"პირველად 2012 წლის არჩევნების შემდეგ, NDI-ის გამოკითხვებით, ჩემი პარტია არჩევნებს იგებს" - კვირის პალიტრა

"პირველად 2012 წლის არჩევნების შემდეგ, NDI-ის გამოკითხვებით, ჩემი პარტია არჩევნებს იგებს"

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა NDI-ის გამოკითხვა შეაფასა

ყოფილი პრეზიდენტი გამოკითხვის შედეგს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოეხმაურა.

"პირველად 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში NDI-ის გამოკითხვებით, ჩემი პარტია ძირითადი ლიდერების დაპატიმრებისა და ქვეყნიდან გაძევების მიუხედავად, იგებს არჩევნებს", - დაწერა სააკაშვილმა.

NDI-ის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია "ქართულ ოცნებას" მხარს გამოკითხულთა 11% დაუჭერდა , "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი 13%. უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პროცენტული მონაცემები ასე გადანაწილდა: კატეგორია "არ ვიცი" აირჩია 35%, "არც ერთი პარტია" – 14%, "უარი პასუხზე" – 13%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"- 13%, კოალიცია "ქართული ოცნება" – 11%, ირაკლი ალასანია "თავისუფალი დემოკრატები" და "პატრიოტთა ალიანსი" 4-4%, "ლეიბორისტული პარტია" 3%. ასევე 3% მოდის კატეგორიაზე – "სხვა".

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

პრეზენტაციაზე მხოლოდ მედიასაშუალებები იყვნენ მიწვეული.

"ინტერპრესნიუსი"