ვინ ვეღარ მოხვდება "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში?! - კულუარების ლაბირინთში - კვირის პალიტრა

ვინ ვეღარ მოხვდება "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში?! - კულუარების ლაბირინთში

არაპოლიტიკოსი დეპუტატების ნაწილს საკუთარ სფეროში მატერიალურ ხელშეწყობას ჰპირდებიან იმ შემთხვევაში, თუ მომავალ არჩევნებში პოლიტიკურ მარათონს გამოეთიშებიან.

2012 წლის 1ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" ტრიუმფიდან სამი წელი გავიდა. როგორც მოსალოდნელი იყო ბევრი დაპირები არ და ვერ შესრულდა, თუმცა სახელისუფლო ძალა უკმაყოფილებას არ იმჩნევს, სამაგიეროდ, ოპონენტის შელახულ იმიჯის გამოყენებაზე ზრუნავს "ნაციონალური მოძრაობა" და რევანშზე ოცნებობს. ახალი საარჩევნო ციკლისთვის მზადება დაწყებულია. კულუარებში ლაპარაკობენ, რომ კოალიციაში საარჩვენო სიაში მოხვედრისთვის მარათონი ნელ-ნელა ხურდება, თუმცა, სავარაუდოდ, არაერთი დღეს მოქმედი დეპუტატი მომავალ სიაში ვეღარ მოხვდება, ყოველ შემთხვევაში ამაზე სერიოზულად ლაპარაკობენ როგორც კოალიციის, ასევე პარტია "ქართული ოცნების" ბოსები. სავარაუდოდ, ეს ძირითადად პარტია "ქართული ოცნების" მიერ გაყვანილ დეპუტატებს შეეხება.

მათი არასრული სია, ვინც შესაძლოა პარლამენტარის მანდატს გამოეთხოვოს დაახლოებით ასეთია: თამაზ მეჭიაური, ელისო ჩაფიძე, ზურა ზვიადაური, დავით ლორთქიფანიძე, სოსო ჯაჭვლიანი, თამაზ ჯაფარიძე...

დიდი ალბათობით, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკურმა ვაჭრობა პიკს მიაღწევს. როგორც კულუარებში ამბობენ, პარტიაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ჩათვალეს, რომ დეპუტატის ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალ სიაში შესვლაზე უარის თქმის სანაცვლოდ, გარკვეული ფინანსური დივიდენდები უნდა მიიღონ. რაც მთავარია, კულუარებში არ მალავენ, რომ დეპუტატების პრეტენზიების შესრულებაზე "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა თანახმაა.

მაგალითად, არაპოლიტიკოსი დეპუტატების ნაწილს საკუთარ სფეროში მატერიალურ ხელშეწყობას ჰპირდებიან იმ შემთხვევაში, თუ მომავალ არჩევნებში პოლიტიკურ მარათონს გამოეთიშებიან. შესაძლოა, საზოგადოების ნაწილს ლეგიტიმური კითხვა გაუჩნდეს, რატომ იღებს პარტია ყოფილი წევრების ფინანსური უზრუნველყოფის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, თუმცა ლიდერებს აღნიშნულ საკითხზე მარტივი პასუხი აქვთ: ნებისმიერი ყოფილი თანაგუნდელი, მითუმეტეს წინასაარჩევნოდ, მოსიარულე ნაღმია, რომელიც არავინ იცის, სად, როდის და რა მასშტაბით აფეთქდება. შიდა პარტიული სამზარეულოს გამომზეურება კი, პარტია "ქართულ ოცნებას" მინიმუმ ცაიტნოტში ჩააგდებს და წინასაარჩევნოდ პროცესების ორგანიზებულად მართვა კიდევ უფრო გაუჭირდება. კულუარებში არც იმას მალავენ, რომ დეპუტატების ნაწილი გარკვეული დივდენდების მიღებაზე თანახმაა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც პოლიტიკურ სავარძელსა და გავლენებს მაინც არ თმობენ. როგორც ამბობენ, ამ მხრივ განსაკთრებით სოსო ჯაჭვლიანი აქტიურობს. ის უკვე დაიმუქრა კოალიციიდან წასვლით, ეს აშკარად მინიშნება იყო კოალიციის ხელმძღვანელებისთვის.

უნივერსალურ დეპუტატს, მსახიობსა და სპორტსმენს, პოლიტიკაში აქტიურად დარჩენის ჟინი ამოძრავებს. ისიც ითქვა, რომ საარჩვენო სიაზე უარის თქმის სანაცვლოდ მას ოლიმპიურ სოფელში უფუნქციოდ დარჩენილი საერთაშორისო სტანდარტების დარბაზებსაც შეპირდნენ, თუმცა ის თანაგუნდელებთან ამ დრომდე პრაქტიკულად შანტაჟის რეჟიმში თანამშრომლობს. ჯაჭვლიანი უმრავლესობის წევრებს ნინო ბურჯანაძის სასარგებლოდ პოლიტიკური თამაშითაც დამუქრებია. პრინციპში, გლდანის მაჟორიტარს თავის იდეურ ლიდერად ნინო ბურჯანაძე არც არასდროს უარუყვია. ბუნებრივია, პარტიისთვის თავის ტკივილს მხოლოდ ჯაჭვლიანი არ წარმოადგენს, მას სხვა დეპუტატებიც მხარს უბამენ, თუმცა შანტაჟის მიუხედავად, დიდი ალბათობით, ბევრს მაინც არ გაუმართლებს - როგორც ამბობენ, წინასაარჩევნოდ პროცესებში ბიძინა ივანიშვილი აქტიურად ჩაერთვება და არც ისაა გამორიცხული, "ქართული ოცნების" პოლიტიკური ლოკომიტივი კიდევ ერთხელ გახდეს.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)