ევროპა ცვლილებების შიშმა შეიპყრო - "არალეგალური მიგრაციის ტალღა ევროპას აფეთქებით ემუქრება" - კვირის პალიტრა

ევროპა ცვლილებების შიშმა შეიპყრო - "არალეგალური მიგრაციის ტალღა ევროპას აფეთქებით ემუქრება"

ბებერ კონტინენტზე ცხოვრების მსურველთა რიგი დაუსრულებელია

ისლამური სახელმწიფო თავის ერთ-ერთ მიზნად სწორედ ევროპის ისლამიზაციას ისახავს

დღეს ბრიუსელში მიგრანტთა საკითხზე სამსჯელოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები იკრიბებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფ 120 ათას მიგრანტთან დაკავშირებით, ხმათა უმრავლესობით გარკვეული გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა დევნილთა გადანაწილების შესახებ კვოტის დადგენის შეთანხმებას მხარი კვლავაც არ დაუჭირეს: რუმინეთმა, უნგრეთმა, ჩეხეთმა და სლოვაკეთმა. მანამდე პოლონეთიც საწინაარმდეგო პოზიციაზე იყო, თუმცა ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა.

ამის პარალელურად, უნგრეთის პარლამენტმა სპეციალური რეზოლუცია მიიღო და ევროკავშირის ლიდერებს მიმართა, დაიცვას კონტინენტი და მისი მოსახლეობა არალეგალური მიგრაციისგან. პარლამენტარები ევროკავშირის ხელმძღვანელობას სამიგრაციო კრიზისის ესკალაციაში ადანაშაულებენ.

"არალეგალური მიგრაციის ტალღა მთელს ევროპას აფეთქებით ემუქრება, ადამიანები ბრიუსელის უპასუხისმგებლობის გამო იღუპებიან", - მიაჩნიათ უნგრეთის პარლამენტში.

უნგრელი პარლამენტარების განცხადებით, ქვეყანა არ დაუშვებს, რომ არალეგალმა მიგრანტებმა შრომის ბაზარს და ქვეყნის სოციალურ უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნან

მოკლედ, ევროპაში ლტოლვილთა კრიზისი გრძელდება. სირიიდან, ერაყიდან, ავღანეთიდან და აფრიკიდან მომავალი მიგრანტები ნებისმიერ ფასად ცდილობენ ევროპაში მოხვედრას. მათი უმრავლესობა სირიიდან ომს და სიღარიბეს გამოქცეული მუსლიმები არიან. სოციალური ქსელები ლტოლვილების ფოტო და ვიდეომასალებმა მოიცვა და მთელ მსოფლიოში გამოიწვია ადამიანური ემოციები. (ფოტოგალერეა)

ევროპაში მუსლიმების მიგრირების პროცესი ათწლეულებია გრძელდება, მაგრამ ბევრი მიგრანტთა ამჟამინდელ კრიზისს მასშტაბებით მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ხალხთა გადასახლებებს ადარებს. ფაქტი ერთია - ევროპა ჰუმანიტარული, პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური კრიზისის წინაშე დგას. გადაწყვეტილება სასწრაფოდ არის მისაღები, ხოლო ერთიანი პოზიცია ევროკავშირის ქვეყნებში უბრალოდ არ არსებობს. ჰუმანიტარულმა კრიზისმა ევროკავშირის ერთიანობაც დააყენა საფრთხის ქვეშ - გერმანიაში შენგენის ზონის დატოვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავენ.

ყველაზე გულუხვი მიგრანტების მიმართ გერმანია აღმოჩნდა. ქვეყნის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ამ წელს გერმანია 800 000-მდე თავშესაფრის მაძიებელს მიიღებს... ევროკავშირის სხვა სახელმწიფოები კი უარს აცხადებენ დიდი რაოდენობით მიგრანტების მიღებაზე და გერმანიას აკრიტიკებენ - რადგან გერმანიის მოქალაქეობა მათ ევროკავშირში თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას მისცემს.

ამის პარალელურად, ხორვატია მიგრანტების დიდ რაოდენობას გზავნის უნგრეთისა და სლოვენიის საზღვრებთან. ეს უკანასკნელნი კი მათ უკან აბრუნებენ ხორვატიაში და დამცავ კედლებს აშენებენ საზღვრებთან. მიგრანტების საკითხის გადაჭრას გერმანია კვოტირების სისტემის შემოღებით ცდილობს - 160 000 მიგრანტი ევროკავშირის ყოველ სახელმწიფოში. მაგრამ, ამის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნები.

რა თქმა უნდა, ჰუმანურია, როდესაც ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი და საკუთარი შვილების სიცოცხლე ერთ ნავს მიანდეს - კარი გაუღო და ახალი ცხოვრების იმედი მისცე და არაჰუმანურია, როდესაც მათ კედლებს ახვედრებ. თუმცა, ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

აღსანიშნავია, რომ ათასობით მიგრანტს შორის მხოლოდ ლტოლვილები არ არიან. ბევრი მათგანი სირიიდან და სხვა ადგილებიდან მართლაც სიკვდილს გამოექცა. თუმცა, დიდი ნაწილი უკვე ნაპოვნი თავშესაფრიდან უკეთესი ცხოვრების საძიებლად წამოვიდა ევროპისკენ. ისინი თურქეთის, იორდანიის და ლიბანის თავშესაფრებიდანაც მოდიან. ლტოლვილების უმრავლესობა დასავლეთ ევროპისკენ, უფრო ზუსტად კი, გერმანიისკენ მიიწევს. ცხადია, ვერ გააკრიტიკებ ადამიანს იმისთვის, რომ უკეთესი ცხოვრება უნდა.

მაგრამ რჩება მორალური და სამართლებრივი კითხვა - როგორ უნდა მოიქცეს ევროკავშირი? ყველა ქვეყანამ გერმანიის მაგალითს უნდა მიბაძოს და შეუშვას მსურველების დიდი ნაწილი, თუ კარი ჩაუკეტოს თავშესაფრის მაძიებელ მიგრანტებს. ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიხედვით, ლტოლვილს აქვს უფლება მოითხოვოს და ჰქონდეს თავშესაფარი. რა შედეგებს მოუტანს ევროპას ლტოლვილების ნაკადის მიღება. ამ ყველაფრის მიღმა ღრმა პოლიტიკური პროცესები დგას.

ევროპის ნაწილი მზად არის მიგრანტების მისაღებად, თუმცა ანტიმიგრაციული ჯგუფებიც მრავლად გაჩნდა. ეს ჯგუფები ფიქრობენ, რომ მუსლიმთა მიგრაცია სამუდამოდ შეცვლის ევროპაში კულტურულ ბალანსს. ევროპა ცვლილებების შიშმა შეიპყრო და ეს შიში ლოგიკურია.

თავშესაფრის მაძიებელთა დიდი ნაწილი, 70%, მუსლიმი მამაკაცია. არ ხდება მათი იდენტიფიკაცია - შესაბამისად, ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები მარტივად შეიძლება მოხვდნენ ევროპის ფართოდ გაღებულ კარებში და ევროპელების უსაფრთხოება დააყენონ ეჭვქვეშ. ისლამური სახელმწიფო თავის ერთ-ერთ მიზნად სწორედ ევროპის ისლამიზაციას ისახავს.

როგორც ამბობენ, გამარჯვებულია ის, ვისაც უკეთესი დემოგრაფიული მდგომარეობა აქვს. ევროპის ყველა ქვეყანა განიცდის დემოგრაფიულ კრიზისს, ხოლო მუსლიმ მოსახლეობაში შობადობა ყოველთვის მაღალია. მომავალში ამან შესაძლოა ევროპაში დემოგრაფიული ვითარება მუსლიმების სასარგებლოდ შეცვალოს. ასევე, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მუსლიმები ძალიან ნელა და ძნელად ინტეგრირდებიან ევროპაში - რადგან სრულიად განსხვავებული ღირებულებები და აზროვნება გააჩნიათ. ევროპაში დაბადება და ცხოვრება სულაც არ ნიშნავს ისლამური ექსტრემიზმისგან გამიჯვნას - პირიქით, ხშირ შემთხვევებში სწორედ ევროპელი მუსლიმები ხდებიან რადიკალი ისლამისტები. მოკლედ რომ ვთქვათ, ევროპელების შიში ევროპის შესაძლო ისლამიზაციასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებული არ არის.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიგრანტების მისაღებად საჭირო ეკონომიკური და სოციალური პირობები არ არსებობს. ამ ქვეყნებს ჯერ ნაცისტური გერმანიის, შემდეგ კი საბჭოთა მარწუხებიდან თავის დაღწევა დიდი მსხვერპლის ფასად დაუჯდათ. მათ დიდი ბრძოლების ფასად მიაღწიეს თავისუფლებას და ეს თავისუფლება ჯერ კიდევ მყიფეა რუსული საფრთხის გამო. ამიტომ ბუნებრივია, რომ არ სურთ ახალი მუსლიმური ეთნიკური უმცირესობა. ისინი აცნობიერებენ, რომ ამ ყველაფერს საკუთარი პოლიტიკური ფასი და შედეგი ექნება მომავალში.

ბევრი პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ლოიალური პოლიტიკის შემთხვევაში მოსალოდნელია მიგრანტების ახალი ტალღების წარმოშობა, რადგან ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში ვითარება მხოლოდ უარესისკენ შეიძლება შეიცვალოს ახლო მომავალში. შესაბამისად, ევროპაში წამოსვლის მსურველების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება. ეს პროცესი მართლაც შეიძლება გახდეს შეუქცევადი, რადგან ევროპაში ცხოვრების მსურველთა რიგი დაუსრულებელია. დღეს ევროკავშირი ებრძვის შედეგებს, და არა მიზეზებს. თუმცა, მიზეზების აღმოფხვრის გარეშე ამ პრობლემასთან გამკლავება რთული იქნება.

ევროპაში მიმდინარე მოვლენები პირდაპირ აისახება საქართველოზე, რადგან ჩვენ სწორედ მას ვუკავშირებთ მომავალს. ლტოლვილების კრიზისმა კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ ევროკავშირის ქვეყნები ინტეგრირებული პოლიტიკის ნაკლებობას განიცდიან. როგორ გაუმკლავდება ევროკავშირი კრიზისს საკუთარი ფინანსური და ეკონომიკური პრობლემების ფონზე, რამდენად ერთიანი იქნება მისი პოზიცია - ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, მათ შორის ჩვენთვისაც.

ნატო მუჯირიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ფოტოგალერეა