თამაზ მეჭიაური: "მარგველაშვილმა მეც მომატყუა და ბიძინა ივანიშვილიც... პრეზიდენტის უმადურობაა შეუარცხყოფა და არა ჩემი განცხადება" - კვირის პალიტრა

თამაზ მეჭიაური: "მარგველაშვილმა მეც მომატყუა და ბიძინა ივანიშვილიც... პრეზიდენტის უმადურობაა შეუარცხყოფა და არა ჩემი განცხადება"

"ვინც ჩემს ნათქვამს ლანძღვად აღიქვამს, ამოიღეთ მათი შეფასებები პატრიარქზე და ნახავთ რას წერენ."

"რაც შეეხება ზურაბიშვილს, მე ვარ ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელი, ხოლო ამ დავით ზურაბიშვილს, როგორც ჩემს თანაგუნდელს საერთოდ არ ვიცნობ"

კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა, თამაზ მეჭიაურმა ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის ტრიბუნიდან მარგველაშვილის გაპრეზიდენტების გამო გაკრიტიკა და პრეზიდენტს "ენჯეოშნიკი სოროსელი" უწოდა.

თამაზ მეჭიაური:

- რის თქმაც შეიძლებოდა, მგონი, უკვე ყველაფერი ვთქვი. სხვათა შორის, ვნახე ჩემი გამოსვლა და ვთვლი, რომ აზრი სრულიად გასაგებად ჩამოვაყალიბე. ვერ ვხვდები რატომაა შეურაცხმყოფელი საქსოვი ჩხირები, როდესაც პეზიდენტ მარგველაშვილს "ფეისბუქზეც" უდევს სურათი, სადაც ქსოვს და მე სწორედ ეს ფაქტი დავაფიქსირე. პრეზიდენტობამდე მარგველაშვილი იყო, არასამთავრობოს ერთ-ერთი რიგითი წევრი, ხოლო რიგითი წევრობა არაა არც დანაშაული და არც პრივილეგია. არასამთავრობოებში მეგობრებიც მყავს და არაკეთილმოსურნეებიც, მოკლედ, "ენჯეოშნიკობა" სალანძღავად არ მითქვამს. რაც შეეხება "სოროსელობაზე" ხაზგასმას, ესე ამ სიმღერიდანაა და არც სოროსელობაა სალანძღავი სიტყვა. ჩემი გამოსვლით მივანიშნე ერთ გარემოებაზე, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ეს კაცი იქნებოდა რიგითი "ენჯეოშნიკი-მეთქი", ფოტოებიდან გამომდინარე ვიხუმრე, რომ ბატონმა ბიძინამ მას საქსოვი ჩხირები გამოართვა და ვეტოს უფლებით აღჭურვა -მეთქი, რომელსაც ბოროტად იყენებს. ვინც ჩემს ნათქვამს ლანძღვად აღიქვამს, ამოიღეთ მათი შეფასებები პატრიარქზე და ნახავთ რას წერენ.

- თქვენ არ მიეცით ხმა მარგველაშვილის?

- ხმაც მივეცი და მისი წარმომადგენელიც ვიყავი რამდენიმე რაიონში და ამას, რა თქმა უნდა, ვნანობ, მაგრამ თან არც ვნანობ, რადგან მე ეს გავაკეთე ბატონი ბიძინას ხათრით.

- ივანიშვილმა რომ გთხოვოთ "ნაციონალურ მოძრაობის" მხარდაჭერა, გაუწევთ ხათრს?

- არავითარ შემთხვევაში. მე ბატონ ბიძინას უდიდეს პატივს ვცემ და სწორედ ამიტომ დავუჭირე მხარი მარგველაშვილს, მეგონა, ივანიშვილს ჰქონდა მეტი ინფორმაცია მარგველაშვილზე და იცოდა, რომ ეს კაცი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯებს არ გადადგმადა.

- ანუ ბატონი ბიძინა შეცდა?

- ასე გამოდის, სამწუხაროდ, მარგველაშვილმა მეც მომატყუა და ბიძინა ივანიშვილიც, ადამიანი, რომელიც მას ენდო. ესაა უმადურობა და არაფერ შუაში არაა არც "ენჯეო" და არც სოროსი. მარგველაშვილის უმადურობაა შეუარცხყოფა და არა ჩემი განცხადება.

- დავით ზურაბიშვილმა განაცხადა - დროის უკუღმართობს რა ვუთხარი, თორემ როგორ შეიძლება მე და თამაზ მეჭიაურს თანაგუდნელები გვერქვასო. თავდაცვის მინისტრმა კი სამარცხვინო უწოდა თქვენს გამოსვლას...

- ქალბატონი ხიდაშელის განცხადების შეფასებაში არ ავჩქარდები და ვეტოს დაძლევის შემდეგ ვისაუბრებ. რაც შეეხება ზურაბიშვილს, მე ვარ ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელი, ხოლო ამ დავით ზურაბიშვილს, როგორც ჩემს თანაგუნდელს საერთოდ არ ვიცნობ, მისთვის, მგონი, ხელიც კი არასდროს ჩამომირთმევია.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)