციალურ ქსელში მას "რესპუბლიკელი" დავიტთ ზურაბიშვილი ასე გამოეხმაურა: "უკუღმართ დროებას რა ვუთხარი, თორემ მე და ეს კაცი რანაირად უნდა ვითვლებოდეთ ერთ გუნდში?" დეტალებზე "კვირის პალიტრა" საკრებულოს წევრ დავით ზურაბიშვილს დაუკავშირდა:

- საქართველოს საკონსტიტუციო დებულების თანახმად თამაზ მეჭიაურს ქვეყანაში ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა უკავია - სახელმწიფოს ეკონომიკური კურსის განსაზღვრაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივები უმნიშვნელოვანესი ფაქტორი უნდა იყოს... ამიტომ, ამ დონის თანამდებობის პირისგან მსგავსი განცხადებები არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. როდესაც მეჭიაური სიტყვა - "სოროსელს" შეურაცხმყოფელ ჭრილში ახსენებს, სამოქალაქო საკითხებში მისი ელემენტარული განათლება ეჭვქვეშ დგება. როგორც ჩანს, მან არ იცის, რას საქმიანობს სოროსი და მისი ფონდი საქართველოში. ეს გაუნათლებელი, მეორე მხრივ კი, პოსტსაბჭოთა და პრორუსული სტერეოტიპის მქონე საზოგადოების ნაწილის პოზიციის გახმოვანებაა, რომლებიც იმასაც აცხადებენ, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით კი, ამერიკა საქართველოს რყვნის. საზოგადოებაში მსგავსი დამოკიდებულების მქონე ადამიანებს ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ თანამდებობაზე მეჭიაურის მსგავსი პირების ყოფნა - საგანგაშოა. მითუმეტეს, როდესაც მთავარ პრიორიტეტად ევროპასთან და ნატო-სთან ინტეგრაცია სახელდება.

- ვის აკისრებთ პასუხისმგებლობას, რომ მეჭიაური დღეს თანამდებობაზეა და ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერადაც კი იქცა? რატომ შეივსო თავის დროზე საარჩევნო სია მსგავსი პოლიტიკოსებით?

- პრინციპში 2012 წელს სპეციფიური არჩევნები ჩატარდა და სიის დაკომპლექტებაში ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის.

- ანუ, ფიქრობთ, რომ მეჭიაური სიაში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ ყოფილი პრემიერის კურსელია?

- შეიძლება ამიტომაც, მაგრამ 2012 წელს სპეციფიური არჩევნები ჩატარდა. ნორმალური ვითარება რომ ყოფილიყო, შესაძლოა ბევრი თანამდებობის პირი თავის დროზე საარჩევნო სიაში ვერ მოხვედრილიყო. ჩემთვის ისიც გაუგებარია, რატომ უნდა მიაყენო პიროვნული შეურაცხყოფა პრეზიდენტს? წინა პრეზიდენტები არაერთხელ გამიკრიტიკებია, მაგრამ ინსტიტუციისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიმიყენებია. საქსოვ ჩხირებზე აქცენტი ყოველგვარ ეთიკის საზღვრებს სცდება. ვფიქრობ, აბსოლუტურად განსხვავებული მსოფმხედველობის ადამიანებნი ერთ გუნდში არ უნდა იყვნენ.

- ფაქტია, კოალიციაში აზრთა სხვადასხვაობა პიროვნულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თამაზ მეჭიაური მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიაში ისევ რომ აღმოჩნდეს, კოალიციაში "რესპუბლიკელები" დარჩებიან?

- ჯერ არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი, ამიტომ არავინ იცის საბოლოოდ რა კონფიგურაცია ჩამოყალიბდება. რა თქმა უნდა, ჩემი მოსაზრებები უკვე მაქვს და ისიც ვიცი, ვისთან როგორ უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა, მაგრამ მოვლენებს არ დავასწრებ. შევხედოთ, რა მოხდება.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)