"ემიგრაციაში მყოფი ექსმაღალჩინოსნების გარკვეულ წრეში ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციისთის ემზადებიან" - კვირის პალიტრა

"ემიგრაციაში მყოფი ექსმაღალჩინოსნების გარკვეულ წრეში ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციისთის ემზადებიან"

"დავუშვათ მართლა ეფ-ეს-ბე-დან მაქვს ინფორმაცია, ეს იმას ადასტურებს, რომ ის უტყუარია, რადგან ეფ-ეს-ბე-ს ძალიან სერიოზული ინფორმაციები აქვს".

"დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა იგეგმება. რატომ ფიქრობს ბატონი ირაკლი ასე და ვინ მიაწოდა ეს ინფორმაცია?

ირაკლი ბათიაშვილი:

- ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ სექტემბერში გავავრცელე, რადგან როგორც მოქალაქემ სავალდებულოდ მივიჩნიე ამ ამბის გახმაურება. საქმე შეეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ამ განცხადების გაკეთებიდან ძალიან მალე დამიკავშირდნენ უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო ორგანოები და ოფიციალურად დამკითხეს. რაზე ვისაუბრეთ და რა კითხვები იყო მათი მხრიდან, ამის გათქმის უფლება კანონიდან გამომდინარე არ მაქვს

- როგორ მოიპოვეთ ეს ინფორმაცია?

- ამაზე პასუხისაგან თავს შევიკავებ, თუმცა გეტყვით, რომ სანდო არხიდან, დაახლოებთ აგვისტოს მეორე ნახევარში მივიღე. ამ ინფორმაციის თანახმად, ყოფილი ხელისუფლების ემიგრაციაში მყოფი ექსმაღალჩინოსნების გარკვეული წრეში ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციისთის ემზადებიან. ამავე წყაროს ინფორმაციით, (რასაც ყველაზე მეტად მივაქციე ყურადღება )- უკვე ჩამოსულია გარკვეული ჯგუფი, რომელიც სადაზვერვო და წინასწარი სამუშაოებს ჩაატარებს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - თუ ეს აგვისტოში ვიცოდი, სექტემბრამდე რატომ არ გავახმაურე? - ყველა ინფორმაციას (რომელსაც ამა თუ იმ წყაროდან ვიღებ, მათთან კი ურთიერთობა მას მერე მაქვს, რაც საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი ვიყავი) ნდობით ვერ მოვეკიდები, ინფორმაციის სანდოობაში დასარწმუნებლად საჭიროა მისი მრავალჯერად გადამოწმება, ამისთვის არსებობს სხვადსხვა მეთოდები. ამიტომაც ეს ინფორმაცია ბოლომდე ვერ დავიჯერე, თუმცა გადამოწმების არავითარი საშუალება არ მაქვს, მაგრამ ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თავი ვალდებულებად ჩავთვალე (სხვათა შორის, კანონის მიხედვითაც ვალდებული ვიყავი) ეს ყველაფერი გამემჟღავნებინა.

- როგორ ფიქრობთ რატომ უნდათ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია?

- ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ თუკი რაღაც ძალებს საქართველოში სერიოზული დესტაბილიზაცია სურთ (რაც ნამდვილად არაა გამორიცხული), ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის შემთხვევაში დღევანდელი ხელისუფლების დამხობა, რომელიც ისედაც სუსტი და მყიფეა, გაცილებით იოლი იქნება. აქედან გამომდინარე, ვთქვი, რომ საჭიროა ძალოვანმა სტრუქტურებმა (რომელთაც შიგნით ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ) სულ სხვა დონეზე წარმართონ მუშაობა, რათა ასეთი ფაქტების პრევენცია მოხდეს.

- აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, ირაკლი ბათიაშვილს ეს ინფორმაცია ეფ-ეს-ბე-დან აქვსო...

- დავუშვათ მართლა იქიდან მაქვს, ეს იმას ადასტურებს, რომ ეს ინფორმაცია უტყუარია, რადგან ეფ-ეს-ბე-ს ძალიან სერიოზული ინფორმაციები აქვს. დღევანდელ მსოფლიოში თუ ვინმე ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციებს ესენია - ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, მოსადი, ეფ-ეს-ბე და სხვ. თუ აკაკი ბობოხიძემ ასე თქვა, მაშინ მას თავისდაუნებურად დაუდასტურებია ჩემს მიერ გავრცელებული ინფორმაცია

- რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს ექსმაღალჩინოსნებმა მართლაც დაგეგმონ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია?

- არარეალურად არ მიმაჩნია, თუმცა იმასაც არ გამოვრიცხავ საერთოდაც დეზინფორმაცია იყოს, თუნდაც იმ წყაროსთან "შეგდებული", რომლისგანაც გავიგე. მე არ მაქვს გადამოწმების საშუალება, ამიტომ რამის მტკიცება გამიჭირდება, მაგრამ ეს ინფორმაცია ძალიან ყურადსაღებია, საინფორმაციო წყაროს სერიოზულობიდან და დღევანდელი სიტუაციის ლოგიკური ანალიზიდან გამომდინარე

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)