"დიახ, გეშინოდეთ პრორუსული ძალის!" - როგორ აძლიერებს დასავლეთის პასიურობა პრორუს "შარლატანებს" - კვირის პალიტრა

"დიახ, გეშინოდეთ პრორუსული ძალის!" - როგორ აძლიერებს დასავლეთის პასიურობა პრორუს "შარლატანებს"

"ხმამაღლა ვაცხადებ: დიახ, გეშინოდეთ პრორუსული ძალის. დიახ, იმიტომ არის შეშფოთებული გენერალი ხიდაშელი, სოროსელი, რომ ჩვენ არაფრის გვეშინია, ჩვენ ვართ ჩვენი სამშობლოს პატრიოტები"; "რუსეთი ჩვენი მეგობარია.!" "რუსეთთან კვლავაც ახლო და ჯიგრული ურთიერთობა გვინდა, იმიტომ, რომ ყველანაირად ნორმალური ქვეყანაა". - ეს განცხადებები ისმოდა 24 სექტემბერს პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართულ აქციის დროს, სადაც "ერეკლე მეორის საზოგადოების" წევრები რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას და დიპლომატიური კავშირების აღდგენას, ასევე საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადების ითხოვდნენ. აქციაზე ერთ-ერთმა ქალნატონმა საერთოდ რუსეთთან შეერთების სურვილი გამოთქვა. მოკლედ, ქვეყანაში პრორუსული ძალები, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში ღიად მოქმედებას ვერ გეგმავდნენ, ნელ-ნელა ცოცხლდებიან და მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოება, რომელსაც სულ ახლახან რუსული არმია თავზე ბომბებს აყრიდა, დაარწმუნონ, რომ რუსეთი კვლავაც ჩვენი დიდი ძმა და მეგობარია. ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ ამ ადამიანებს პატრიოტული კი არა მერკანტილური მიზნები ამოძრავებთ, თუმცა თვითონ ამას კატეგორიულად უარყოფენ.

არჩილ ჭყოიძე, "ერეკლე მეორის საზოგადოების" ხელმძღვანელი:

- აქციის მიზანი და მთავარი მოთხოვნა სამხედრო ნეიტრალიტეტია. კონსტიტუციიდან გამომდინარე ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს პრეიზდენტმა და სწორედ ამიტომ გავმართეთ აქცია მის რეზიდენციასთან. 2 თვის წინ ჩვენ ჩავატარეთ ბრიფინგი, სადაც სამმა არასამთავრობომ მვითხოვეთ პრეზიდენტთან შეხვედრა, თუმცა პრეზიდენტმა ეს თხოვნა უყურადღებოდ დატოვა, მაშინ როცა ის ხშირად ამბობს თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება, არადა რეალურად მხოლოდ ერთი და იგივე ორგანიზაციებთან ურთიერთობს, იმ ორგანიზაციებთან, ვინც დასავლეთიდან ფინანსდებიან. რაც შეეხება იმას, თითქოს აქციაზე ვიღაც რუსეთთან შეერთებას ითხოვდა, ჩვენ გავარკვიეთ და ის ქალბატონი ვინც ეს მიმართვა გაავრცელა საერთოდ არაა ჩვენი ორგანიზაციის წევრი, მეტსაც გეტყვით, ის ვიღაცისგან დაფინანსებული პროვკატორია.

- როდესაც იკუპანტი ქვეყნის მხადაჭერით გამოდიხართ, ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ მოსკოვიდან დაფინანსებას ან უკვე იღებთ, ანაც მის მოლოდინში ხართ...

- ვინც მაგას ამბობს, ნებისმიერ დროს შეუძლია მოვიდეს ჩვენს ოფისში, რომელიც უზნაძეზე მდებაროებს. უნდა გითხართ, რომ ეს ოფისი ჩემი საკუთარი ბინაა, ჩვენ იმის ფუფუნებაც არ გვაქვს ოფისი ვიქირაოთ. რაც შეეხება დაფინანსებას, შემიძლია ყველა ტიპის საბანკო ანგარიში წარმოავდგინო და ნახავენ თუ საიდან ვიღებ დაფინანსებას. ისე, არც ის იქნება ცუდი, თუ დასავლეთიდან გრანტმიღებული ორგანიზაციებიც გააკეთებენ იგივეს.  რუსეთის და პირადად პუტინის ხელშია აფხაზეთის და სამაჩაბლოს გასაღები, რუსეთს შეუძლია მოახდინოს მთელი საქართველოს ოკუპაცია, სწორედ ამიტომაა საჭირო მათთან დიპლომატიური ურთიერთობა

- 2008 წელს გვქონდა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, თუმცა ამას რუსეთისთვის საერთოდ არ შეუშლია ხელი...

- გეთანხმებით, თუმცა 2008 წელს ამ ყველაფერს ხელი შეუწყო მიხეილ სააკაშვილის უგუნურმა ქმედებებმა, როდესაც მან დაიწყო ცხინვალის დაბომბვა, რასაც მოჰყვა რუსეთისგან ადეკვატური პასუხი... თუ არ ვაპატიებთ რუსეთს, კიდევ უფრო მეტ სისხლს მივიღებთ

ამ აქციიდან მეორე დღეს, გავლენიანმა ამერიკეულმა გამოცემამ Foreingn Policy საქართვლოზე სტატია გამოქვეყნა, რომლის ავტორი მაიკლ ჩეჩირეა. მისი მოსაზრებით, 2008 წელს ალიანსში გაწევრიანების შესახებ გაცემული დაპირების მიუხედავად, ნატო-ს ლიდერები ნათლად აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში ეს არ მოხდება. "პრობლემა ის კი არ არის, რომ საქართველოს ალიანსის მაღალ სტანდარტებთან მიახლოება არ შეუძლია, არამედ ის, რომ ნატო უარს ამბობს მკაფიო პასუხის გაცემაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს, რათა ალიანსში გაწევრიანდეს" - წერს გამოცემა.

სტატიის ავტორი არ ეთანხმება სკეპტიკოსების მოსაზრებას, რომ რუსული აგრესიის შემთხვევაში, საქართველოს დაცვა სამხედრო თვალსაზრისით შეუძლებელი იქნება. მაიკლ ჩეჩირე აღნიშნავს, რომ 2008 წლის ომის დროს, ქართულმა სპეცრაზმმა რუსული ჯარების შეკავება შეძლო. გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო უპირატესობის მიუხედავად, ორივე მხრიდან დანაკარგი თითქმის თანაბარი იყო.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ომიდან მეშვიდე წლისთავზე დასავლელი მაღალჩინოსნები აღიარებენ, რომ დღეს საქართველოს არმია გაცილებით უკეთესადაა მომზადებელი და უფრო ბრძოლისუნარიანია რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად. ივნისის თვეში, ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შეძენით კი, საქართველომ საკუთარი თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო გაზარდა.

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველო-რუსეთის დავა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ტერიტორიების თაობაზე, არ არის ლეგიტიმური მიზეზი საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმისთვის.

მაიკლ ჩეჩირე მიიჩნევს, რომ "დასავლეთის პასიურობა საქართველოში პრორუს "შარლატანებს" აძლიერებს, რომლებიც დიდი ხანია აცხადებენ, რომ ნატო - აუხდენელი ოცნებაა. ავტორი საქართველოში ჩატარებულ იმ გამოკითხვასაც იხსენებს, რომლის თანახმადაც, გამოკითხულ რესპოდენტთა 31% საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, მაშინ როცა 2013-ში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 11 %-ს შეადგენდა.

ჩეჩირეს მოსაზრებით, თუ ნატო 2016 წელს ზომებს არ მიიღებს, საქართველოს სარეზერვო გეგმა დასჭირდება. როგორც გამოცემა წერს, უკრაინაში მიმდინარე ომმა შეამცირა რუსეთის მიერ საქართველოში ახალი შეჭრის შანსი, რაც "კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის და მისი დასავლელი პარტნიორებისთვის, გააძლიერონ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა".

ლადო გოგოლაძე (სპეცილაურად საიტისთვის)