NDI - რეალობის ამსახველი სარკე თუ პინოქიო, რომელსაც ცხვირიც აღარ ეზრდება?! - კვირის პალიტრა

NDI - რეალობის ამსახველი სარკე თუ პინოქიო, რომელსაც ცხვირიც აღარ ეზრდება?!

"ხშირ შემთხვევაში "ენ-დი-აის" შედეგებს პროპაგანდისტული ხასიათი უფრო აქვს, ვიდრე კვლევის"

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარუდგინა. საქართველოში NDI-ის გამოკითხვას მაინცდამაინც არ ენდობიან, თუმცა მის მიერ გამოქვეყნებული მონაცემი ყოველთვის აქტუალურია, ამაზე ბევრი ლაპარაკობს და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიები კვლევის შედეგებს თავისსავე სასარგებლოდ იყენებენ.

ორგანიზაციის ცნობით, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 აგვისტო - 10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს. გამოკითხულთა 59%–მა განაცხადა, რომ "არ აქვთ გადაწყვეტილი", 28%-მა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, 11%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა უარი განაცხადა. რაც შეეხება შეკითხვას, ხვალ რომ საპარლამენტიო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, 49%- მა დადებითი პასუხი გასცა, 51%-მა კი - უარყოფითი.

კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია "ქართულ ოცნებას" მხარს გამოკითხულთა 11% დაუჭერდა , "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი 13%. უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პროცენტული მონაცემები ასე გადანაწილდა: კატეგორია "არ ვიცი" აირჩია 35%, "არც ერთი პარტია" - 14%, "უარი პასუხზე" - 13%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"- 13%, კოალიცია "ქართული ოცნება" - 11%, ირაკლი ალასანია "თავისუფალი დემოკრატები" და "პატრიოტთა ალიანსი" 4-4%, "ლეიბორისტული პარტია" 3%. ასევე 3% მოდის კატეგორიაზე - "სხვა".

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 14%-ის თანახმად, "ქართული ოცნება" მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტიაა, 13%-სთვის კი ასეთი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა". ირაკლი ალასანია-თავისუფალ დემოკრატებსა და პატრიოტთა ალიანსს 4-4%-იანი მხარდაჭერა აქვთ, თუმცა ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები დასახელდა, როგორც ყველაზე პოპულარული მეორე არჩევანი.

მონაცემები ისეთია, რომ დაჯერება ლამის "ნაციონალურ მოძრაობაშიც" კი უჭირთ, სოციალურ ქსელში წარმოდგენილ კვლევაზე ბევრს ქილიკობენ, ერთ-ერთმა მომხმარებელმა კი ისიც დაწერა NDI პინოქიოა, რომელსაც ტყუილებისგან ცხვირიც კი აღარ ეზრდებაო...

რაც შეეხება ქვეყნის საგარეო კურსის მხარდაჭერას, მოსახლეობის 61% მხარს უჭერს ქვეყნის მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი. გამოკითხულთა 31% კი აცხადებს, რომ საქართველოს ევრაზიის კავშირში წევრობას უჭერს მხარს.

როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა პრეზენტაციაზე განაცხადა, არ შეცვლილა ამ კუთხით აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში აპრილში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დაფიქსირებული მაჩვენებელი, რომელიც ასევე 31 პროცენტს შეადგენდა. შეკითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, 46%-მა ამჯერად აღნიშნა, რომ არ უჭერს (აპრილში ეს მაჩვენებელი 41%-ს შეადგენდა), 22%-მა აირჩია კატეგორია "არ ვიცი", 2%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.

ევრაზიის კავშირის მხარდამჭერები, თავის არჩევანს უმეტესად ეკონომიკური სარგებლით ხსნიან და არა პოლიტიკისა და მმართველობის გაუმჯობესების პერსპექტივით. ევრაზიის კავშირის მხარდამჭერების მხოლოდ 7% ამბობს, რომ წევრობა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს, მაშინ როდესაც ევროკავშირის მომხრეთა 21%-ს სჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოში დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ NDI-ის კვლევების შედეგები სიმართლეს არ შეესაბამება და მონაცემებს უფრო პროპაგანდისტული ხასიათი აქვს ვიდრე კვლევის. ექსპერტ არჩილ გამზარდიას თქმით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში მოცემული რიცხვები არადამაჯერებლია.

არჩილ გამზარდია:

- სიმართალე გითხრათ "ენ-დი-აის" კვლევებს კონკრეტულ მონაცემთან დაკავშირებით დიდი ხანია ცოტა ირონიულად ვუყურებ, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ტენდენციის ჩვენება უფრო სწორად ხდება. როგორც წესი, ტენდენციას ისეთი განსაზღვრული პოლიტიკით აჩვენებენ ხოლმე, რომ ყველა მხარეს მისცეს გარკვეული მოცემულობა - ვისაც რა უნდა ის დაიხვიოს ხელზე და იმითი იხელმძღვანელოს, ამიტომ ხშირ შემთხვევაში "ენ-დი-აის" კვლევებს უფრო პრპოპაგანდისტული ხასიათი აქვს ვიდრე კვლევის.

- კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას" გამოკითხულთა 11% დაუჭერდა მხარს, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 13%, თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ეს შედეგები?

- ძალიან სასაცილო მონაცემია. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის დამაჯერებელია ტენდენციის ჩვენება. ზოგადად საქართველოში, ძალიან ნაკლები შანსია, რომ ხელისუფლებას, ვინც გინდა იყოს, მაღალი მაჩვენებელი ჰქონდეს თუ ეს არ არის მკვეთრად გაყალბებული, ვგულისხმობ ბუნებრივ მდგომარეობას. ჩემი მთავარი პრეტენზია ხელისუფლებასთან ყოველთვის ის არის, რომ საზოაგდოებასთან საკმარისი ურთიერთობა არ აქვს, შესაბამისად, ხალხში მთელი რიგი მაჩვენებლები არ აისახება და ზოგადი უკმაყოფილება უფრო გამოხატულია ხოლმე. როგორც ჩანს მომავალი წლის არჩევნებისთვის "ნაციონალური მოძრაობა" მიუხედავად დესტრუქციებისა, მაინც ცდილობს საკუთარ თავს "გადააბიჯოს" და ეს უკანასკნელი არჩევნებამდე მიიტანოს.

თუკი NDI-ის მხრიდან პოლიტიკურ სუბიექტებთან მიმართებაში მომავალ წელსაც ჩატარდება კვლევა, შედეგს დადებს არა ისეთს, რომ "ნაცმოძრაობამ" "ქართულ ოცნებას" გაასწროს, არამედ ისეთს, რომ არცევნების შედეგი საკამათო გახდეს იმიტომ, რომ როგორც წესი, "ნაციონალური მოძრაობა" ამგვარი მონაცემებით სარგებლობს ხოლმე და შესაბამისად შეეცდება აჩვენოს, რომ ჩვენ თითქმის თანაფარდები ვართ და შედეგს სათავისოდ გამოიყენებს. ამ ყველაფრით სწორედ ამის წინაპირობა იქმნება ვიდრე იმის, რომ მონაცემები რეალისტურად იყოს ასახული.

- არ შეცვლილა საქართველოს ევრაზიის კავშირში წევრობის მომხრეთა "ენ-დი-აის" წინა გამოკითხვის შედეგი....

- ამ მონაცემების ჩვენებაც ძირითადად იმით არის განპირობებული, აჩვენონ შემდგომი ტენდენცია, რომ საქართველოში ე.წ. პრორუსული განწყობა იმატებს და შემდეგ ეს ყველაფერი ხელისუფლების პოლიტიკურმა ოპონენტებმა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენონ და პოლიტიკური ორიენტირების შეცვლაში ბრალი მათ დასდონ.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამოკითხულთა შორის გამოკითხულებს იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ადამიანებს არ აქვთ ზუსტი დამოკიდებულება. შეიძლება ერთი პოზიცია გამოხატონ ისე, რომ შინაგანად სხვა პოზიცია ჰქონდეთ და რეალური ქმედება სხვა იყოს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს კითხვა უბრალოდ მანიპულირებისათვის არის მოცემული, რომ ხელისუფლებას პრორუსული განწყობების შექმნაში ბრალი დაედოს ან მისმა პოლიტკურმა ოპონენტებმა განსაკუთრებით ყოფილმა ხელისუფლებამ ეს ყველაფერი პირდაპირი ბრალდების სახით გამოიყენოს.

თაკო ესებუა (სპეციალურად საიტისთვის)