"საქართველომ რუსეთს შეტევის საბაბი არ უნდა მისცეს" - რა სამხედრო მანევრები შეიძლევა დაიწყოს რუსეთმა კავკასიაში?! - კვირის პალიტრა

"საქართველომ რუსეთს შეტევის საბაბი არ უნდა მისცეს" - რა სამხედრო მანევრები შეიძლევა დაიწყოს რუსეთმა კავკასიაში?!

"თუ რუსეთმა მოინდომა თურქეთისა და სომხეთის საზღვრების განსაკუთრებულად გამაგრება, ამ შემთხვევაში დადგება საკითხი, რომ მან სამხრეთ ოსეთიდან გაჭრას გზა სომხეთისაკენ ჯავახეთის გავლით, ეს კი ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება"

"დანამდვილებით ვიცი, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში განლაგებული საჯარისო ფორმირებების ხელმძღვანელები ჯარისკაცს აგზავნიან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომ აყიდინონ ხორცი და სხვა პროდუქტები. ყოველგვარი გართულების გარეშე რუსი ჯარისკაცი გადმოდის საქართველოს საზღვარზე, მიდის ბაზარში და ყიდულობს პროდუქტს".

"კვირის პალიტრა" უკვე წერდა სირიაში მოქმედი ალ - ქაიდას დაჯგუფების ლიდერის მუქარაზე. "თუ რუსი სამხედრო მოკლავს სირიის მოქალაქეებს, მოკალით მათი მოქალაქეები. და თუ ისინი დახოცავენ ჩვენ ჯარისკაცებს, დახოცეთ მათი. ერთი- ერთზე", - ასე მოუწოდა აბუ მუჰამედ ალ-ჯოლანიმ თავის მომხრეებს. ამას მოჰყვა "ისლამურმა სახელმწიფოს" განცხადება და რუსეთისა და აშშ-ს წინააღმდეგ ჯიჰადის გამოცხადება. ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის პრესმდივანმა აბუ მუჰამად ალ-ადნანიმ გაავრცელა მიმართვა, სადაც მუსლიმებს მოუწოდებს, რუსი და ამერიკელი "ჯვაროსნების" წინააღმდეგ წმინდა ომი დაიწყონ.

(იხილეთ ასევე: "თუ რუსი სამხედრო მოკლავს სირიის მოქალაქეებს, მოკალით რუსეთის მოქალაქეები" - ალ - ქაიდა რუსულ მიწებს იღებს მიზანში)

ამის პარალელურად გავრცელდა ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს რუსეთის პოლიტიკის ყოფილი დირექტორის და იეილის უნივერსიტეტის პროფესორის ტომას გრემის კომენტარი, რომელიც წერს, რომ რუსეთის ქმედებებმა შესაძლოა საფრთხე საქართველოსაც შეუქმნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთიდან ახლო აღმოსავლეთისკენ სულ რამდენიმე გზა მიდის და ერთ-ერთი საქართველოზე გადის. საქართველოს მთავრობამ ეს სერიოზულ ფაქტორად უნდა აღიქვას არა მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების გამო, არამედ იმიტომაც, რომ ამ თემაზე რუსეთი ლაპარაკობს. თბილისმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სიტუაცია სრულად აკონტროლოს და საქართველოდან პოტენციური მებრძოლების გადინება აღკვეთოს. მისი თქმით, "ისლმაურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის მოტივით რუსეთი, სავარაუდოდ, კავკასიასი სამხედრო გადაადგილებებს დაიწყებს. რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს საქართველოს? - გვესაუბრება ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე:

- ზოგადად რუსეთიდან საფრთხე პერმანენტულად მომდინარეობს, თუმცა შექმნილი ვითარება მას, ბუნებრივია, ზრდის. თუ საქართველოში და ზოგადად სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია გართულდება, ეს იქნება სხვადასხვა ფაქტორებით განპირობებული. პირველი ფაქტორი არის ყარაბაღის სიტუაციის გამწვავება. მეორე, ეს არის საქართველოს მხრიდან ზედმეტი აქტიურობა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან სირიაში მებრძოლთა მასობრივი გადინება. გარდა ამისა შესაძლებელია სხვა ტიპის აქტივობაც იყოს, მაგალითად, ფართომასშტაბიანი ანტირუსული პროპაგანდა და ა. შ. ამის გამო რუსეთმა შეიძლება სამხეთ კავკასიაზე უფრო გააძლიეროს და გაამკაცროს კონტროლი. მას შეუძლია უფრო მეტი ტერიტორიები დაიკავოს, რათა საკვანძო მიმართულებები გადაკეტოს. რასაკვირველია ეს იქნება პლასტიკური ოკუპაცია, მაგრამ ამ დიდ კომპლიქტში ჩართული მოუცლელი დასავლეთისთვის ეს იქნება ძალიან მოულოდნელი ქმედება

- როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება?

- ხელისუფლების დღევანდელი ქმედება გამართლებულად მიმაჩნია. ოპოზიცია კი უკიჟინებს მას რომ პრორუსულია, მაგრამ დღეს ხელისუფლება ცდილობს იყოს გაწონასწორებული - არც თავის პრინციპებს უღალატოს, მაგრამ ამავე დროს არც რუსეთის აგრესია გამოიწვიოს. ეს მოცემულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ყველაზე კარგი პოზიციაა, ხოლო რაც შეეხება ქვეყნის შიდა პოლიტიკას, ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას შიდა არეულობა. უნდა შეზღუდოს ისლამისტური ფაქტორის აქტიურობა ყველა მხრიდან, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება პანკისი, აჭარა, ქვემო ქართლი თუ თბილისი. საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს რუსეთს შეტევის საბაბი.

რაც შეეხება ყარაბაღს, ეს ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება. ექსპერტები კიდევ ვარაუდობენ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, თუ რუსეთმა მოინდომა ჯარების შეყვანა ირანში, თუ მან მოინდომა თურქეთისა და სომხეთის საზღვრების განსაკუთრებულად გამაგრება, ამ შემთხვევაში დადგება საკითხი, რომ მან სამხრეთ ოსეთიდან გაჭრას გზა სომხეთისაკენ ჯავახეთის გავლით, ეს კი ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოუწევს რუსეთს გაუწიოს წინააღმდეგობა.

- ვრცელდება ინფორმაცია, ოკუპანტი რუსი სამხედროები ე.წ. სამხრეთ ოსეთის პირობით საზღვარს და არა მხოლოდ მას, არამედ სახელმწიფო საზღვარსაც გამუდმებით არღვევენ და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან...

- სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი დროშასთან და ჰიმნთან ერთად არის საზღვარი. სახელმწიფოს, რომელსაც საზღვარი რემარკირებული არ აქვს და მუდამ მიმდინარეობს დავა ამის შესახებ, ეს არ არის სახელმწიფო. თუ განვიხილავთ ჩვენს მეზობლებთან მოგვარებულ და მოუგვარებელი საზღვრების საკითხს, მაშინ მივიღებთ ასეთ სურათს: ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს საზღვარი რემარკირებული აქვს ეს თურქეთია. აზერბაიჯანთან და სომხეთთან გვაქვს სასაზღვრო დავები.

რაც შეეხება რუსეთს, რუსეთთან დაახლოებით 800 კმ-იანი საზღვარი არ არის რემარკირებული. უნდა გავითვალისწინოთ, რომ როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა, საბჭოთა რესპუბლიკებს შორის არსებობდა ადმინისტრაციული საზღვარი და მაშინდელი ხელისუფლებების გადაწყვეტილებით, იმ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ უნდა შექმნილიყო სახელმწიფო საზღვარი. ყველა ქვეყანამ ისარგებლა ამ საკითხით და მოაგვარა თავისი პრობლემები, საქართველო კი ამ ქვეყანათა რიგში არ აღმოჩნდა.

დღეს გვაქვს ასეთი სურათი, თუ საქართველოსა და რუსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე საბჭოთა პერიოდში 44 გადასასვლელი უღელტეხილი იყო, იყო ისეთი გადასასვლელები, რომლებსაც ჩრდილოეთიდან რუსეთი აკონტროლებდა, სამხრეთიდან კი საქართველო დღეს ამ გადასასვლელთა რაოდენობა არ შეცვლილა, მაგრამ 44-დან 23-ს რუსეთი აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიიდანაც. ამაში შედის არა მარტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორია, არამედ ისეთი ადგილები როგორც არის მამისონის უღელტეხილი, მას 2010 წლამდე აკონტროლებდნენ ქართველი სამხედროები, ახლა კი რუსები აკონტროლებენ. გარდა ამისა არის ლარსის საგუშაგო. ადრე, დამოუკიდებლობის პერიოდში ქართველი სამხედოები 800 მეტრით ჩრდილოეთით იდგნენ, ეხლა კი რუსეთის მოთხოვნით უკან დაიხიეს და ეს ადგილი ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ საზღვარს, მაგალითად, სამხრეთ ოსეთთან, ის მუდმივი მოძრაობის პროცესშია. საბოლოო ჯამში , ბევრი უარყოფითი მოვლენა შემიძლია ჩამოვთვალო, რომელიც საზღვრის არამყარ მდგომარეობას ახლავს, მაგრამ მთავარია, როცა ქვეყანა არის მსგავს მდგომარეობაში, ის ქვეყანა არის პრაქტიკულად დაუცველი.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ხაანს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების დარღვევა ნაკლებად ხდება, თუ არ ჩავთვლით თუშეთში მომხდარ ფაქტს. პირობითი საზღვარი კი ხშირად ირღვევა. ეს ყველაფერი ხდება მაგრამ საქართველოს აქვს ორი გამოსავალი, ან ჩვენს პარტნიორებთან ერთად რუსეთთან მოლაპარაკება უნდა ვაწარმოოთ, ან ომი უნდა დავიწყოთ. ომმა კარგი შედეგი არ მოუტანა ქვეყანას. ახლა კი ყველანაერად უნდა ვეცადოთ, რომ მოლაპარაკებების გზით მოვაგვაროთ ჩვენი პრობლემები.

საქართველოს ხელისუფლება ცდილობს რუსეთთან რბილი პოლიტიკა გაატაროს, რაც ერთის მხრივ გამართლებულია იმ ვითარებით, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი არავის ეპუება. ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების სიხისტე არ იქნება კარგი. მეორეს მხრივ, ეს აჩენს დაუსჯელობის განწყობას. ზუსტად ამიტომაც ხდება აქეთ-იქით, რომ მიდი-მოდიან რუსი სამხედროები. მე მეტსაც გეტყვით, პირობითი საღვრის სოფლის მოსახლეობასთან ვაჭრობენ კიდეც. დანამდვილებით ვიცი, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში განლაგებული საჯარისო ფორმირებების ხელმძღვანელები ჯარისკაცს აგზავნიან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომ აყიდინონ ხორცი და სხვა პროდუქტები. ყოველგვარი გართულების გარეშე რუსი ჯარისკაცი გადმოდის საქართველოს საზღვარზე, მიდის ბაზარში და ყიდულობს პროდუქტს. ამ ყველაფერსაც ორი მხარე აქვს, ერთი - ჩვენი მოქალაქეები არ უნდა იყვნენ იმ მდგომარეობაში, რომ ლუკმა პურის საშოვნელად რუს სამხედროებთან ვაჭრობა სჭირდებოდეთ, მეორე მხრივ კი ადამიანის ბუნებაც არის ასეთი, რაც არ უნდა ჰქონდეს ხშირ შემთხვევაში ღორობს და მეტი შემოსავალი უნდა, შესაბამისად, ქვეყნის ინტერესებიც საერთოდ არ აინტერესებს.

სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება მსგავსი ქმედებების აღსაკვეთად ვერ დგამს ადეკვატურ ნაბიჯებს.

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)