"აფხაზეთში ქონების ყიდვას პატარკაციშვილი გეგმავდა, არ გამოვრიცხავ, იგივეს უკვე აკეთებდეს ივანიშვილი" - კვირის პალიტრა

"აფხაზეთში ქონების ყიდვას პატარკაციშვილი გეგმავდა, არ გამოვრიცხავ, იგივეს უკვე აკეთებდეს ივანიშვილი"

ბოლო დღეებია, აფხაზეთში აქტიურად განიხილავენ თემას, რომელიც აფხაზმა ისტორიკოსმა თემურ აჩუგბამ მიმდინარე წლის გვისტოში წამოსწია და რაც აფხაზეთში ივანიშვილის ინტერესებს შეეხება.

აჩუგბას თქმით: "რუსეთს არ აქვს სურვილი, ახალი ტერიტორიები აითვისოს და აფხაზეთში უძრავი ქონება შეისყიდოს. მას თავისი მიწებიც ჰყოფნის, სამაგიეროდ, ასეთი მოთხოვნილება აქვს მილიონ-ნახევრიან ქართულ დიასპორას, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა ფონდი და გამოაცხადა, რომ მზადაა, ამ ფონდში მილიარდი დოლარი შეიტანოს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის მიზნით". ამას გამოეხმაურა აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა: "ვერ გამოვრიცხავ, რომ ვინმემ განახორციელოს ამგვარი შესყიდვების ორგანიზება. მაგრამ არ მესმის, რომელიღაც ქართველი როგორ იყიდის აფხაზეთში უძრავ ქონებას. შემდგომში რას უზამს ამ ქონებას? დასასვენებლად ჩამოვა აქ თუ - საცხოვრებლად? ეს არარეალური პროგრამაა, თუ ის მართლაც არსებობს. ქართველები იარაღით ხელში ვერ დამკვიდრდნენ აქ და იარაღის გარეშე როგორ იცხოვრებენ?"

არსებობს თუ არა ასეთი გეგემა რეალურად და რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ქართველების მიერ აფხაზეთში ქონების შეძენამ საქართველოს? - გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე:

- ამაზე დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა თუ ეს სიმართლეა, ამას მხოლოდ მივესალმები. სხვათა შორის, აფხაზეთში მოქმედებს დე ფაქტო კანონი, რომლის მიხედვითაც ქართველებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში არ აქვთ უფლება აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონება იყიდონ. ეს კანონი ძალაში შევიდა სამი წლის წინ - იქ პირდაპირ წერია, რომ ქართული წარმომავლობის რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში რიმეს ყიდვის უფლება არ აქვთ. ეს არის აპარტეიდული და დისკრიმინაციული კანონი, მე ვიტყოდი ფაშისტურიც კი. სხვათა შორის ასეთი შეფასებები მისცეს ამ კანონს პროგრესულად მოაზროვნე რუსმა ჟურნალისტებმა და პოლიტოლოგებმაც. სამწუხაროა, რომ ეს კანონი ჯერ კიდევ 2011 წელს მიიღეს და ამდენი ხანია ჯეროვანდ ვერ მოხერხდა მისი საერთაშორისო დონეზე გაპროტესტება. ვიცი, რომ რუსეთის მოქალაქე რამდენიმე ქართველი, აფხაზეთის ტერიტორიაზე მართლაც გეგმავს ასეთი ტიპის აქტივობას, მაგრამ როგორც ვთქვით მათ ამის საშუალებას არ აძლევს კანონი, გამოდის, რომ ვიღაც მესამე პირის საშუალებით უნდა ახერხებდნენ ქონების შეძენას...

- შესაძლებელია, რომ ბიძინა ივანიშვილიც მესამე პირის საშუალებით აპირებდეს რამის ყიდვას?

- არ გამოვრიცხავ, რომ იგივეს უკვე აკეთებს ბიძინა ივანიშვილიც. ერთის თქმა ნამდვილად შემიძლია, არავითარი ფონდი ამ საქმისათვის შექმნილი არაა. თემურ აჩუგბა, ვინც ეს განცხადება გააკეთა სავარაუდოდ "თანაინვესტირების" ფონდს გულისხმობს, რომელსაც აბსოლუტურად სხვა ამოცანები აქვს.

- მსოფლიოში თუ არსებობს შესყიდვის მსგავსი პრეცედენტი?

- კი, ასეთი შემთხვევები ყოფილა. მაგალითად, კვიპროსში. მსგავსი პროცესი აქტიურად მიმდინარეობს დნესპრისპირეთშიც. ასე რომ ასეთი რაღაცეები ხდება, თუმცა დნესპრისპირეთში არც კანონი შეცვლილა და არც სხვა სახის ბარიერი არაა. სხვათა შორის, მსგავსი პროექტის განხორცილების გეგმა ჰქონდა ბადრი პატარკაციშვილსაც, თუმცა შემდეგ ის პოლიტიკაში წავიდა და გეგმა ვერ განხორციელდა.

- აფხაზეთში შეძენილმა ქონებამ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს საქართველოს?

- პირდაპირ სარგებელზე ლაპარაკი რთულია, თუმცა თუ ეთნიკურად ქართველები მესამე პირების საშუალებით ამ პროცესში ჩაერთვებიან ეს ნიშნავს, რომ როცა დადგება აფხაზეთთან პოლიტიკურ საკითხების გადაწყვეტის დრო, მაშინ საქმის გარკვეული ნაწილი უკვე გაკეთებული იქნება. დევნილ ქართველებს, კონკრეტულად თავისი ქონება თუ არა, ავტონომიის გარკვეული ნაწილი უკვე დაბრუნებული ექნებათ. რუსეთის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანქავაბი შეეცვალა, რადგან ის რუსი მოქალაქეების მიერ აფხაზეთში ქონების შეძენის წინააღმდეგი იყო. სხვათა შორის, ანქვაბს მხარს უჭერდა აფხაზი საზოგადოების საკმაოდ დიდი და გავლენიანი ნაწილი. ახლა ხაჯიმბა ცდილობს, არ დაუშვას ქონების გაყიდვა, რადგან ხალხი ამას არ აპატიებს, თუმცა ის იძულებულია რუსებს დაუჯეროს, რომელიც აფხაზებისაგან მოითხოვენ ორ ძირითად რამეს: პირველი - შეიქმნას შინაგან საქმეთა სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო, რომლის შექმნის შემთხვევაშიც რუსეთი ხელში იგდებს აფხაზეთში შინაგანის სიტუაციების მართვის ყველა ბერკეტს და მეორე - მიიღონ კანონი, რომლის ძალითაც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ მიწის ყიდვის უფლება, თუმცა პრიორიტეტი რუსეთის მოქალაქეებს მიენიჭებათ.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)