"მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2" გააუპატიურა და ასე გაიმარჯვა" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2" გააუპატიურა და ასე გაიმარჯვა"

"შესაძლოა მარგველაშვილმა, ვიღაცებს საარჩევნო სიაში ფიქრია ჩიხრაძის ჩასმა შესთავაზოს"

"ბიძინას მათი ყიდვა რომ ნდომებოდა, პირდაპირ ექვს დეპუტატს მოისყიდიდა, ვინმე მეტყვის, რომ საამისოდ ივანიშვილს ფული არ ეყოფოდა ან "ნაციონალები" არ იყიდებიან?"

"დაიქცევა ქვეყანა თუ ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის დირექტორი არ იქნება?!"

რა კავშირია "რუსთავი 2"-ში მიმდინარე პროცესსა და წინასაარჩევნოდ ხელისუფლების პოლიტიკურ სურვილებს შორის, დაინტერესდება თუ არა გამოძიება ნიკა გვარამიას საქმიანობით და რა ხდება საპარლამენტო კულუარებში, მიმდინარე პროცესებს "კვირის პალიტრასთან" "რესპუბლიკელების" ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აფასებს:

- ორი აზრი არ არსებობს, რომ "რუსთავი 2" ეთერში უნდა დარჩეს. მართალია, ჩემი კოლეგების ნაწილი ფიქრობს, რომ არაფერი დაშავდება თუ ტელეკომპანია ეთერში არ გავა, მაგრამ პირადად მე, მივიჩნევ, რომ ეს ქვეყნისთვის ცუდი პროცესი იქნება. რაც შეეხება სასამართლოს, სამართლებრივ პროცესებს ასპროცენტიან ნდობას ვუცხადებ, თანაც დღემდე ვერავინ ამიხსნა, თუ ნიკა გვარამია ტელევიზიის დირექტორი არ იქნება, ამით "რუსთავი 2"-ის ყოფნა-არყოფნის საკითხი რატომ გადაწყდება?!

- არ ფიქრობთ, რომ ტელევიზიაში ხელმძღვანელობის შეცვლით წინასაარჩევნოდ "რუსთავი 2"-ის საეთერო პოლიტიკა გადაწყდება და ქიბარ ხალვაშის მმართველობის ქვეშ ტელევიზიის მაუწყებლობა მმართველი გუნდისთვის ბევრად კომფორტული იქნება?

- მფლობელის ცვლილებამ ტელევიზია არ უნდა შეცვალოს. სხვა საკითხია, თუ დღეს "რუსთავი 2" "ნაციონალური" გავლენისგან გათავისუფლდება და ბევრად ობიექტური გახდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ვიმეორებ, ტელევიზია ეთერში უნდა დარჩეს. ქიბარ ხავლაშის დავასა და ხელისუფლებას შორის კავშირს კი, ნამდვილად ვერ ვხედავ. ანალოგიურ აზრებს ვისმენდი ევროსაბჭოშიც, როდესაც აგრამუნტიც ხელისუფლების სურვილებზე მიანიშნებდა, მაგრამ გამცეს ვინმემ პასუხი - რატომ უნდა დაიხუროს ტელევიზია და დაიქცევა ქვეყანა თუ ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის დირექტორი არ იქნება?! მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მინახავს - გათიშული ტელევიზია და ორსულ ჟურნალისტზე ფეხით შემდგარი გვარამიასნაირი ადამიანებიც, ნამდვილად არ დამეძინება, თუ "რუსთავი 2" ეთერიდან გაქრება.

- სახელისუფლო ზეწოლაზე არც ის მიანიშნებს, რომ ბოლო პერიოდში ნიკა გვარამიას საქმიანობის შესწავლაც ანონსდება?

- მართალია, ნიკა გვარამიას თავის თავზე დიდი წარმოადგენა აქვს, მაგრამ მას საკმაოდ კარგად ვიცნობ. გვარამია სწორედ ის ადამიანია, რომელიც განათლების მინისტრი იყო და მოგვიანებით ინგლისში განათლების მისაღებად თავად წავიდა. გვარამია არც იმას მოერიდა, რუსეთის აგენტად გამოვეცხადებინე. მიუხედავად ყველაფრისა, ნიკა გვარამია ნამდვილად არ გახლავთ იმ დონის კაცი, რომლის ბედითაც ვინმე დაინტერესდება. გვარამიამ ვინმე რომ გააუპატიუროს, ამის გამო "რუსთავი 2" უნდა დაიხუროს?!

- "რუსთავი 2"-ის წილებზე დავას პოლიტიკური განცხადებები მოყვა - ოპოზიციამ მასშტაბური აქციები დააანონსა და ვადამდელ არჩევნებსაც ითხოვს. მმართველ გუნდს პრეზიდენტმაც ტელევიზიის მისადგომებთან დამარცხებული ყოფილი ხელისუფლების წარმოამდგენლებიც შეახსენა...

- ვადამდელი არჩევნების მისაღწევად მინიმუმ ერთწლიანი მუშაობაა საჭირო, მომავალ წელს კი საპარლამენტო არჩევნები ისედაც უნდა ჩატარდეს. მგონი, ეს გიგა ბოკერიას წამოწყებაა და იქნებ ვინმემ გადასცეს - კარგი იქნება თუ უფრო სერიოზული საკითხებით დაკავდება. ვადამდელი არჩევნები მიუღწეველი მიზანია, სისულელეებზე კომენტარის გაკეთებას კი არ ვაპირებ. ერთი რამ ფაქტია - ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება! რაც შეეხება პრეზიდნეტის განცხადებებს, ისტორიულად შევარდნაძე "რუსთავი 2"-თან ბრძოლისას ნამდვილად დამარცხდა, მაგრამ სააკაშვილზე იგივეს ვერ ვიტყვი - მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2" გააუპატიურა და ასე გაიმარჯვა. ასე რომ, ვერ ვიტყვი, რომ მარგველაშვილი თანმიმდევრულ განცხადებებს აკეთებს. სააკაშვილმა აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური თოქ-შოუ დახურა, რევოლუციის "დედები", მათ შორის, ის ჟურნალისტიც, რომელმაც ტერმინი - "ვარდების რევოლუცია" მოიფიქრა, ჟურნალისტიკიდან საერთოდ გააქრო. ასე რომ, მეხსიერება ყველას აქვს - ზოგს მოკლე, ზოგს - გრძელი. ასე რომ, პრეზიდენტი ამ მაგალითით ვერავის შეაშინებს. სხვათა შორის, მეც ვინც ცუდად შემეხო, პროკურორიდან დაწყებული, "ჩამშვებებით" დამთავრებული, ყველამ ცუდად დაამთავრა, მაგრამ ეს ქვეყანას რაში აინტერესებს? კი ბატონო, პრეზიდენტის განცხადება საყურადღებოა, თუმცა - არასამრთლიანი.

- ანუ, ფიქრობთ, რომ მსგავსი განცხადებებით პრეზიდენტი საკუთარ პოლიტიკურ ნიშას ეძებს? ფიქრია ჩიხრაძის მრჩევლად დანიშვნამ, პრინციპში, დაადასტურა კიდეც, რომ გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიური მოთამაშე ხდება.

- საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ პროცესში ჩართული უნდა იყოს და გარკვეულ გავლენასაც ახდენდეს. ფიქრია ჩიხრაძის მრჩევლად დანიშვნა კი, მარგველაშვილის მეტ გახსნილობასა და ღიაობაზე მიანიშნებს. ქალბატონი ჩიხრაძე სწორედ აწონ-დაწონილი პოლიტიკითა და ოპონენტებთანაც კი დიალოგის სურვილით გამოირჩევა. არა მგონია, მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნებზე გავლენა მოახდინოს, ერთ წელიწადში ახალი პოლიტიკური ჯგუფის შექმნის ალბათობაც დაბალია. თანაც პრეზიდენტს კარგად ვიცნობ - მას ახალი პოლიტიკური პარტიის ლიდერად ნამდვილად ვერ ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ მის შესაძლებლობებზე მაღალი წარმოდგენა მაქვს, ის უფრო ინდივიდუალური მოთამაშეა, ვიდრე პოლიტიკური კოლექტივის შემქმნელი. ბუნებრივია, არსებობს პარტიები, რომლებთანაც შესაძლოა მარგველაშვილმა ითანამშრომლოს. შესაძლოა, ვიღაცებს საარჩევნო სიაში ფიქრია ჩიხრაძის ჩასმა შესთავაზოს და არ გამოვრიცხავ, ეს მართლაც ასე მოხდეს, მაგრამ სხვა მხრივ, ვიმეორებ, ჯერჯერობით, მარგველაშვილს პოლიტიკურ ლიდერად ვერ ვხედავ.

- ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებიც შეაფასეთ - რამდენად რეალურია პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნა და წინასაარჩევნო გადაჯგუფებები?

- თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობიდან" ოთხი ადამიანის წასვლა უკვე იმას ნიშნავდა, რომ მათ მინიმუმ ორი ნაციონალი აუცილებლად გაყვებოდა - მოგეხსენებათ, ფრაქციის შესაქმნელად მინიმუმ ექვსი დეპუტატია საჭირო. ფრაქციის გარეშე პოლიტიკოსობა რთულია, ფრაქცია ქვოტებს, დელეგაციებში ჩართვასა და ბოლოს და ბოლოს ფინანსურ დაინტერესებასაც ნიშნავს. დანამდვილებით ვიცი, რომ "ოხეულს" თავის რიგებში მეხუთე დეპუტატი უკვე ჰყავს, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" მალე დატოვებს, თუმცა ბუნებრივია, მის ვინაობას კონკრეტულად ჯერ ვერ დავასახელებ. თანაც, ოთხოვე გონიერი ადამიანია და ვფიქრობ, პარტიიდან წასვლამდეც ექნებოდათ გათვლილი ვის და როდის წაიყვანდნენ. მართალია, "ნაციონალური მოძრაობა" შეეცადა დანაკარგი არ შეემჩნია, მაგრამ ფაქტია, პარტია მაღალინტელექტუალურმა ჯგუფმა დატოვა რაც "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებებზე აისახა კიდეც.

- საპარლამენტო უმცირესობა "ნაციონალური მოძრაობიდან" დეპუტატების გადინებას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს. თქვენც ფიქრობთ, რომ ეს ძალა რეალურად "ქართული ოცნების" სატელიტი იქნება?

- მსგავსი არასერიოზული საუბრები "ნაციონალურ მოძრაობასაც" კი არ ეკადრება. ბიძინას მათი ყიდვა რომ ნდომებოდა, პირდაპირ ექვს დეპუტატს მოისყიდიდა, ვინმე მეტყვის, რომ საამისოდ ივანიშვილს ფული არ ეყოფოდა ან "ნაციონალები" არ იყიდებიან? ვფიქრობ, საარჩევნოდ ეს პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება და ჩემი აზრით, ეს ლოგიკურიცაა.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)