"სიმშვიდე კარგია, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი სახელმწიფოს განვითარებისთვის " - ვისი "ოცნება" ახდა სამი წლის განმავლობაში?! - კვირის პალიტრა

"სიმშვიდე კარგია, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი სახელმწიფოს განვითარებისთვის " - ვისი "ოცნება" ახდა სამი წლის განმავლობაში?!

"ერთადერთი, რაც მაქვს სათქმელი, ის არის, რომ ხალხს პენსიას მოვუმატებდი, სხვა მხრივ სამდურავი არ მაქვს..."

" ვარ, რომ ამ დროის განმავლობაში ბიჭების ჩახოცვის შესახებ ინფორმაცია არ გამიგია, ხომ გახსოვთ, "ნაციონალების" დრო ქუჩაში რომ კლავდნენ ხალხს".

2012 წელს ქვეყანაში განხორციელებული მთავარი პოლიტიკური ცვლილებებიდან სამი წელი გავიდა. საზოგადოების ერთი ნაწილის თქმით, დაპირებების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ შეუსრულებელია, თუმცა, მეორეს აზრით, - ხელისუფლებიდან საფრთხე აღარ მოდის, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს ვიცეპრემიერისა და ენერგიტიკის მინისტრის, კახი კალაძის აზრით, ეს თარიღი ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება: "ვფიქრობ, 1 ოქტომბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მომავალ თაობებს დაამახსოვრდებათ დღედ, როდესაც ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა იმ სისხლიან რეჟიმზე, რომელსაც სააკაშვილი და მისი გუნდი წარმოადგენდა. იმ ბოროტებაზე, რასაც ისინი ქართველი ხალხის მიმართ სჩადიოდნენ."

გუჯა ბურდული, მსახიობი:

- კმაყოფილი არავინ არის და მეც ვერ ვიქნები, მაგრამ ცუდის თქმა მაინც არ მინდა ამ ხელისუფლებაზე, მაგრამ კარგის თქმაც მიჭირს. შაქმე ის არის, რომ კარგ რაღაცეებსაც აკეთებენ, ოღონდ არ ჩანს. იყო ცუდი რაღაცებიც, - სასამართლოები და სხვა რაღაცები... მე არ ვარ პოლიტიკოსი და არ მინდა შეფასებები გავაკეთო, მაგრამ სასაყვედურო თემები აშკარად ხელის გულზე დევს. ვერ გეტყვით, რატომ არ გამოუვიდათ ზოგი რამ, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოებას ბევრი კითხვა დაუგროვდა... უმნიშვნელოვანესი იქნება მომდევნო ერთი წელი, ძალიან მინდა ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდეს. ისე კი, არც იმის დამალვა შეიძლება, რომ ხალხი ბევრად უფრო მშვიდად ცხოვრობს, ხელისუფლების არ ეშინიათ, სიმშვიდე კარგია, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი სახელმწიფოს განვითარებისთვის. მე ბევრს დავდივარ, მხოლოდ თბილისში კი არა, მთელ საქართველოში, მთასა და ბარში. კრიმინალი კი ხდება, მაგრამ საქმე ის არის, რომ კრიმინალი სამწუხაროდ, ყველგან ხდება, მთელ მსოფლიოში... არ მინდა მეტის ლაპარაკი, ცუდს ნუ მათქმევინებთ, ამათ კრიკტიკას ვერ დავიწყებ... კარგზე რა გითხრათ? - რაც ივანიშვილმა გააკეთა, იმაზე გელაპარაკოთ? მაინც მისი გაკეთებული კარგი უფრო მეტი ჩანს ვიდრე სხვებისა და არა მხოლოდ, ხელისუფლებაში მოსვლამდე, მერეც...

გურანდა გაბუნია, მსახიობი:

- სამი წელში შეუძლებელია რამე შეიცვალოს, ცვლილებებს ბევრად მეტი დრო სჭირდება . ერთადერთი, რაც მაქვს სათქმელი, ის არის, რომ ხალხს პენსიას მოვუმატებდი, სხვა მხრივ სამდურავი არ მაქვს... ბედნიერი ვარ, რომ ამ დროის განმავლობაში ბიჭების ჩახოცვის შესახებ ინფორმაცია არ გამიგია, ხომ აგხსოვთ, "ნაციონალების" დრო ქუჩაში რომ კლავდნენ ხალხს. ახალგაზრდები ერთმანეთს თუ ესვრიან და ჩხუბობენ, პოლიტიკა რა შუაშია და პოლიტიკოსმა რა უნდა ქნას?! დოლარის კურსზც დარდობს ხალხი, მაგრამ როდესაც ქალაქში მოსაირულე მანქანებს შევხედავთ, და იმას, თუ რა ხდება ჩემს გარშემო, ყველა ოაჯხის წევრს, რომ თითო მანქანა ჰყავს, არა მგონია ასე ძალიან უჭირდეთ. შეიძლება ქალაქს ყოველ წუთს ახალი მანქანა ემატებოდეს?. "ნაციონალები" 9 წელი იყვნენ და მოდით, დავიცადოთ კიდევ ერთი-ორი წელი, იქნებ, შეიცვალოს რამე...

რამაზ საყვარელიძე, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში:

- ეს იყო სხვადასხვა თემებით, პრობლემებითა და საკითხებით დახუნძლული სამი წელი. ბუნებრივია, რომ ბევრი საყვედური ისმის ხელისუფლების მიმართ. ამავდროულად, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ შეცდომების კვალდაკვალ, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ბევრი სწორი და მომგებიანი ნაბიჯი გადადგეს. თუმცა, არის რამდენიმე თვალშისაცემი შეცდომა, რის გამოც მათ საყვედური ეკუთვნით, მაგალIთად, ერთ-ერთი პირველი, რომელიც თავიდანვე ისმოდა, ეს არის სამართლიანობის აღდგენაში მოდუნებული და ზანტი ქმედებები. აქამდე მათ ვერა და ვერ შეძლეს სამართლიანობის აღდგენის პროცესის ისე გაშლა, რომ საზოგადოებას ამ პროცესის მიმართ ნდობა გასჩენოდა. მეორე და ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, - პიარის არ ქონა, რაც ასევე ვრა და ვერ გამოასწორეს. არადა, პიარი აუცილებელია პოლიტიკაში, რათა მოსახლეობასთან და საერთოდ, საზოგადოებასთან ურთიერთობა მოწესრიგებული იყოს. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რას აკეთებს ხელისუფლება. პოზიტიურად მიმაჩნია ის, რომ ესენი აშაკარად ლმობიერი მართველები არიან.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)