მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო რევანშისთვის ემზადება?! - ვინ ვის წინააღმდეგ ხლართავს ინტრიგებს? - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო რევანშისთვის ემზადება?! - ვინ ვის წინააღმდეგ ხლართავს ინტრიგებს?

რატომ ვერ მიიღო ამ დრომდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ  უკრაინული მხარისგან ოფიციალური პასუხი იმის თაობაზე, რომ ოდესის გუბერნატორმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო?!

ღარიბაშვილის კარზე არც ინტრიგების ხლართვაა იშვიათი მოვლენა - ცალკეულ მინისტრებზე ღარიბაშვილს არასწორ ინფორმაციას აწვდიანო. მეტიც, მისივე განცხადებით, შიდა დაპირისპირებაში დაწინაურების ჟინით ანთებული უმრავლესობის ზოგიერთი ლიდერი და კონკრეტული მინისტრის მოადგილეებიც არიან ჩართულნი.

პრეზიდენტმა უშიშროების საბჭო მოიწვია, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ამაჯერადაც ვერ მოიცალა მასზე დასასწრებად... და ვიდრე ხელისუფლება შიდა გარჩევებით არიან დაკავებული, მათი ოპონენტები დროს არ კარგავენ - ნაწილი მოსკოვურ ვოიაჟებს განაგრძობს და ოკუპანტ ქვეყანასთან, კაცმა არ იცის, რა გარიგებებზე მიდის, ნაწილი კი აშკარად ქვეყნის შიგნით ბუნტის მოწყობაზე ოცნებობს... იმედი გვაქვს, არსებობს კიდევ ერთი ნაწილიც, რომელიც ქვეყნისთვის ძირის გამომხრელ პოლიტიკას არ ატარებს...

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ოპოზიციურ ფლანგზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის არათუ მზადება, უკვე გაწერილი გეგმის ეტაპობრივად შესრულების პროცესი დაიწყო... და რა ხდება ამ დროს ხელისუფლებაში? მმართველ გუნდში ჯერ კიდევ შიდა სამზარეულოს დასუფთავებით არიან დაკავებულნი.

საზოგადოების უმრავლესობა თანხმდება, რომ 2016 წელი ქვეყნისთვის როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით გადამწყვეტი საარჩევნო წელი იქნება. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში რუსული გავლენის გაძლიერებაზე თავად მინისტრთა კაბინეტის წევრები ალაპარაკდნენ, საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი, მათ შორის, იმედი ვიქონიოთ, რომ იმ მარადიულ კითხვასაც - გვეშველება თუ არა ოდესმე და ბოლოს და ბოლოს რამე?!

კოალიციაში რომ ელემენტარული კომუნიკაციის პრობლემა სულ უფრო ფართო მასშტაბს იღებს, საბოლოოდ, თამაზ მეჭიაურისა და "რესპუბლიკელების" დაპირისპირებით დადასტურდა. ცოტა ხნის წინ, გლდანის მაჟორიტარმა სოსო ჯაჭვლიანმა ისიც განაცხადა, პარტია "ქართული ოცნება" კოალიციისგან გამოსვლას და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გეგმასაც ამუშავებსო. თუმცა საეჭვოა, პარტიას, რომელიც ამ დრომდე სტრუქტურულად ვერ ჩამოყალიბდა და ვერც ადამიანური რესურსის დეფიციტი შეავსო, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა პრაგმატული თვალსაზრისით აწყობდეს. პარტიის შიგნით დისციპლინური პრობლემებია და საეჭვოა, ვითარების გამოსწორება თუნდაც ცნობილი ადამინების მიზიდვით შეძლონ...

ამ ეტაპზე საგანგაშო მაინც ისაა, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევების ფონზე, აზრთა მრავალფეროვნებას არც მინისტრთა კაბინეტში უჩივიან. მივა თუ არა საქმე სამთავრობო კრიზისამდე, ჯერ არავინ იცის, თუმცა ფაქტია- მთავრობაშიც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები გუნდურობის პრინციპის დეფიციტით მუშაობენ. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა მოქმედმა მაღალჩინოსანმა პირად საუბარში დაიჩივლა, სამინისტროებთან ურთიერთობისას კანცელარია განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევაო. მისი მტკიცებით, კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებისგან სამინისტროებმა მიიღეს დირექტივა, რომ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საჯარო გამოსვლა სწორედ პრემიერის აპარატთან შეთანხმდეს. მაღალჩინოსანმა საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის კარზე არც ინტრიგების ხლართვაა იშვიათი მოვლენა - ცალკეულ მინისტრებზე ღარიბაშვილს არასწორ ინფორმაციას აწვდიანო. მეტიც, მისივე განცხადებით, შიდა დაპირისპირებაში დაწინაურების ჟინით ანთებული უმრავლესობის ზოგიერთი ლიდერი და კონკრეტული მინისტრის მოადგილეებიც არიან ჩართულნი. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, აღმასრულებელ ხელისუფლებას ახლო მომავალში სულ ცოტა 2 მინისტრი გამოეთიშოს...

სანამ მთავრობის კანცელარიაში პირად ურთიერთობებში გარკვევას ცდილობენ, ოპოზიცია მთელი წლის მოქმედების გეგმას პრაქტიკულად მისთვის იდეალურ პირობებში ზედმიწევნით მიჰყვება. ლარის გაუფასურება, ეკონომიკური კრიზისი, მედიის თავისუფლების ხარისხის თვალსაზრისით გაჩენილი კითხვები...- ერთი სიტყვით უამრავი საკითხია, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებს სრული პოლიტიკური კარტბლანშის შესაძლებლობას აძლევს.

მაგალითად, "ნაციონალურ მოძრაობაში" უკვე დანამდვილებით იციან, რომ წინასაარჩევნოდ კოალიციის შექმნა არცერთ თანამოაზრე პარტიასთან არ სურთ და იდეოლოგიურად თავსებად ძალასთან გაერთიანებას მხოლოდ მომავალ პარლამენტში შესვლის შემდეგ გეგმავენ. არჩევნების შედეგებზე აპელირება და არასასურველი შედეგის შემთხვევაში პოლიტიკური პროტესტის ტალღის აგორება, სხვა საუბრის თემაა... "ნაციონალებმა" რეგიონებში პარტიის კანდიდატების შერჩევის შიდა პროცესი უკვე დაიწყეს. პარტიაში არც იმას მალავენ, რომ წინასაარჩევნოდ ოდიოზური ფიგურების უკანა პლანზე გადაყვანასა და ახალი სახეების წამოტივტივებას გეგმავენ. მაგალითაც, ჩვენი საინფორმაციო წყაროს თქმით, რაც უფრო მოახლოვდება არჩვენები მით უფრო ნაკლებად გამოჩნდებიან საზოგადოების წინაშე ისეთი ფიგურები როგორებიცაა: გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე და ნუგზარ წიკალური. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი პარტიის მუშაობას ჩამოშორდებიან, არამც და არამც, ისინი იქნებიან ავანგარდში, თუმცა საზოგადოება ზედამეტად არ შეეჩხირებიან თვალში.

რაც მთავარია, პარტიის ხელმძღვანელები ამტკიცებენ, რომ პარტიულ საქმიანობაში ამ ეტაპზე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მასშტაბურად არ ერევა და მხოლოდ რამდენიმე ლიდერისთვის მიცემული რეკომენდაციებით შემოიფარგლება. რაც შეეხება კითხვას, სჭირდება თუ არა "ნაციონალურ მოძრაობას" ოდესის გუბერნატორის რჩევები და საერთოდ, ხომ არ გახდა სააკაშვილი პარტიის პოლიტიკური ტვირთი, ყოფილ სახელისუფლო გუნდში საკითხის ასე დასმა აბსოლუტურად ალოგიკურად მიაჩნიათ.

"ნაციონალები" მიიჩნევენ, რომ პარტიის თავმჯდომარე მსოფლიო ბრენდად იქცა, რომლის გარეშეც მათი პოლიტიკური მომავალი, უბრალოდ, წარმოუდგენელია. მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო რევანშისთვის ემზადება, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ამ დრომდე არ მიუღია უკრაინული მხარისგან ოფიციალური პასუხი, რომ ოდესის გუბერნატორმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებას ჯერ კიდევ ახერხებს. დიდი ალბათობით, სწორედ ამ ფანდის გამოყენებით მიხეილ სააკაშვილი აპირებს მომავალ არჩევნებში ჩართვას უკრაინიდან ან თუნდაც უფრო ახლოს, სარფის საზღვართან მოახლოებული...

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)