სააკაშვილიდან მარგველაშვილამდე - ვინ არიან ბერას ორი "ავტოგოლის" ადრესატები?! - კვირის პალიტრა

სააკაშვილიდან მარგველაშვილამდე - ვინ არიან ბერას ორი "ავტოგოლის" ადრესატები?!

"ტურნეს დროს მეგონა კაცი მყავდა, თურმე სცენაზე ავტოგოლი ამომყავდა" - ბერას რეჩიტატივად გახმოვანებული ბიძინა ივანიშვილის ფიქრები?!

როდის აპირებს პოლიტიკურ გააქტიურებას ექსპრემიერი?!

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილის მორიგი სიმღერის გამოჩენამ, ბევრს 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანია გაახსენა და არც თუ უსაფუძვლოდ. ოთხი წლის წინაც ყველაფერი ერთი სიმღერით დაიწყო და მოგვიანებით სერიებად გაგრძელდა - მაშინდელი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის შვილის ტექსტებში ხშირად იმაზე წერტილოვანი პოლიტიკური განცხადებები იკითხებოდა, ვიდრე ამას თვითონ პოლიტიკოსები, თუნდაც საპროტესტო აქციებზე ახმოვანებდნენ. განსაკუთრებული ცინიზმით გამოირჩეოდა კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილისთვის მიძღვნილი რეჩიტატივი - "ავტოგოლი".

"ვისაც მთელი საქართველოს თავის კერძო საკონცერტო დარბაზად გადაკეთება უნდა, ჩაიკეტოს თავის სტუდიაში და იქ ჩაწეროს და იმღეროს თავისი უნიჭო სიმღერები, რამდენიც უნდა. ჩვენ გვინდა, აქ იყოს პოლიტიკური დემოკრატიული ცენტრი. ვინც შეჩვეულია თავის კარებში გოლების გატანას, ის ჩვენს კარებს ვერ აიღებს, იმიტომ, რომ აქ მაგარი მეკარეები დგანან." - იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას ბერა ივანიშვილმა მალევე სიმღერით ასე უპასუხა:

"კურდღელს –კურდღელს ჰგავხარ! ხარ ნამდვილი ბაჭია.

კამერების წინ, დაცვის უკან ყველა კაცია...

ვინც იჩაგრებოდა სკოლიდან, როგორ არ გაიქცეოდა ომიდან...

კაცი გახდა როცა მთავრობაში მოვიდა..."

სცენიდან გამოცხადებული პოლიტიკური ომიდან სამ წელზე მეტი გავიდა - წარმატებული პოლიტიკური ფინალის შემდეგ, ბერა ივანიშვილი ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს აღარ გამოხმაურებია და კარიერა ამერიკაში განაგრძო. როგორც ჩანს, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ბრძოლა განახლდა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ხელისუფლებაში დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც მორიგი "ავტოგოლის" შესაქმნელად ბერასთვის ინსპირაციის წყაროს წარმოადგენენ - შეუძლებელია მის ახალ "ავტოგოლს" მოუსმინოთ და ტექსტში მწვავე პოლიტიკური გზავნილები არ ამოიკითხოთ:

"იცი ვინც ვარ... ზოგიერთს ვერ ცნობ,

თანამდებობის გამო გაეზარდათ თავი როგორც რემბოს..

ასე ხდება როცა ნულს კაცად აქცევ...

ჯერ ვერ ხვდება, ყველაფერი წინ დახვდება...

როცა ლომი წასულია, ვირთხა მაინც ვირთხად რჩება.

ტურნეს დროს მეგონა კაცი მყავდა,

თურმე სცენაზე ავტოგოლი ამომყავდა.

მერე რა, მოვა დრო და ინანებს...

პატივს ვცემ ქართველებს, არა მის მმართველებს,

მოთამაშეებს, ქვეყნის მოღალატეებს.

ყოველთვის უნდათ მაჯობონ როგორმე,

მოლოდინს აქ ვაჭარბებ მხოლოდ მე".

ბუნებრივია, ბერას ახალ პოლიტიკურ განაცხადზე საზოგადოების რეაქციამაც არ დააყოვნა - "ავტოგოლმა" ზოგს ისევ კახი კალაძე გაახსენა, ზოგმა კი ტექსტი პირდაპირ გიორგი მარგველაშვილს დაუკავშირა. დიდი ალბათობით, ბერას სიმღერის ახალი ადრესატი სწორედ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტია. ტენდენციაც ამაზე მიანიშნებს - "ავტოგოლები" ხომ პრეზიდენტების ექსკლუზივია?! ალბათ, არც იმაში ეპარება ვინმეს ეჭვი, რომ რეჩიტატივი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ფიქრებს ახმოვანებს - ასე მოხდა ადრეც, პოლიტიკურ ბრძოლაში პირველად ჩაბმისას და ანალოგიური მეორდება დღესაც, როდესაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, "ქართული ოცნება" შიდა დაპირისპირების ფონზე პოლიტიკურ გავლენებს სულ უფრო კარგავს.

თუ ახალი "ავტოგოლის" ტექსტიდან ვიმსჯელებთ, წინ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის მეორე სერია უკვე მზადდება.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო