ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა - რეალობით გამოწვეული აუცილებლობა თუ პოლიტიკური არეულობის მცდელობა? - კვირის პალიტრა

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა - რეალობით გამოწვეული აუცილებლობა თუ პოლიტიკური არეულობის მცდელობა?

უნდა ჩატარდეს თუ არა ვადამდელი არჩევნები? - გამოთქვით თქვენი აზრი, მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გამოკითხვაში

მომავალ საპარლამენტო არჩვენებამდე სულ რაღაც ერთი წელიწადი რჩება, თუმცა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ტრადიციულად მოუთმენლობა ახასიათებს და უჭირს კონსტიტუციურ ვადამდე პოლიტიკური პროცესის მიყვანა. ამჯერადაც ანალოგიური ვითარების მომსწრენი ვართ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის გადაყენებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებს იწყებს.  პარტიის ერთ - ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციებს სხვა პოლიტიკურ პარტებთანაც გამართავენ.

დადგებიან თუ არა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ერთ დროს მათ მთავარ ოპონენტ ძალასთან ერთად - "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზების ადრესატებს ერთიანი პოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" მმართველი კოალიციის საქმიანობით უკმაყოფილოა, პარტიის წევრების თქმით, ქვეყანა არა რიგგარეშე, არამედ გეგმიური, არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს. "ჩვენ ვემხრობით იმას, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები საკონსტიტუციო ვადებში ჩატარდეს, დაცული იყოს ეს ვადა და ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვალოს, როგორც ეს 2012 წელს მოხდა".

"ევროპელი დემოკრატები" იმაზე თანმხდებიან, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით "ნაცმოძრაობის" იდეას გაიზიარებენ, თუმცა მათთვის ასევე მნიშვნელოვანია არასაპარლამენტო ოპოზიციის სხვა პარტიების აზრიც.

უცნობია, თუ რა პოზიციას დაიჭერს ამ საკითხში "ლეიბორისტული პარტია".

ამის მიუხედავად "ნაცმოძრაობა" ყველა პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციას არ გეგმავს. ასეთია ორი - ნინო ბურჯანაძისა და ირმა ინაშვილის პარტიები.

"ნაცმოძრაობასთან" საუბრის სურვილი არც თავად ნინო ბურჯანაძესა და ირმა ინაშვილს არ აქვთ.

"მე მკითხონ ველაპარაკები თუ არა "ნაცმოძრაობას", იმისათვის, რომ თავისი უმდაბლესი რეიტინგი გადაფაროს, "ნაცმოძრაობა" მზად არის ქვეყანაში ქაოსი, დესტაბილიზაცია დაიწყოს, ანუ ყველაფერზე წავიდეს", - ამბობს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი.

თავად "ქართული ოცნება" საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური ბუშტი ძალიან ბევრჯერ გაბერა, რომელიც ძალიან მალე გაუსკდათ. მათ კარგად ესმით, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს შესაბამისი კონსიტუციური საფუძველი სჭირდება და ეს არ არსებობს. ამასთან, ძალიან კარგად იციან, რომ ვადამდელი იქნება თუ ვადიანი, მათ რაიმე წარმატების შანსი არ აქვთ", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა.

მოამზადა თაკო ესებუამ